ბლოგი

12:44 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

წამსვლელი და მომსვლელი

-    გუშინ მთელი დღე გირეკავდი, მაგრამ ტელეფონი სულ გამორთული გქონდა. ვიფიქრე – ვნახავ, რამე ხომ არ სჭირს ამ კაცს – მეთქი. შენ კიდევ ამ დილაადრიან გამომთვრალხარ. მაინც სად მოასწარი?!

-    უსაქმურობამ ასე იცის. რაც გუნდიდან წამოვედი, მეტი რა საქმე მაქვს. ვისვენებ და ვუბრახუნებ ლუდს.

-    არ ვიცოდი ფეხბურთს თავი თუ დაანებე. სულ გარეკე შენ მგონი. რატომ წამოხვედი?

-    დავიღალე და ყელში ამომივიდა ყველაფერი.

-    მთლად უფულოდ იყავი და მაშინ არ გითქვამს დავიღალეო და ახლა რა მოგივიდა?...

-    კარგი ერთი თუ ჩემი ძმა ხარ. შენ არ იცი რა ცუდია, ყველა შენი მეგობარი როცა მიდის ფეხბურთიდან და სულ ახალ ხალხთან რჩები მარტო. ყველანი წავიდნენ. ძნელია ძმაო. ადვილი ნუ გგონია ეს ამბავი.

-    ყველა თუ წამოვიდა, რა გამოვა? აბა ეგ რა ლაპარაკია?! თან გამოცდილი ბიჭების წამოსვლა იქნება?!

-    მოდი დაჯექი და გეტყვი ყველაფერს. ამასობაში ჩემი ცოლიც ამოიტანს მაღაზიიდან გაყინულ ხინკლებს და ლუდიც მივცხოთ.

-    შენ მგონი მართლა გალოთდი. რა ხინკალი, რის ლუდი? ეს ამბავი იქნებოდა ახლა?...

-    დაიცა რა. შენც რა მამაჩემივით მელაპარაკები. ბოლო-ბოლო, მე უფრო არ ვიცი, იქ რა იყო და როგორ იყო?...

-    მაინც რა მოხდა ეგეთი, რომ დაჰკარი ფეხი და მოცოცხე გუნდიდან? იჩხუბებდი შენი მყრალი ხასიათის ამბავი რომ ვიცი...

-    რა ჩხუბი, რის ჩხუბი... ერთხელაც მივედი ვარჯიშზე, გავიხედ-გამოვიხედე და მივხვდი, რომ ვისთანაც ერთად დავიწყე თამაში, აღარავინ იყო გუნდში დარჩენილი. ჰოდა, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მანდ აღარ იყო. ახლა განა ცუდი ბიჭები არიან იქ? რას ამბობ... მაგათ ენაცვალოთ ჩემი თავი. მამაჩემისა და ჩემი ცოლის უფრო ნაკლებად მომერიდა ამ ამბის გამხელა, ვიდრე იმ ბიჭებთან, რომლებთან ერთადაც ხან რამდენიმე თვე გადაბმულად ვიცხოვრე. მაგრამ, რა ვიცი, თითქოს სულ ავიცრუე გული ყველაფერზე. ვის რაღაში ვჭირდებით თუ კაცი ხარ?

-    მწვრთნელმა არაფერი გითხრა?

-    როგორ არ მითხრა. ჭკუის სწავლებაც დამიწყო, გვღალატობო და ეგეთი რამე. მაგრამ, კონტრაქტი უკვე დამთავრებული მქონდა და ვერაფერსაც ვერ იზამდნენ.

-    აბა ახლა როგორ უნდა იცხოვრო? ცოლ-შვილს რჩენა ხომ უნდა?

-    მოვახერხებ რამეს...

-    მაინც რას გააკეთებ ძალიან მაინტერესებს. მთელი ქვეყანა უმუშევარია. რამე ხელობა მაინც იცოდე, წაგიყვანდი ჩვენთან.

-    ბიჭო, რა გადამიწურეთ ყველა იმედი შენ და მამაჩემმა. ორი ხელი მაქვს და ორი ფეხი ბოლოს და ბოლოს. გავაკაეთაბ რამეს. ისე ხომ არ დავრჩები...

-    რამე რომ იყოს, სიტყვაზე გეუბნები, ხვალ რომ მიხვიდე, აღგადგენენ შენს გუნდში?

-    გიჟი ხომ არა ხარ, რა სისულელეს მეუბნები ახლა... სირცხვილია ბიჭო. ყველა მე დამიწყებს დაცინვას.

-    სირცხვილი რაცაა, შენ ჩემზე კარგად იცი. მიდი, ჩაიცვი და წავიდეთ.

-    ახლავე კაცო, ამ წუთში?!

-    ჰო, რაკი მოვიფიქრეთ წავიდეთ ბარემ.

-    მე კი არა, შენ მოიფიქრე.

-    კაი, მე მოვიფიქრე. ადე, ჩაიცვი ახლა.

-    შენ რომ კაცს გადაეკიდები რა... თავი მომჭერი, მამაჩემის გამოგზავნილი თუ არ იყო.

-    მამაშენმა არა, ბარაკ ობამამ გამომაგზავნა. ნუ იგონებ რაღაც სისულელეებს.

-    ჩემს ცოლს მაინც დაველოდოთ, რომ ვუთხრა სადაც მივდივართ.

-    შენს ცოლს ტელეფონზე დავურეკოთ. დარწმუნებული იყავი, რომ ეს ამბავი მაგრად გაუხარდება.

-    კარგი ჰო. ხუთ წუთში გავემზადები. გიჟები ხართ ყველანი! 

 

 

0.119319