პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტარტი აიღო საერთაშორისო წრიულმა ტურნირმა ჭადრაკში, რომელსაც 10 მონაწილე ჰყავს, მათგან 2 კი ქართველია: სოფიკო გურამიშვილი (2431) და ნინო ბაციაშვილი (2419).
4 ტურის თავზე შეჯიბრს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და სასიხარულოა, რომ იგი ქართველი ბაციაშვილი გახლავთ. ნინოს აქტივში 3.5 ქულაა და იგი უახლოეს კონკურენტ მონიკა სოცკოს (პოლონეთი, 2444) 0.5 ქულით უსწრებს.
მე-3 ადგილზე კიდევ ერთი მასპინძელი მაიდან-გაიევსკაა (2384) 2.5 ქულით, შემდეგ კი 3 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის 2.0-2.0 ქულით, რომელთა შორის გურამიშვილიც გახლავთ. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, სოფიკო მე-5 პოზიციაზეა.
მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ. ბაციაშვილი პოლონელ შჩეპკოვსკა-ჰოროვსკას (2376) დაუპირისპირდება, ხოლო გურამიშვილი – ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2469).
ვროცლავის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 6 ოქტომბერს დასრულდება.