ფეხბურთი

11:15 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგი” დიეგოს გაყიდვას და დე ბრეინეს შეძენას გეგმავს

გერმანული “ვოლფსბურგი”, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო, ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის გეგმებს აწყობს.

Football Espana-ს ცნობით, იანვარში “მგლები” ბრაზილიელ ნახევარმცველ დიეგოს გასხვისებას გეგმავენ, რომელსაც არც თავად სურს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

28 წლის ბრაზილიელს “ვოლფსბურგთან” შეთანხმების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და გერმანელებს სურთ, რომ მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მიიღონ - უსასყიდლოდ არ დაკარგონ. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიეგოს დაბრუნება მადრიდის “ატლეტიკოს” სურდა.

რაც შეეხება შესაძლო შენაძენს, “ვოლფსბურგი” გაძლიერებას ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ნახევარმცველით, კევინ დე ბრეინეთი გეგმავს, რომელიც ვერ ახერხებს “არისტოკრატთა” შემადგენლობაში დამკვიდრებას.

22 წლის ფეხბურთელით ბრემენის “ვერდერიცაა” დაინტერესებული. სწორედ “ვერდერის” შემადგენლობაში გაატარა გასული სეზონი დე ბრეინემ და 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

“დე ბრეინესადმი ინტერესი ზაფხულშიც დავაფიქსირეთ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში და ჩვენ სიტუაციის შესწავლას განვაგრძობთ” - განაცხადა “ვოლფსბურგის” გენერალურმა მენეჯერმა კლაუს ალოფსმა.

0.11483