ბოლო დღეებში, მთელი გერმანული სპორტული პრესა გადაძეძგილია დიუსელდორფის ”ფორტუნასა” და ბერლინის ”ჰერტას“ მატჩის განმსჯელი გერმანელი მსაჯის - ვოლფგანგ შტარკის მოთქმა-წუწუნით. როგორც ამბობენ, ჰერ ვოლფგანგი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა გატყიპეს და სამწუხაროა, რომ მსაჯის მცემელთა შორის, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილიც მოიხსენიება. მსაჯის ცემა გერმანიაში უბრალო დანაშაულად არ ითვლება და რამდენიმე დღეში, დამნაშავე ფეხბურთელებს გერმანული ფეხბურთის დისციპლინარების გარდა, განაჩენს სამოქალაქო სასამართლოც გამოუტანს.
როგორც გერმანელი ჟურნალისტები ამბობენ, დიუსელდორფში გამართული ცემა-ტყეპა კრიმინალის ხასიათს ატარებდა და შესაძლებელია, ეს გაწევ-გამოწევა ფეხბურთელებს დიდხნიან დისკვალიფიკაციადაც კი დაუჯდეთ. იმედია, ქართველი ფეხბურთელის მიმართ გერმანელები შედარებით ლმობიერები თუნდაც იმიტომ იქნებიან, რომ ლევანი ბუნდესლიგაში რიგითი ფიგურა ნამდვილად არ არის. ცოტა ხნის წინათ, კობიაშვილმა ბუნდესლიგაში ლეგიონერების მიერ ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდი დაამყარა და დღეს, ბუნდესლიგის ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი უცხოელი სწორედ ლევანია (ბრაზილიელ ზე რობერტუსთან ერთად), რაც უბრალო ამბავი არ გახლავთ.
ამას გარდა, გერმანელ მოსამართლეებს ერთი, ჩემის აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორიც აქვთ გასათვალისწინებელი. ლევანი ჩხუბისთავი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა. იშვიათად გვახსენდება მის მიერ პროვოცირებული შეხლა-შემოხლა, რაც კობაიშვილის მდგრად ნერვებზე მეტყველებს. თან ლევანი ხომ მოხევეა! და როგორც მოხევეთა უმეტესობას, ტყუილად მუშტების ქნევა, სავარაუდოდ, არ უნდა სჩვეოდეს. მოხევე თუ იჩხუბებს, ამის მიზეზიც უნდა ჰქონდეს. ამას, ნაწილობრივ, ხუმრობით ვწერ და თუ ხუმრობაა, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სასურველი იქნება, თუკი ლევან კობიაშვილი გერმანიის სასამართლოს მისი თემის ხევისბერის წერილს წარუდგენს, სადაც ხევისბერი ფეხბურთელსა და დაზარალებულ მხარეს შორის შუამავლობას გასწევს და ფეხბურთელს, ჯარიმის სახით, ფულად კომპენსაციას კი არა, 80 ცხვარის, 40 ძროხისა და 5 კურატის მიყვანას დააკისრებენ.
ხევისბერის წერილი დაახლოებით ასეთი იქნება: “მთაჩი ამბავ მოგვივიდ, რომ ჩვენს ბალღ “ნემცის სუდია“ იბარებს. გეტყვით, რო ლევანი კარგ ბალღ არის და თუ რაიმე დანაშაული მიუძღვის, ღმერთია მოწამე, არც ბოდიში შეეშლების. მაკხევე ისე არ დაეცემის, რომ საქნელი ვერა ქნას და სათქმელი ვერა თქვას. შუღლის ჩამამგდები არც ჩვენ გვინდის და არც ჩვენ მოგვწონს. მთელი თემი ვართ თავდებად, რომ დღიეს ამას იქით, ჩვენ ბალღ კარგ მოიქცევის და არც ხანჯარს ამოიღებს ტყუილად. აპატით და ღმერთიმც დაგამწყალობებთ!”.
ამას გარდა, ხევისბერი და მთის უხუცესები დაადგენენ, რომ კობაიშვილმა შტარკების ოჯახს ორი წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ, 10-10 თავი მოხევური ძროხის ყველი უნდა უზიდოს. თუ ხევისბერის თხოვნა და სიტყვები არ გაჭრის, მაშინ მთელი თემი უნდა შეიყაროს და პირობა დადონ, რომ ლარსს აქეთ არც ერთ შტარკს აღარ გადმოუშვებენ, აღარასოდეს.
სანამ გერმანიაში მსაჯის ცემაში დადანაშაულებული ფეხბურთელების სასამართლო დაიწყება, საქართველოში ალბათ ბევრი ადამიანი შიშით ელის გერმანელთა განაჩენს. ყველას გვაქვს იმედი, რომ ”ბუნდესქვეყნის” სასამართლო ლმობიერებას გამოიჩენს და კობიაშვილის მიმართ მხოლოდ ფინანსური სანქციებით შემოიფარგლება თორემ, თუკი ღმერთმა ნუ ქნას და ქართველ ფეხბურთელს მართლა 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მისი საფეხბურთო კარიერის დასასრულიც იქნება, რაც არავის უნდა.
ეს არ უნდა უნდოდეს გერმანელ ქომაგებსაც, რომლებსაც კობიაშვილის არაერთი კარგი მატჩი ახსოვთ და მის მიერ მინიჭებული სიხარულიც არაერთი გერმანული კლუბის ქომაგს განუცდია. კობაიშვილმა ხომ თავისი საფეხბურთო ისტორია სწორედ გერმანიის მინდვრებზე დაწერა. ასეთი ისტორიის ერთი ხელის მოსმით წაშლა, ნამდვილად გულსატკენი იქნება ყველასათვის.
გუშინ, ბერლინის ”ჰერტას” ინტერნეტ-გვერდის თვალიერებისას, სიხარული ვერ დავმალე, როდესაც ბერლინელი ქომაგების მიერ დაწერილი არაერთი თბილი კომენტარი ვნახე. ”ჰერტას” გულშემატკივრები სრულ თანადგომას უცხადებენ დასჯისათვის გახაზირებულ ყველა ფეხბურთელს, თუმცა, განსაკუთრებით მაინც ლევან კობიაშვილზე სტკივათ გული.
მართლაც, იმედი ვიქონიოთ, რომ გერმანელები ამ შემთხვევაში ძალიან მკაცრი არ იქნებიან. იქნებიან და, დანარჩენი, მოხევე ხევისბერს ელაპარაკონ!
ლევან სეფისკვერაძე