ვლასი მაღალი ბიჭი იყო. ქერა, მუდამ მხიარული და სიტყვაუხვი. მოკლედ, ნამდვილი უკრაინელი. დედაც უკრაინელი ჰყავდა, მაგრამ აქ გაზრდილი და ქართული კულინარიის სიტკბოებაში ჩაფლული. ”ცამოდით ცემტან, დგეს ხაჩაფური აცხობს დედა”, – გვეტყოდა ხოლმე ბიჭებს და თუ მივიდოდით, ვიცოდით, რომ დეიდა ლენა მართლა გემრიელ რამე-რუმეებს დაგვახვედრებდა. ლიმონათსაც კი სახლში აკეთებდნენ და დღემდე მახსოვს მათთან დალეული ჟოლოს შინაურული ლიმონათის გემო. მხოლოდ ვლასი და ერთი სერბი ბიჭი იყვნენ ჩვენს გარშემო კიევის ”დინამოს“ გულშემატკივრები. რაღა დაგიმალოთ და პირველად კიევური გუნდის ამბები სწორედ მათგან გავიგე. ”ბლოხინი კველაზე მაგარი არი. მარადონას გაასცრო მაგან, იცი?” – გვეტყოდა ხოლმე ვლასი და მოჰყვებოდა ტყულ-მართალს ბლოხონის შესახებ. ძირითადად მამამისის მონაყოლს ალამაზებდა და ისე გვიამბობდა. ხანდახან კი ნაღდ ტყუილებსაც აცხობდა. მაგრამ ამას ისე ლამაზად და გულიანად აკეთებდა, ჩვენც ვიჯერებდით. მამამისი, ძია ანტონი, საერთოდ არ ჰგავდა შვილს. მაღალი ისიც იყო, მაგრამ იყო შავგვრემანი და შავულვაშა. რაღაც უცნაურ დაწესებულებაში მუშაობდა, სადაც სქემებსა და ნახაზებს აწყობდნენ. მის მაგიდაზე ერთთავად უცნაური ნახაზებით აჭრელებული დიდი ფურცლები ეწყო და იქ მიკარება ბავშვებს ყოველთვის გვეკრძალებოდა. მაგიდის უკან კედელზე კი საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ხელით შესავსები კალენდარი და ცხრილი ეკიდა. კალენდარი რუსულ ენაზე იყო შედგენილი და ბიჭები რის ვაივაგლახით ვკითხულობდით: ”მეტალისტ ხარკოვ”, ”დინამო ტბ”, ”დინამო კ”. კიევის ”დინამოს” გასწვრივ წითელი ხაზი იყო გასმული და რას ნიშნავდა ის წითელი ხაზი, დღემდე არ ვიცი. ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება უბრალოდ ადვილად რომ ეპოვნა, იმიტომ ჰქონდა ხაზი გასმული ძია ანტონს.
ერთხელ, ზამთარი იყო და ისე მოხდა, რომ გუნდაობისას ვლასის ქურთუკი ხელში შემომეხა. უკვე ის დრო იყო, ტანსაცმელს ეგრე ადვილად რომ ვერ იშოვნიდი და მივხვდით, რომ ცუდი რამ დაგვემართა. დავსხედით და ვდარდობთ. თან ყველაზე მეტად, ვლასის მშობლებისა გვერიდება. ბოლოს გადავწყვიტეთ, ვლასი რომ არ დაესაჯათ, მე უნდა მეთქვა (როგორც ქურთუკის უშუალო გამფუჭებელს) ლენა დეიდასათვის სიმართლე. ავედით მათ ოჯახში. სულ მუხლები მიცახცახებს მღელვარებისაგან. აბა, რომელ ბავშვს უხარია გაფუჭებული საქმის აღიარება? მღელვარება გამისამკეცდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ძია ანტონი რატომღაც ადრე დაბრუნებულიყო სახლში და ისიც ცოლთან ერთად დაგვიხვდა. არ ვიცი, საიდან მომაფიქრდა მაშინ გამოსავალი. გამახსენდა ვლასის მამის ფეხბურთის დიდი სიყვარულის ამბავი და მოვიტყუე, რომ თითქოს ვლასმა ქურთუკი ფეხბურთის თამაშის დროს დახია და ვთხოვეთ, არ დაესაჯათ ამისათვის. ”ამ თოვლშიც ფეხბურთი ითამაშეთ?” – გვკითხა ძია ანტონმა. ”აბა, ზამთარი სანამ გავა, რა უნდა გავაკეთოთ...” – აჰყვა ჩემს უცაბედად მოგონილ ტყუილს ვლასიც. ძია ანტონმა ერთხანს გაკვირვებულმა გვიცქირა, მერე მოვიდა და ყველას გადაგვისვა თავზე ხელი. სანამ მეორე ოთახში გავიდოდა, მოტრიალდა და: ”კარგი ბიჩები ხართ, შვილო. კიდევ ითამაშეთ ფეხბურთი. ”კურტკები” გაიხადეთ ხოლმე და ისე ითამაშეთ”, – გვითხრა და ლენა დეიდას ჩვენთვის ტკბილეულის ჩამორიგება უბრძანა.
უკვე ოცი წელია, რაც ვლასი და მისი ოჯახი უკრაინაში დაბრუნდნენ. ამ ოცი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაშიც და უკრაინაშიც უამრავი რამ მოხდა და იყო დრო, როდესაც ყოველი სიახლის გაგების გვეშინოდა. და ახლა, როდესაც უკრაინა-პოლონეთში ყველასათვის ასე ნანატრი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, დილით გავხსენი ინტერნეტის ერთ-ერთი სოცალური ქსელის ფანჯარა და ლათინური ასოებით ქართულ ენაზე აშკარად დიდი წვალებით შექმნილი წერილი დამხვდა. ამ წერილს ყოველგვარი შესწორებისა და სახეცვლილების გარეშე გაგიზიარებთ: ”rokor xar brat? Seisleba ara gaxsovar. vlasi var me adre ro vikavi isa. Mama mokvta. Seni xom kargad? ro gnaxe, sen ikavi, mivxvdi. Su sxvanairi ikavi adre. Msukana xar exla. Me kievsi var. cemi da moskovsi. Sventan futbolni cempionati ari. camodi, me aka viknebi. Momcere ra brat”. უკვე ალბათ მეასედ ვკითხულობ ამ წერილს და რა მივწერო, არც კი ვიცი. ალბათ დამეთანხმებით, რომ 20 წლის უნახავ ადამიანთან გასაგზავნ წერილში ყველაზე რთული პირველი წინადადების დაწერაა!
ლევან სეფისკვერაძე