... 1971 წლის საფეხბურთო სეზონის განმავლობაში თბილისის “დინამოში” თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობდა. გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ემშვიდობებოდა, რომელთა შორის ქართველ გულშემატკივართა რამდენიმე თაობის კერპი სლავა მეტრეველი იყო. დინამოელთა ქომაგები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო სლავას შეცვლა, რომელსაც ფიფას ნაკრებში ჰქონდა მატჩი ჩატარებული (მეტრეველის ყველა ტიტულსა და რეგალიას თავი რომ დავანებოთ). და აი, სლავას ფეხბურთიდან სევდანარევი “საზეიმო გაცილებაც” შედგა. იმხანად დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ვეტერან მოთამაშეს “თავისი” მაისური სიმბოლურად საქმის გამგრძელებლისთვის უნდა გადაეცა. მეტრეველსაც ბევრი არ უყოყმანია და საკუთარ “მემკვიდრედ” ვლადიმერ გუცაევი გამოაცხადა.
ვოვას “დინამოს” დუბლშემადგენლობასა და ძირითადში რამდენიმე შეხვედრა ჩატარებული კი ჰქონდა (უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ლვოვის “კარპატთან” ჩაატარა, პირველი გოლო კი ლენინგრადის “ზენიტს” გაუტანა) და გულშემატკივრები მის ნიჭიერებაზე საუბრობდნენ, მაგრამ პირველივე თამაშებში მისგან ასეთ მაღალოსტატურ გამოსვლას ცოტა ვინმე თუ ელოდა. გუცაევს საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში არათუ ადაპტირება დასჭირდა, სადებიუტო შეხვედრებიდანვე მოწინააღმდეგეთა მცველებისთვის ლამის ყველაზე მოუხელთებელ თავდამსხმელად იქცა. იშვიათი სასტარტო სისწრაფისა და თავბრუდამხვევი ფინტების წყალობით იგი “დინამოს” შეტევის მარჯვენა ფლანგზე ნებისმიერ უკანახაზელს აბითურებდა და მეტოქის საჯარიმო მოედნის შუაგულში საგოლე გადაცემებს უკეთებდა ცენტრფორვარდებს. სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს 1971 წლის შემოდგომაზე თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე გამართული შეხვედრა. ჩვენ დედაქალაქს მოსკოვის “სპარტაკი” ეწვია, რომლის უკანა მარცხენა ფლანგზე გამოცდილი მცველი, საკავშირო ნაკრების წევრობის კანდიდატი ოლშანსკი თამაშობდა. მისი და გუცაევის დაპირისპირება ასპარეზობის დაწყებისთანავე საცირკო წარმოდგენას დაემსგავსა. ვოვამ 90 წუთის განმავლობაში უთვალავჯერ გააბითურა მოსკოველი ვიზავი: ბურთს ხან ფეხებშუა უგორებდა, ხან თავს ზემოთ უგდებდა და კოორდინაციადაკარგული ოლშანსკი მინდორზე ითხლარშებოდა. რუსი უკანახაზელისთვის ის შეხვედრა საფეხბურთო კარიერის ბოლო მატჩი აღმოჩნდა – შერცხვენილმა მცველმა სპორტიდან წასვლა განიზრახა.
გუცაევის პირისპირ დარჩენისას უძლურნი იყვნენ კიევის “დინამოს”, მოსკოვის “სპარტაკის”, ერევნის “არარატის” და საკავშირო პირველობის მონაწილე უკლებლივ ყველა გუნდის მცველები, მაგრამ განსაკუთრებული საუბრის თემა მაინც მისი და მოსკოვის “დინამოს” უკანახაზელთა დაპირისპირებაა. ამ გუნდში ვლადიმერის განეიტრალება წლების განმავლობაში ალეკსანდრ მახოვიკოვსა და სერგეი ნიკულინს უწევდათ. პრაქტიკულად ყველა მატჩში გუცაევი მათ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა. აღნიშნული მცველებიმის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობდნენ. ორი “დინამოს” ერთ-ერთი შეხვედრისას ვოვამ მორიგი “საცირკო” წარმოდგენა უჩვენა მაყურებელს, მახოვიკოვმა კი მინდორი გამასხარავებულმა დატოვა. ამ მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ გუცაევს მისმა მეგობარმა ვალერი გაზაევმა მოუყვა: “სასტუმროს ნომრის კარზე ღამის 3 საათზე ვიღაცამ მომიკაკუნა. ლოგინიდან ბუზღუნით წამოვდექი და როდესაც კარი გავაღე, სახტად დავრჩი – არყის ბოთლით ხელში საშა მახოვიკოვი შემრჩა. იგი გვარიანად გამომთვრალიყო და სახეზე ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. მან შემომჩივლა, იქნებ შენ ძმაკაც გუცაევს სთხოვო, ნუ მამასხარავებსო”.
... თბილისის “დინამოს” ლამის 90 წლიანი ისტორიის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ტიტული მოუპოვებია და რაც მთავარია, უამრავი ისეთი მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებიც ფეხბურთის ჭეშმარიტ დამფასებელთა მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. თანაც, დინამოელთა დიდოსტატური, ეფექტური, კოლორიტული თამაში უცხოეთშიც მშვენივრად ახსოვთ. ამ მხრივ უდავოდ გამოსაყოფი 1981 წლის სექტემბერში მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუს თასზე” ქართველ ფეხბურთელთა გამოსვლა და ესპანეთის დედაქალაქში მთლიანობაში გუნდისა და მისი ცალკეული მოთამაშეების ბრწყინვალე ასპარეზობა გახლავთ. 31 წლის წინათ ჩატარებული ბატალიების დეტალურად გასაცნობად ვლადიმერ გუცაევის მონათხრობს გთავაზობთ.
მადრიდში ყოველწლიურად მეტად პრესტიჟული ოთხთა ტურნირი იმართება. 1981 წელს “რეალთან” ერთად შეჯიბრებაზე ჩვენ, ჩემპიონთა თასის მრავალგზის მფლობელი მიუნხენის “ბაიერნი” და ჰოლანდიის “ალკმაარი” მიიწვიეს. თბილისის “დინამო” ესპანეთის დედაქალაქს თასების თასის მფლობელის რანგში ეწვია და იქაურ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებში დიდი ავტორიტეტი გვქონდა. ასპარეზობის დაწყებამდე მრავალი კომპლიმენტიც მოვისმინეთ, თუმცა, ტურნირის ორგანიზატორებმა კალენდარი ისეთნაირად “დაგეგმეს”, რომ ფინალში ერთმანეთს “რეალი” და “ბაიერნი” უნდა შეხვედროდნენ. ნახევარფინალში მადრიდული გრანდი გვერგო. გადაჭედილი “სანტიაგო ბერნაბეულს” ტრიბუნების თვალწინთამაში თავიდანვე წაგვივიდა. ვალში არც მეტოქე დაგვრჩა და თვალწარმტაცი ორთაბრძოლა წარიმართა. ანგარიშში ჩვენ დავწინაურდით. მატჩის იმ მონაკვეთში “რეალი” გვიტევდა. ბურთი ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს, მარჯვენა ფლანგზე მივიღე. სათადარიგოთა სკამთან ახლოს ვიყავი და მწვრთნელებმა ნოდარ ახალკაცმა და სერგო კუტივაძემ დამიძახეს, ბურთიანად წინ წადიო. დრიბლინგით თითქმის მთელი მოედანი გადავსერე, გზად 5-6 მადრიდელი უკან ჩამოვიტოვე და “რეალის” მეკარე მიგელ ანხელთან პირისპირ აღმოვჩნდი. გოლკიპერის მოტყუებაც შევძელი, მაგრამ მან ფეხზე ხელი გამომდო და მსაჯმაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. თერთმეტმეტრიანის გოლად რეალიზება რამაზ შენგელიას არ გასჭირვებია და წინ გავედით. მეორე ტაიმის დასაწყისში არბიტრმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, ამჯერად მეტად საეჭვო და ჩვენ კარში. მადრიდელთა გერმანელმა ლეგიონერმა ული შტილიკემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალე კვლავ დავწინაურდით. მეორე გოლიც ჩემ სოლო რეიდს მოჰყვა. მარჯვენა ფრთაზე “რეალის” მცველები დავჩაგრე, მეტოქის საჯარიმოში შევიჭერი და კარში დავარტყი. მიგელ ანხელმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ რიკოშეტს პირველმა რამაზმა მიუსწრო – 2:1. ამის შემდეგ მოწინააღმდეგის, მსაჯისა და მაყურებლის მხრიდან ნამდვილ წნეხში აღმოვჩნდით. დათო ყიფიანს ანხელი პერსონალურად მეურვეობდა და მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კიაშკარად ბინძურად “ითამაშა” და ოპონენტს ფეხი მოტეხა. “რეალმა” ოფსაიდიდან გაგვიტანა, შემდეგ ნუკრი კაკილაშვილიც დაამტვრიეს. ერთი სიტყვით, მასპინძლებმა ყველა არასპორტული საშუალებით მოახერხეს ჩვენი დამარცხება (4:2). საფინალო სასტვენის შემდეგ მაყურებელმა გასახდელისკენ ტაშით გაგვაცილა.
საღამოს სასტუმროში მადრიდელი ჟურნალისტები მოვიდნენ და ჩემთან და რამაზთან ინტერვიუს აღება ითხოვეს. სამივე მათგანი შუაზნისანი იყვნენ და ეტყობოდათ, რომ მრავალი საფეხბურთო ბატალიის მომსწრენი იყვნენ. ერთმა მათგანმა პირდაპირ გვკითხა, დიეგო მარადონა “დინამოში” რომ გადმოვიდეს, ძირითადში ადგილს თუ დაიმკვიდრებსო. მე და შენგელიამ ერთმანეთს გადავხედეთ, შემდეგ იხტიბარი არ გავიტეხეთ და რეპორტიორს ვუპასუხეთ, ჩვენ დათო ყიფიანი გვყავს და მარადონამ მასთან კონკურენციას შეიძლება ვერც კი გაუძლოსო. მეორე ჟურნალისტმაცჩვენი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ბოლოს გვითხრა, მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვემსახურები და თბილისის “დინამოსნაირი” ტექნიკური, დაბალანსებული გუნდი აქამდე მხოლოდ ორჯერ მყავს მინდორზე ნანახი – 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები და კრუიფის დროინდელი “აიაქსიო”. პირველი 2 მათგანის მესამე კოლეგამაც აღფრთოვანება არ დამალა – თქვენნაირი შთამბეჭდავი თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს აქვს ნაჩვენებიო.
მესამე ადგილისთვის მატჩში “ბაიერნთან” მოგვიწია შებმა. ამ შეხვედრაში თავლნათლივ გამოჩნდა “დინამოს” ტექნიკური უოირატესობა. პირველი ბურთი პენალტით შევაგდეთ. თამაზ კოსტავამ აუტიდან მომაწოდა, ბურთი ქუსლით მცველებს თავზე გადავუგდე და საჯარიმოში შევიჭერი. გერმანელებმა მომცელეს და შენგელიას კვლავ არ გასჭირვებია პენალტის გატანა. მალე პაულ ბრაიტნერმა გაათანაბრა, თუმცა, საყაიმო ანგარიში ტაბლოს დიდხანს არ შერჩენია. კვლავ ჩემი გადაცემით რამაზმა მეორედ აიღო იუნგჰანსის კარი. აქ მიუნხენელებმა აშკარად დაინახეს, რომ შანსი არ ჰქონდათ და მსაჯთან პრეტენზიის გამოთქმა დაიწყეს. ერთ-ერთ ეპიზოდში გია თავაძისა და ბაიერნელის შეჯახების შემდეგ არბიტრმა ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ დანიშნა, რამაც მიუნხენელთა აღშფოთება (ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლო) გამოიწვია და გუნდის კაპიტანმა ბრაიტნერმა თანაგუნდელები მინდვრიდან გაიყვანა. მადრიდელმა გულშემატკივარმა “ბაიერნი” თეთრი ცხირსახოცების ფრიალით გააცილა, რაც კაპიტულაციის ნიშანია. დაახლოებით 20 წუთი მინდვრიდან ფეხი არ მოგვიცვლია, შემდეგ კი გასახდელში გავედით და უკვე შხაპი გვქონდა გადავლებული, როდესაც ნოდარ ახალკაცთან “ბაიერნის” ოფიციალური წარმომადგენელი მივიდა და თამაშის განახლება სთხოვა, ცხადია, ჩვენი დამრიგებელი ამას არ დასთანხმდა.
შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. რამაზ შენგელიას ტურნირის საუკეთესო მეგოლის ჯილდო გადასცეს და ჩემ გვარსაც მოვკარი ყური. თარჯიმანმა მითხრა, ლოჟასთან უნდა მიხვიდე და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს გადმოგცემენო.
ცოტა ხანში სასტუმროში დავბრუნდით და “რეალის” პრეზიდენტი, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, გვეწვია. დელეგაციამ ახალკაცსა და გუნდის უფროს კახი ასათიანთან საუბარი ითხოვეს. მალე მეცც მიხმეს. მთავარმა მწვრთნელმა მადრიდელთა პრეზიდენტს ჩემი თავი წარუდგინა და მითხრა, “რეალს” შენი ყიდვა სურს, გამზადებული კონტრაქტიც მოგვიტანეს, რომელშიც სატრანსფერო თანხის ოდენობა ჩვენი მოთხოვნით ჩაიწერებაო. იმხანად, უცხოეთში კარიერის გაგრძელება წარმოუდგენელი რამ გახლდათ და მეც “რეალის” პრეზიდენტს თავაზიანი უარი ვუთხარი – “დინამოში” კმაყოფილი ვარ და სხვაგან წასვლას არ ვაპირებდი. ამის შემდეგ მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ახალკაცს მიმართა, გუცაევი ორწლიანი იჯარით ჩვენთან გამოუშვით, ხელფასზე პირადად მასთან მოვილაპარაკებთ, სანაცვლოდ კი “დინამოში” ხუანიტოსა და სანტილიანას გამოვუშვებთო. ცხადია, ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა”.
... ფლანგური გარღვევის შემდეგ გუცაევის დროული და ზუსტი პასების შემდეგ არაერთხელ დაუმწუხრებიათ მეტოქეთა მეკარეები გივი ნოდიას, რამაზ შენგელიას, რევაზ ჩელებაძესა და “დინამოს” სხვა ცენტრფორვარდებს, თუმცა, გუნდის პრაქტიკულად ყველა პრინციპულ მატჩში ვოვა მინდორს უგოლოდ არ ტოვებდა. ამის საილუსტრაციოდ გონების დაძაბვა ნაღდად არ დაგვჭირდება. 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის “დინამომ” საკუთარ მდიდარ საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. თასების თასის მოპოვებისკენ მიმავალ გზაზე ჩვენებმა “ვესტ ჰემს”, “ფეიენოორდს” და “კარლ ცაისს” სძლიეს. ამ რთულად დასაძლევ ოპონენტთა კარებში გუცაევმა გოლების გატანა შეძლო. 1979 წლის შემოდგომაზე მან ასევე მოახერხა “ლივერპულისა” და “ჰამბურგის” მეკარეთა დამწუხრება. ხაზგასასმელია “დინამოს” მიერ 1976 წელს საკავშირო თასის მოპოვების საქმეში ვლადიმერის დამსახურებაც. ნახევარფინალში ახალკაცის გუნდი დონეცკს ეწვია, სადაც “მეშახტის დღეს” იქაურ “შახტიორს” დაუპირისპირდა. დინამოელებმა იმ შეხვედრაში უკრაინულ გუნდს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს. თამაში ჩვენებმა 2:0 მოიგეს, გოლები კი დავით ყიფიანმა და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. 2 სექტემბერს “ლუჟნიკში” ცატარებულ ფინალს რაც შეეხება, მეორე ტაიმში “არარატის” მცველებმა საჯარიმოში მეტეორივით შეჭრილი გუცაევის შეჩერება მხოლოდ სარმით შეძლეს, რასაც ფირუზ კანთელაძის რელიზებული პენალტი და 2:0 მოჰყვა.
ზემოთ გუცაევის წინააღმდეგ მეტოქეთა მცველების დაუფარავი უხეში თამაში ვახსენეთ. სწორედ ამის გამო “დინამოს” “ცხრიანს” სეზონის მსვლელობისას ბევრი მატჩის გამოტოვება უწევდა. ვოვას, მისი სათაყვანებელი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის დარად 36 წლამდე სურდა “დინამოს” მაისურის მორგება, თუმცა, ტრავმებმა ლამაზი საფეხბურთო კარიერა უფრო ადრე დაასრულებინა. მოსწრებით კი გუცაევმა იმდენი შეძლო, გადაუწარბებლად შეიძლება ითქვას, რამდენიმე მოთამაშეს ეყოფოდა. ვლადიმერ გუცაევმა 1981 წელს თასების თასი მოიგო, 1978-ში – საკავშირო ჩემპიონატი. ორჯერ დაეუფლა საბჭოთა კავშირის თასს (1976, 1979), 1977 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მკერდი ვერცხლის მედლით დაიმშვენა, ხოლო საკავშირო პირველობების “ბრინჯაო” გუცაევს ხუთჯერ (1971, 1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981) აქვს მოპოვებული. უმაღლეს ლიგაში ვოვამ 303 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლითმხოლოდ “დინამოს” 2 ლეგენდარულ კაპიტანს ავთანდილ ღოღობერიძესა (340) და მანუჩარ მაჩაიძეს (320) ჩამორჩება.
ყველაფერ ამას კი საფუძველი ავლადიმერ გუცაევის ადრეულ ბავშვობაში ჩაეყარა – 11 წლისა “ნორჩ დინამოელში” გრიგოლ გაგუასთან მივიდა და მეკარეობის ოცნებაც გაუმხილა. გამოცდილმა დამრიგებელმა ბიჭუნას წინ თამაში ურჩია და არც შემცდარა. ვოვა თანატოლებში აშკარად გამოირჩეოდა, საშუალო სასწავლებლის ბოლო 2 წელი ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში ვლადიმერ ელოშვილთან გაატარა, რომელმაც “დინამოს” მაშინდელ დამრიგებელს გივი ჩოხელს გუცაევის საქმეში ხილვა შესთავაზა. ჩოხელთან ერთადვლადიმერის თამასი ნიახ ძიაპშიპამაც ნახა და მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 17 წლის მარჯვენაფლაგელს დიღმის ბაზაზე მისვლა სთხოვეს. 1971 წელს გუნდში გავრიილ კაჩალინი მივიდა. იგი ახალგაზრდა ფეხბურთელებს აწინაურებდა და მათ შორის გუცაევიც მოხვდა...
... ვლადიმერ გუცაევს ნაყოფიერი სამწვრთნელო კარიერაც ჰქონდა. იგი საქართველოს ეროვნულ და 21 წლამდელთა ნაკრებებს ედგა სათავეში. ამ გუნდების ყველაზე დიდი წარმატება სწორედ გუცაევის სახელს უკავშირდება. 1997 წელს ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს ლამაზ სტილში 2:0 მოუგო. არადა, იმ მატჩში აპენინელთა რიგებში ბუფონი, ფიორე, ტაკინარდი, ლუკარელი, ლოკატელი გამოდიოდნენ. საქართველოს ეროვნულ გუნდს რაც შეეხება, გუნდმა 1998 წელს მალტის საერთაშორისო ტურნირი ალბანეთის (3:0), ლატვიის (2:0) და მალტის (3:1) ძლევის შემდეგ მოიგო.
უკვე 25 წელია ვლადიმერ გუცაევი სათამაშოდ არ გადის, მაგრამ დღესაც ნათლად გვახსოვს მოწინააღმდეგის კარისკენ გაჭრილი მარჯვენაფლანგელი, რომლის განეიტრალების რეცეპტს მცველებმა ვერა და ვერ მიაგნეს...
დღეს ვლადიმერ გუცაევს 60 წელი შეუსრულდა.
გოჩა კაჭარავა