საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის “ლეგიას” თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა ინტერნეტპორტალ polskatimes.pl-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს მხარს გულწრფელად უჭერს.
- კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?
- ზოგჯერ, ამის გამო, თავს არცთუ კარგად ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია. მორალურად ძლიერი უნდა იყო. კრიტიკოსებზე მინდორზე უნდა დაუმტკიცო, რას წარმოადგენ.
- ასეთ მკაცრ კრიტიკას იმსახურებთ? მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ კარიერაში საუკეთესო სეზონს არ ატარებთ.
- ზოგჯერ კრიტიკას დადებითი ეფექტი მოაქვს და უფრო მობილიზებული ხარ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემზე ძალიან დიდი ზეწოლაა.
- ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს “ლეგიას” ცუდი თამაში მხოლოდ თქვენი და ჰენრიკ ოიამას ბრალია.
- ამის შეფასება ასე არ შეიძლება. ჩვენ მესი არ გვყავს. ერთი მოთამაშე მატჩს ვერ მოიგებს. ჩვენ გუნდი ვართ და როგორც გამარჯვებას, ასევე, მარცხს თანაბრად ვინაწილებთ. შესაძლოა, სუსტად ნებისმიერმა გუნდმა ითამაშოს. თუმცა, ამაში ერთი ან ორი ფეხბურთელის დადანაშაულება უსამართლოა.
- “კოზაკევიჩის ჟესტი”, რომელიც “პიასტის” კარში გატანილი გოლის შემდეგ აჩვენეთ მასმედიისთვის იყო განკუთვნილი?
- არა, არა, არა. ეს სპონტანურად გავაკეთე. არავის მისამართით მიმართული არ იყო. ჟურნალისტებისთვის და გულშემატკივრებისთვის რაიმეს თქმა თუ მინდა, პირდაპირ ვეტყვი.
- შემოდგომაზე სამ დღეში ერთხელ თამაშობდით და გეტყობოდათ, რომ დასვენება გჭირდებოდათ. თუმცა, გუნდში ჯანმრთელი თავდამსხმელი არ იყო, რომელიც შეგცვლიდათ. გაზაფხულზე ჯერჯერობით ბევრი შანსი არ გაქვთ...
- როდესაც არ თამაშობ, ვერაფერს აკეთებ. ასეთ სიტუაციაში პირველად მოვხვდი. რა თქმა უნდა, შემოდგომაზე საუკეთესო სიტუაციაში არ ვიყავი. ვინმე რომ ყოფილიყო, ვინც გუნდს დაეხმარებოდა, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა. უფრო ცუდი მდგომარეობა ბოლო 8 თამაშში მქონდა. მირჩევნია დაღლილმა ვითამაშო, ვიდრე სკამზე ვიჯდე.
- “ლეგიაში” ჩატარებულ 52 მატჩში 21 გოლი გაიტანეთ. არ თვლით, რომ უფრო მეტ შანსს იმსახურებთ?
- მწვრთნელმა იცის რა შემიძლია. ახლა ის უპირატესობას”რადოსა” და დუდას ანიჭებს. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. საკუტარ შანსს დაველოდები და როდესაც მივიღებ, შევეცდები დავამტკიცო, რომ ნდობას ვიმსახურებ.
- ეს რთული იქნება, რადგან რადოვიჩი და დუდა საუცხოოდ თამაშობენ, საგანოვსკი გამოჯანმრთელდა და ორლანდოსაც ცუდად არ გამოიყურება.
- ეს კარგად მესმის, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. კონკურენცია მაღალია და თამაში ყველას სურს. ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ მოვხვდი. წითელი ბარათი უსამართლოდ მომცეს და ამის შემდეგ, თამაში მხოლოდ შეცვლებზე მიწევდა. შემდეგ ავად ვიყავი. თუმცა, მიმაჩნია, რომ თავის წარმოსაჩენად კიდევ ერთი შანსი მექნება.
- ამ სეზონში ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა და უფრო მეტ მატჩს ატარებთ. გატარებულ რეფორმაზე რას ფიქრობთ?
- ეს ძალიან ცუდი იდეაა. ჰაიფას “მაკაბიში” რომ ვთამაშობდი, ანალოგიური სისტემა დანერგეს. მთელი სეზონის განმავლობაში კონკურენტს 6 ქულით ვჯობდით. ქულების გაყოფის შემდეგ, ერთი თამაში წავაგეთ და ტიტული დავკარგეთ. ჩვენი გულშემატკივრები განრისხებულნი იყვნენ. მომდევნო სეზონში ისევ ძველ სისტემას დაუბრუნდნენ. თუ ბევრი მატჩების ჩატარება სურთ, იყოს მეორე ეტაპი, მაგრამ ქულების გაყოფის გარეშე. ესპანეთში ან გერმანიაში ამას რატომ არ აკეთებენ? იმიტომ რომ აზრი არ აქვს.
- მიუხედავად იმისა, რომ ქულების გაყოფის შემდეგ, “ლეხს” 5 ქულით სჯობთ?
- ამდენი ქულის დაკლება ბევრია.
- შესაძლოა, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან სეზონში ბოლო თამაშს “ლეხთან” ატარებთ?
- ჩემი აზრით, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდება.
- ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში წინსვლის რეალური შანსი გაქვთ?
- შემოდგომაზე დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში გამოგვადგება.
- შემოდგომაზე რატომ არ გამოგივიდათ?
- ჩვენ “სტიაუას” ვეთამაშებოდით და ზოგიერთი ამ მატჩებს ისე შეხვდა, თითქოს “ბაიერნს” ვუპირისპირდებოდით. მეტოქეს პატივი უნდა სცე, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეს. “ლეგია” ძლიერი გუნდია და რუმინელების დამარცხება შეგვეძლო. ალბათ, პრობლემა ფსიქოლოგიაში იყო.
- “მაკაბის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გითამაშიათ. იმ მატჩებს როგორ გაიხსენებთ?
- ეს საუკეთესო რამაა, რაც ფეხბურთელის კარიერაში შეიძლება მოხდეს. საუცხოო ატმოსფერო, მოჭარბებული ემოცია და მაღალი დონის მეტოქეები. იქ მართლაც ნამდვილი ფეხბურთია.
- აქამდე, ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც ლიდერი გუნდის მთავარი მწვრთნელი შეუცვლიათ?
- ეს ჩვენთვის შოკი იყო. თუმცა, კლუბის პრეზიდენტმა ასე გადაწყვიტა და ჩვენც ეს ფაქტი უნდა გაგვეთვალიწინებინა. პროფესიონელები ვართ და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ.
- ჰენინგ ბერგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რა შეიცვალა?
- სხვა ტაქტიკით ვთამაშობთ. მწვრთნელი ტაქტიკურ საკითხებს დიდ დროს უთმობს. გუნდში საუცხოო ატმოსფეროა. ბერგი კარგი ადამიანი და მწვრთნელია.
- კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი გაკავშირებთ. შემდეგ რა იქნება?
- სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ. მომდევნო სეზონში ბევრ მატჩს ჩავატარებთ და შანსი ყველას ექნება. ვნახოთ, რა მოხდება.
- ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკში ხართ. არ გიფიქრიათ, რომ ძალა უფრო ძლიერ ლიგაში მოგესინჯათ?
- შანსი რომ მომეცეს, რატომაც არა? წინსვლა ნებისმიერ ფეხბურთელს სურს და მაგალითად, პრემიერლიგაში თამაში, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ. თუმცა, ძალიან მომწონს იტალიური ფეხბურთი და სერია A-ში თამაშზე ვოცნებობ.
- ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და პოლონეთს ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვთ?
- გერმანია ჯგუფის აშკარა ფავორიტია. ჩემი აზრით, პოლონეთს, საქართველოს, ირლანდიასა და შოტლანდიას თანაბარი შანსი აქვთ.
- საქართველოს ამჟამინდელ ნაკრებში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები აღარ არიან, როგორიც შოთა არველაძე და კახი კალაძე იყვნენ.
- ჩვენ კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. შემიძლია შეგპირდეთ, რომ საკუთარ მოედანზე ნებისმიერითვის სახიფათო მეტოქე ვიქნებით.
- 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა თბილისში პოლონეთი 3:0 დაამარცხა და ერთი გოლი ამჟამინდელმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაიტანა. ეს თამაში გახსოვთ?
- არ მინახავს. თუმცა, შედეგი ჩემთვის ცნობილია.
- იცით სერიალი “ოთხი ტანკისტი და ერთი ძაღლი”? ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული იყო. ერთ-ერთი გმირი ქართველი გრიგოლ სააკაშვილი გახლდათ.
- მსგავსი არაფერი მინახავს.
- ომის თემა უცხო არაა საქართველოსთვის, სადაც 2008 წელს რუსეთი შეიჭრა. ახლა მსგავს სცენებს ყირიმში ვხედავთ.
- ეს ყველაფერი პოლიტიკაა. ბინძური პოლიტიკა. არ მჯერა, რომ დღესდღეობით ასეთი რამ ხდება. ომი, ხალხის სიკვდილი - საშინელებაა. უკრაინას მხარს გულწრფელად ვუჭერ. რუსეთში ცუდი ხალხი არ ცხოვრობს, მაგრამ ქვეყანას საშინელი პოლიტიკოსები მართავენ.
- საქართველოში რუსები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შევიდნენ, რომელთა “გათავისუფლებაც” გადაწყვიტეს.
- დიახ, ეს ჩვენი ტერიტორიები იყო და ახლა “ნეიტრალურად” ითვლება. როდესაც ქართველებს იქ არ უშვებენ. რუსებს დიდი არმია ჰყავთ და მას იყენებენ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა, მაგრამ რუსებს არ უნდა, რომ ასე მოხდეს.
- თქვენი აზრით, ამ ვითარებში გამოსავალი რაა?
- ომში ჩვენ მათ ვერ ვაჯობებთ. უკვე საკმარისად იყო სროლა და ბევრი ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, მაგრამ სისხლისღვრის გარეშე. ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. თუმცა, თუ საჭირო იქნება, თითოეული ქართველი თავისი ქვეყნისთვის ბოლომდე იბრძოლებს.