“ვლადიკავკაზის “ალანიას” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება კლუბის, როგორც იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის და რუსეთის ჩემპიონატიდან მოხსნის შესახებ,” – აი, ასეთ განცხადებას ავრცელებენ ვლადიკავკაზელები. მოგეხსენებათ, გუნდი რუსეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიოდა და ცხრილში მეორე ადგილზე იყო, რომელიც გაისად მას პრემიერლიგაში თამაშის უფლებას მისცემდა, მაგრამ უფინანსობამ, უფრო სწორად, არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.
“ალანიას” პრობლემების შესახებ ჩვენი რუსი კოლეგები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. გაკოტრების მიზეზად ოფიციალურად სპონსორის - “რუსგიდროს” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობის არასწორი მუშაობის ბრალია. ხშირად ასახელებენ რაღაც კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრების შემთხვევებს, რომელმაც საბოლოოდ კლუბი კატასტროფამდე მიიყვანა.
არაოფიციალური მონაცემებით, კლუბის ვალი დაახლოებით 1 მილიარდ რუბლს შეადგენს, თითქმის ყველა ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და გუნდი დატოვა. ვინც დარჩა, მათ “ალანია D”- ში გადაიყვანენ, რომელიც ახლა შეიქმნება და მეორე ლიგაში ითამაშებს. “ვფიქრობ, კარგი გუნდი ჩამოყალიბდება, რომელსაც გამჭვირვალე ბიუჯეტი ექნება და მასში ადგილობრივი ფეხბურთელები ითამაშებენ,” - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის პრემიერმინისტრმა სერგეი ტაკოევმა.
ფეხბურთელები ამბობენ, რომ ხელფასები მაისის შემდეგ აღარ მიუღიათ და გრძნობდნენ, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა.
გუშინ ტაკოევმა თქვა, რომ კლუბის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს, ვალერი გაზაევს ამიერიდან გუნდთან საერთო აღარაფერი ექნება. შესაძლოა, მან კლუბის აკადემიის შექმნაზე ან ქალაქში ახალი სტადიონის პროექტზე იმუშავოსო.
ოფიციალურად “ალანიას” ლიკვიდაციის შესახებ 11 თებერვალს გამოცხადდა. გაზაევი ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებდა გუნდის გადასარჩენად, მაგრამ გარემოებებმა ყველაფერი შეცვალაო.
შეგახსენებთ, გაზაევი “ალანიას” 90-იან წლებშიც წვრთნიდა და 1995 წელს რუსეთის ჩემპიონიც გახადა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ვლადიკავკაზურ გუნდში უამრავ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია.