ჯერ ძნელი სათქმელია, გაიმარჯვებს თუ არა თბილისის კანდიდატურა 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლის დასასახელებელ დასკვნით არჩევნებში, მაგრამ დღევანდელი დღე რომ ამის შანსს ოდნავ მაინც გაზრდის, აშკარაა. საქართველოს დედაქალაქს ერთდღიანი ვიზიტით სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ვლადე დივაცი ესტუმრა. ლეგენდარული კალათბურთელი ქართული სტუმარმასპინძლობით და რაც მთავარია, ნანახი სპორტული ობიექტებით კმაყოფილი დარჩა და მასპინძლებს მხარდაჭერა პირდაპირ აღუთქვა. 27 ნოემბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 39-ე კონგრესს სწორედ სერბეთი უმასპინძლებს. 50-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი ბელგრადში, კენჭისყრით გადაწყვეტს, სად გაიმართება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, თბილისში თუ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში.
ვლადე დივაცი თბილისს გამთენიისას ესტუმრა და მთელი დღე საქმიან შეხვედრებსა და დარბაზების თუ სპორტული კომპლექსების მონახულებაში გაილია. მჭიდროდ შედგენილი დღის განრიგი მცხეთის დათვალიერებით დაიწყო. შემდეგ სტუმარ-დამხვდურები დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მივიდნენ და ცოტა ხნით საქართველოს ნაკრების ვარჯიშს მიადევნეს თვალი. ძიუდოისტებმა ლეგენდარულ კალათბურთელს ზურგზე გვარ-სახელ წაწერილი ყველაზე დიდი ზომის კიმონო აჩუქეს, მაგრამ 216-სანტიმეტრიანი დივაცისთვის მაინც მოკლე აღმოჩნდა.
ძიუდოს აკადემიამოვლილი სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ჯერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო, შემდეგ თბილისის მერმა გიგი უგულავამ, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და ბოლოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა. ამ ვიზიტების მერე კი მასპინძლებმა სტუმარს “ოლიმპიკის” საწყლოსნო კომპლექსი, სპორტის სასახლე და ეროვნული სტადიონიც დაათვალიერებინეს.
“აშკარად ჩანს, თუ როგორი კმაყოფილია ნანახით ჩვენი სტუმარი. პირდაპირ ამბობს, რომ მოხიბლულია და იმედია, სერბეთის დელეგაცია დასკვნით არჩევნებში მხარს თბილისს დაუჭერს. მართალია სერბეთს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ კონგრესი ბელგრადში უნდა ჩატარდეს. მასპინძელი ქვეყნის პოზიცია კი სავსებით შესაძლოა, სხვებისთვისაც მისაბაძი გახდეს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.
დაბოლოს თავად ვლადე დივაცის კომენტარიც:
“სულ რამდენიმე საათია, რაც თბილისში ვარ, მაგრამ უკვე ენით აუწერელი დადებითი ემოციები დამიგროვდა. ძალიან ლამაზი ქალაქია, სპორტული კომპლექსებითაც მოხიბლული დავრჩი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალნათლივ დავინახე, როგორი მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან. სერბეთში დაბრუნებისთანავე საქართველოს დედაქალაქს კარგ რეკომენდაციას გავუწევ. ამ ემოციებს ყველას გავუზიარებ და გქონდეთ ჩემი თანადგომის იმედი. გმადლობთ ამ ლამაზი დღისთვის და წარმატებებს გისურვებთ”.
ოთარ მაღლაკელიძე







