ლოზანაში (შვეიცარია) ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) რიგგარეშე გენერალური ასამბლეა გაიმართა.
ცნობილია, რომ ახლახან შეიცვალა ANOC-ის ხელმძღვანელობა. ამ ოლიმპიურ ინსტიტუტს მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა მარიო ვასკეს რანია. გასული წლიდან კი მას სათავეში ჩაუდგა შეიხ აჰმად ფაჰად ალ-საბახი (ქუვეითი). საგანგებო ასაბლეაზე მიიღეს ANOC-ის ახალი წესდება, მოხდა ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინის პრეზენტაცია – მეხიკოდან ის გადმოტანილი იქნა ლოზანაში.
გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 201 ქვეყნის ეოკ-ი. დელეგატებს შორის იყო 40-ზე მეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, 25 საერთაშორისო სპორტული ფედერაციების პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელები.
მათ შორის იმ სამი ფედერაციის (ჭიდაობა, ბეისბოლი, სკვოში) წარმომადგენლობითი დელეგაციები, რომელთა სპორტის სახეობებს ოლიმპიურ პროგრამაში შეტანის საკითხი სექტემბერში ბუენოს-აირესის სოკ-ის სესიაზე გადაწყდება. ბუნებრივია. ისინი აქტიურად მუშაობენ სოკ-ის წევრებთან არგენტინის დედაქალაქში მათ სასარგებლოდ ხმის მიცემის მიზნით.
საქართველოდან ANOC-ის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა სეოკ-ის დელეგაცია ლერი ხაბელოვის, ემზარ ზენაიშვილისა და რუსუდან აფციაურის შემადგენლობით. ლოზანაში ყოფნის პერიოდში სეოკ-ის ხელმძღვანელობას ჰქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა სოკ-ისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მესვეურებთან.
დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, სოკ-ის პრეზიდენტს რეზიდენციაში შეხვედრა არცერთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციასთან არ ჰქონია. გამონაკლისი მხოლოდ საქართველოს ეოკ-თან მიმართებაში გაკეთდა. ხანმოკლე შეხვედრის დროს დოქტორმა ჟაკ როგემ თქვა:
“მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შატო დე ვიდზე. სიამოვნებით ვიხსენებ საქართველოში ჩემს ოთხ ვიზიტს. მოხიბლული ვარ თქვენი ისტორიით, კულტურით, სპორტული მიღწევებით. საუცხოო სტუმართმოყვარეობა იცით და უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ. გთხოვთ ქართველ სპორტსმენებსა და ოლიმპიელებს გადასცეთ ჩემი კეთილი სურვილები.
დღესაც დიდი გულისტკივილით ვიხსენებ ვანკუვერის ტრაგიკულ დღეებს. საქართველოს ეოკ-ის ბოლოდროინდელი აქტივობითა და ერთობლივი ძალისხმევით, ნოდარის სახსოვრად ბაკურიანში საციგაო ტრასის ასაგებად საქმეები ფინიშის სწორზე გადის. თქვენ გადმოგეცემათ მემორანდუმის პროექტი. როგორც კი ამ სამმხრივ დოკუმენტს ქართული მხარე ხელს მოაწერს, კონკრეტული სამუშაოებიც დაიწყება. ვწუხვარ, რომ ეს პროექტი ჩემი პრეზიდენტობის დროს ვერ დასრულდება, მაგრამ მთავარია – მის მშენებლობას ხელი უკვე აღარ შეეშლება".
საპასუხო სიტყვაში ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ჟაკ როგს იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელსაც იგი ჯერ ევროპული კონტინენტური ასოციაციის, ხოლო შემდეგ კი სოკ-ის პრეზიდენტობის დროს უწევდა საქართველოს. “ვაფასებთ თქვენს თანადგომას ჩვენი დელეგაციისთვის მძიმე დღეებში პეკინში. საქართველოს ახსოვს თქვენი ცრემლები ვანკუვერში. გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ თქვენ გადმოგეცემათ საქართველოს ეოკ-ის უმაღლესი ჯილდო – ღირსების ოლიმპიური ორდენი. და კიდევ ერთი. გთხოვთ გვესტუმროთ საქართველოში, კერძოდ ბაკურიანში – ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის გახსნაზე.
შეხვედრას ესწრებოდა სოკ-ის ადმინისტრაციის უფროსი ქრისტოფერ კეპერი, ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორი პერე მირო და მისი მოადგილე პამელა ვაიპონდი.
გენერალურმა ასაბლეამ მოისმინა შესაბამისი სტრუქტურების პირველ პირთა ინფორმაციები, იმის შესახებ თუ როგორ ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის: სოჭი (ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014), ნანჯინგი (ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, 2014),
აგრეთვე, წარმოდგენილ იქნა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების მასპინძლობაზე კანდიდატი ქალაქების – სტამბოლის, ტოკიოსა და მადრიდის საორგანიზაციო კომიტეტების პრეზენტაციები.
რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეთანხმდა სეოკ-ის დელეგაციის ბრაზილიაში სტუმრობის საკითხი. ეს გაცნობითი ხასიათის ვიზიტი მომავალ
ლერი ხაბელოვს საქმიანი შეხვედრები ჰქონდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტთან პატრიკ ჰიკთან, აღმასკომის წევრებთან, EOYF-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარესთან გვიდო დე ბონდთან, თბილისი 2015-ის სადამკვირვებლო კომისიის თავმჯდომარესთან ჟოზეფ ლიბასთან.
გამოითქვა კმაყოფილება, რომ ოლიმპიური სოფლის მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და თუ ის დროულად და პროექტის მიხედვით დასრულდება – მაშინ ფესტივალების ისტორიაში თბილისში საუკეთესო ოლიმპიური სოფელი იქნება.
ამასთან ერთად გამოითქვა რეკომენდაციები და სურვილები, როგორც ინფრასტრუქტურის საკითხებთან მიმართებაში, ისე, განსაკუთრებით, ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოწყობის, აპარატის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტების აუცილებლობაზე, 2013 წლის ივლისში ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ახალგაზრდულ ფესტივალზე დამკვირვებელთა მეშვეობით გამოცდილების ეფექტურად გამოყენებაში, განსაკუთრებით სპორტის სახეობათა მიხედვით.
გამოითქვა რწმენა, რომ EOC-ის სადამკვირვებლო კომისიის ვიზიტის დროს თბილისში (სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისი) მიღწეულ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი ფესტივალისთვის მზადების საქმეში და თბილისი-2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი ღირსეულად წარსდგება ნოემბერში რომში გასამართ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე ფესტივალისათვის მზადების პრეზენტაცია-ანგარიშით.
შედგა სეოკ-ის ხელმძღვანელობის შეხვედრა ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორთან პერე მიროსთან და მის მოადგილესთან პამელა ვაიპონდთან. საუბარი იყო ოლიმპიური პროგრამების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების საკითხებზე.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ნენად ლალოვიჩის მიწვევით, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სტუმრად იყო FILA-ს შტაბ-ბინაში.
ლალოვიჩმა სეოკ-ის პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენა იმ მუშაობის შესახებ, რომელსაც FILA-ს ახალი ხელმძღვანელობამ გამართა და მართავს სოკ-ის წევრებთან რამდენიმე თქვეში ბუენოს-აირესში გასამართ სოკ-ის სესიის წინ, ჭიდაობის ოლიმპიურ პროგრამაში ყოფნა-არყოფნის მოულოდნელად წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.
FILA-ს პრეზიდენტმა, ისევე როგორც სოკ-ის რამდენიმე წევრმა, რომლებთანაც იყო შეხვედრები ლოზანაში, დაარწმუნა სეოკ-ის ხელმძღვანელობა, რომ არგენტინის დედაქალაქში გასამართ სოკ-ის სესიას ოპტიმისტური განწყობით ხვდებიან.
“საქართველოს ეოკ-ი ერთ-ერთი პირველი დაგვიდგა გვერდში. მე კარგად ვიცი თუ რა ადგილი უკავია ჭიდაობას ქართულ სპორტულ სივრცეში. საყოველთაოდაა ცნობილი თქვენი მოჭიდავეების ფანტასტიკური მიღწევები. ყველაფერი კეთდება, რომ ბუენოს-აირესში სასურველი შედეგი მივიღოთ. წესებიც შეიცვალა, კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას ვიწყებთ. ალბათ გარკვეულ დათმობებზე წასვლაც მოგვიწევს. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ” – განაცხადა FILA-ს პრეზიდენტმა.
www.geonoc.org.ge