არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედივიზიონი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო: შინ 3:1 სძლია "ჰერაკლესს" და ეს ერთადერთი ბურთიც ბოლო წუთზე გაუშვა. გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურიაც სასტარტოში იყვნენ. მხოლოდ ყაზაიშვილი შეცვალეს, ისიც 77-ე წუთზე. ვაკომ საგოლე პასი გააკეთა: მარკუს პედერსენს გაუწია ასისტენტობა.
ჭანტურია ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე, კარგი გარღვევებით გამოირჩეოდა და მწვავე პასებიც საკმაოდ გააკეთა.
იტალიაში "ემპოლიმ" ამხანაგური მატჩი გამართა "სასუოლოსთან" და 3:3 დაასრულა. ლევან მჭედლიძემ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, ირაკლი შეყილაძე კი 73-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. ქართველებს გოლი, ან საგოლე პასი არ მიუთვლიათ.
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში სამარის "კრილიამ" სტუმრად 0:0 ითამაშა "ამკართან". ალექსანდრე ამისულაშვილმა და გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს. ამისულაშვილს 36-ე წუთზე ცოტაღა დააკლდა გოლის გატანამდე - ხარიხას მოარტყა ბურთი... "კრილიას" მოგება ჯერ არ აქვს: 2 ქულას მოუყარა თავი.