ამერიკელი პროფესიონალი მოკრივის, ფრეს ოკენდოს მენეჯერმა ტომ ცატასმა ინტერნეტ-სააგენტო Boxingscene-ს განუცხადა, WBC-ის (მსოფლიო კრივის კავშირი) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ სატიტულო ბრძოლისთვის არჩევანი სწორედ ოკენდოზე უნდა შეაჩეროსო. ცატასის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც რუსმა ნიკოლაი ვალუევმა კლიჩკოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი მეტოქის ძებნას შეუდგა და უკვე 3 სავარაუდო მოწინააღმდეგეც შეარჩია. მათ შორის ფრეს ოკენდოცაა.
“ვიტალი კლიჩკომ საბოლოო არჩევანი ჩემს კლიენტს, კუბელ ოდლანიერ სოლისსა და ამერიკელ ჯეიმს ტოუნის შორის უნდა გააკეთოს. სოლისის კანდიდატურა ჩემი აზრით პირველ რიგშია გამოსარიცხი, რადგან პროფესიულ რინგზე მხოლოდ 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ოკენდოსა და ტოუნის შორის კი უფრო ღირსეული კანდიდატი ოკენდოა. მართალია 2008 წლის დეკემბერში, ამ მძიმეწონოსნების ურთიერთშეხვედრაში ტოუნის გამარჯვება დაფიქსირდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მაშინ მსაჯებმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. იმედია, ამას კლიჩკოც გაითვალისწინებს. ჩემი კლიენტი მსოფლიოს ჩემპიონს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე ბოლო მეტოქეებმა – სემუელ პიტერმა, ხუან კარლოს გომესმა, კრის არეოლამ და კევინ ჯონსონმა შეუქმნეს” – განაცხადა ტომ ცატასმა.
36 წლის ფრეს ოკენდომ პროფესიულ რინგზე სულ 37 შეხვედრა ჩაატარა. 32-ჯერ იმარჯვა და 5-ჯერ დამარცხდა. ბოლოჯერ ამერიკელი რინგზე ერთი თვის წინ ავიდა და ამერიკელი დემეტრის კინგი დაამარცხა.
კლიჩკოსა და ვალუევის ბრძოლა 29 მაისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მხარეები საორგანიზაციო დეტალებზე ვერ მორიგდნენ. რუსი მოკრივის პრომოუთერს უკრაინელის წარმომადგენელთაგან შეთავაზებული ჰონორარი ეცოტავა და მოლაპარაკება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ოთარ მაღლაკელიძე







