სხვა

16:22 | 16.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი კლიჩკო: ჰეი ან ვალუევი

“თუ WBA-ის (მსოფლიო კრივის ასოციაცია) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ დავიდ ჰეისთან სატიტულო ბრძოლის თაობაზე ვერ შევთანხმდები, მაშინ რა გაეწყობა, მომავალ შეხვედრას რუს ნიკოლაი ვალუევთან ჩავატარებ” – უთხრა ინტერნეტ-გამოცემა fightnews-ს უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ.
უფროსმა კლიჩკომ კრივის მოყვარულებს ერთხელაც შეახსენა, მე და ჩემს ძმას ყველა პრესტიჟული ორგანიზაციის საჩემპიონო ქამრის შეგროვება გვსურს და კოლექციას ერთადერთი ქამარი აკლია, რომელიც ჯერჯერობით დავიდ ჰეის უპყრია ხელთო. ვიტალი WBC-ის (მსოფლიო კრივის კავშირი) ვერსიითაა მსოფლიოს ჩემპიონი, ვლადიმერი - IBF-ისა (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) და WBO-ის (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ვერსიებით.
უკრაინულ-ბრიტანული მხარეები მოლაპარაკების წამოწყებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჰეისა და კლიჩკოების დაპირისპირება ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ დაიგეგმა და საქმე რინგამდე ერთხელაც არ მივიდა, სპეციალისტები ცოტა სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ვიტალი კლიჩკოსა და ნიკოლაი ვალუევის ბრძოლას უფრო რეალურად მიიჩნევენ. გერმანულმა “ბილდმა” ამ შეხვედრის ჩატარების სავარაუდო თარიღიც კი გააჟღერა – 2010 წლის აპრილი-მაისი.
დავიდ ჰეიმ WBA-ის საჩემპიონო ქამარი 7 ნოემბერს, სწორედ ვალუევს წაჰგვარა და მაშინვე უკრაინელ ძმებთან შერკინების სურვილი გამოთქვა. ძველი არშემდგარი შეხვედრების მიზეზად კი ტრავმა და უკრაინული მხარისგან შეთავაზებული არასერიოზული ფინანსური პირობები დაასახელა.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092936