სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:23 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელია – კაცი, რომელმაც ხალხი ეზოებსა და ქუჩებში გამოიყვანა

 

არაფერი უხდება ფეხბურთს ისე, როგორც ლამაზი გოლი. ჩვენს მეხსიერებაში დიდხანს შემორჩება დიეგო მარადონას ინგლისთან გატანილი, უეინ რუნის მაკრატელა “სიტისთან”, რონალდოს სლალომი “სალამანკასთან”, ლეო მესისა “ხეტაფესთან” და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ არსებობს ერთი გოლი, რომელიც სამუდამოდ წარუშლელი იქნება ქართველი გულშემატკივრისთვის. რა მიხვედრა უნდა, მისი ავტორი ვიტალი დარასელია იყო 1981 წლის 13 მაისს.

დღეს, ვიტალი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ტოტალიზატორმა “ლიდერბეთმა” ლამაზი შეხვედრა მოაწყო თავის ოფისში, სადაც შეიკრიბნენ ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები (ჯაბა დვალი და ომარ მიგინეიშვილი) და ვეტერანი ფეხბურთელი, დარასელიას თანაგუნდელი ვახტანგ ქორიძე. ეკრანზე კი აჩვენებდნენ დაუვიწყარ გოლს და ვიტალის კიდევ სხვა გატანილებს.

დღეს, ვიტალი დარასელიას ოფიციალური დაბადების დღეა და “ლიდერბეთი” აპირებს, ტრადიციად აქციოს გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელებისთვის ასეთი საღამოების მიძღვნა.

ცნობილი კომენტატორი ბიძინა ბარათაშვილი უძღვებოდა ამ საღამოს: “საფუძველი ეყრება მართლაც კარგ პროექტს. დღეს არავის სცალია ასეთი სპორტსმენების გასახსენებლად, არადა, მათ მსოფლიოს გააცნეს საქართველო. ჩვენ ბევრი დიდებული სპორტსმენი გვყოლია, მაგრამ თუ ვინმეზე იტყვი, საზოგადოება ეზოებსა და ქუჩებში გამოიყვანაო, ეს ვიტალი დარასელია გახლდათ. თითქოს სიმბოლურია: თბილისის “დინამოს”, 1981 წლის შემდეგ ერთი საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული, 2004 წელს თანამეგობრობის თასი მოიგო და იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც ვიტალი დარასელია გახდა. მისი შვილი”.

ბონდო კაკუბავა (ვიტალი დარასელიას აღმზრდელი, მისი პირველი მწვრთნელი): “დიდი მადლობა, რომ გამიხსენეთ. ვიტალის 9-დან 16 წლამდე ვავარჯიშებდი. ბევრი ფეხბურთელის ინტერვიუ წამიკითავს, სადაც ისინი ამბობენ, რომ, ან მამამ გაზარდა ფეხბურთელად, ან დედამ, ან ბაბუამ, თუმცა მწვრთნელს არ ახსენებენ. ვიტალი სხვაგვარი იყო, ის მუდამ მადლიერი იყო ჩემი. მახსოვს, “დინამოში” პირველად “ფახთაქორის” წინააღმდეგ, ტრავმირებული ვოვა გუცაევის ნაცვლად ათამაშეს და მარჯვენა ფლანგზე დააყენეს. არ უყვარდა მარჯვნივ, მაგრამ ეს “დინამო” იყო და ასეთ შანსს აძლევდნენ. ღმერთმა ქნას, რაც ვიტალიმ ვერ შესძლო, აი, ამ პატარამ, მისმა შვილიშვილმა მოახერხოს”.

გია გორგოძე (ჟურნალ “ათიანის” რედაქტორი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): “ერთ-ერმა ცნობილმა უცხოელმა ჟურნალისტმა დაწერა, “ლივერპული” ასეთი ვარსკვლავებით დაკომპლექებული გუნდია, მაგრამ მისი არცერთი ფეხბურთელი, ამდენი მცველის მოტყუებაზე არ წავიდოდა, როგორც ეს ვიტალი დარასელიამ გააკეთაო. ყველამ ვიცით, რა ტიტულები აქვს აღებული დიდიე დეშამს, ან კრისტიან კარემბუს. ისინი ვიტალის ნახევარი დონის ფეხბურთელებიც არ ყოფილან. სამწუხაროდ, ბევრი რამ არ დასცალდა. როდესაც დავით ყიფიანი წავიდა “დინამოდან”, ლიდერის ტვირთი ვიტალის უნდა დასწოლოდა, მის გარშემო უნდა აწყობილიყო გუნდი. დიდწილად, “დინამოს” ჩავარდნა დარასელიას გარდაცვალების გამო დაიწყო”.

ჯამლეთ ხუხაშვილმა, თენგიზ პაჭკორიამ, გიგა გვენცაძემ და დემიკო ლოლაძემაც გაიხსენეს საინტერესო ისტორიები ვიტალის ცხოვრებიდან. დემიკო ლოლაძემ ვიტალი დარასელიას მეუღლეს, ქალბატონ მარინას ნახატი აჩუქა, შემდეგ კი მასვე გადასცეს “ქართული სპორტის ლიდერების” მაისურა 6 ნომრით, რომელზეც ვიტალი დარასელიას სახელი იყო დაწერილი.

ვიტალის მეუღლემ გაიხსენა, როგორ გაიცნო ვიტალი. ისინი თანაკლასელები იყვნენ ოჩამჩირეში.

“რადგან ფეხბურთზე დადიოდა, სკოლას ხშირად აცდენდა და ცუდად სწავლობდა. სახლში როცა ჩემმა მშობლებმა გაიგეს, რომ ერთმანეთი მოგვწონდა, მითხრეს, ოროსანიაო. ვიტალი ვაიძულე, რომ სწავლა დაეწყო და იმდენად გონებამახვილი იყო, რომ მკვეთრად დაიწყო გამოსწორება. დარწმუნებული ვარ, სხვა სფეროს რომ გაჰყოლოდა, იქაც წარმატებული იქნებოდა. შემდეგ გავიგე, რომ “დინამოში” მიჰყავდათ. მალე ჩემი დაბადების დღე მოდიოდა, ვიტალი თბილისში იყო, ერთი დღით დაეთხოვა მწვრთნელს და მოახერხა ჩამოსვლა და მოლოცვა”.

ვახტანგ ქორიძე: “ჩვენ ერთად მივედით “დინამოში” და ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მიხეილ იაკუშინი იყო მწვრთნელი და მახსოვს, როგორც კი შეხედა ვიტალის, მაშინვე თქვა, დიდ ფეხბურთს ითამაშებსო”.

ლამაზი შეხვედრა იყო, კიდევ ბევრი რამ მოიგონეს ფეხბურთელზე, რომელიც მთელი საქართველოსთვის მხოლოდ ფეხბურთელი კი არა, გაცილებით მეტი იყო.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.128355