"ვიტ ჯორჯიას" ბოლო ტურებში ცუდად წაუვიდა საქმე და შინ "ზუგდიდს" თუ ვერ მოუგებდა, სიტუაცია დაუმძიმდებოდა. "ზუგდიდი" კი ამ ტურამდეც აუტსაიდერი იყო და ისევ ბოლოზე დარჩა. საბოლოოდ, ზურაბ ბერიძის გუნდმა მაინც გატეხა სტუმართა წინააღმდეგობა და 1:0 იმარჯვა.
ზუგდიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, როგორც იცით, გიორგი დარასელიაა, თუმცა კონკრეტულად ამ შეხვედრაში გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ოთარ თუთბერიძე თავკაცობდა, დარასელია კი მოედნის გარედან კარნახობდა ფეხბურთელებს. მოკლედ, დარასელიას ოფიციალური დებიუტი მომდევნო ტურში შედგება.
"ვიტ ჯორჯია" პირველ ნახევარში ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას და რამდენიმე მწვავე ეპიზოდიც შექმნა: ნიკა სიჭინავას ორჯერ აუღო ზურაბ მამალაძემ, ელგუჯა ლობჯანიძემ უხერხული პოზიციიდან მეკარეს გადააცილა ბურთი, თუმცა მცველებმა თითქმის კარის ხაზთან განმუხტეს სიტუაცია და კუთხურზე გადააგდეს ბურთი. თავის მხრივ, ზუგდიდელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი აკაკი ფარჯიკიამ შექმნა, როცა მახვილი კუთხიდან ურტყამდა და მეკარე ნიკა დაუშვილმა იმარჯვა.
30-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ, დრიბლინგის შემდეგ, მეკარესთან თითქმის პირისპირ დატოვა მარცხენა მცველი ნოდარ იაშვილი, თუმცა მან სუსტად და შუაში დაარტყა და მეკარე ზურაბ მამალაძემ იმარჯვა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვიტელთა მეკარე ნიკა დაუშვილმა გამოავლინა მშვენიერი რეაქცია: გიორგი ბულიას ახლოდან დარტყმულ თავურს გაუმკლავდა. ამის შემდეგ ტემპი თითქოს არ დავარდნილა, მაგრამ მომენტები კარგა ხანს აღარ იქმნებოდა. მხოლოდ 73-ე წუთზე, ზუგდიდელები გადარჩნენ, როცა არეულობის შემდეგ ნიკა მაისურაძემ ცაციით ძელს მოარტყა ბურთი. მალევე, ზუგდიდელ მცველ გიორგი პაჭკორიას აუცდა თავური.
ბოლო წუთებში უფრო გამოიკვეთა "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობა, ხოლო ზუგდიდელებს ეტყობოდათ, რომ ფრეზეც ყაბულს იქნებოდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს: გიორგი კორიფაძემ მარცხნიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ტანმაღალმა ფორვარდმა ლევან კუხალეიშვილმა თავურით გაიტანა – 1:0.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ძალიან გააქტიურდა "ზუგდიდი" და გიორგი ხუბუას უძლიერესი დარტყმული ოდნავ ასცდა კარს. ზუგდიდელებს ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა აქვთ აღებული.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)
24 ნოემბერი. 14:00. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 70 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, გეთიაშვილი, ადამაძე, კასრაძე, იაშვილი, დავლაშელიძე, ნიკა მაისურაძე, კორიფაძე (ღიბრაძე 90+2), ჯანელიძე, სიჭინავა (პავლიაშვილი 73), ლობჯანიძე (კუხალეიშვილი 64)
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
ზუგდიდი: მამალაძე, კანკია, აფაქიძე, მირცხულავა, ონიანი, პაჭკორია, ტყემელაძე (ეხვაია 46), გიორგი ხუბუა, ფარჯიკია. შოთა ლომია, ბულია (კობერიძე 82).
მწვრთნელი: ოთარ თუთბერიძე
გოლი: 1:0 კუხალეიშვილი (90)
მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი