ჩოგბურთი

21:31 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია აზარენკამ კრისტინა მაკჰეილი მშრალზე დატოვა

მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე მეოთხედფინალურ ეტაპს უწია. გათამაშების მეორე წრეში, მან მშრალი ანგარიშით, 6:0, 6:0 გაანადგურა 20 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კრისტინა მაკჰეილი.

შეხვედრა სულ რაღაც 68 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, აზარენკამ ექვსჯერ შეძლო მაკჰეილის დაბრეიკება და თავისმხრივ, საკუთარ ჩაწოდებაზე ორივე ბრეკპიონტი წარმატებით მოიგერია. ვიქტორიას ანგარიშზე, 2 ეისის წილ, 2 ორმაგი შეცდომაც გახლდათ. ახალგაზრდა ამერიკელმაც ანალოგიური რაოდენობის ეისები შეასრულა, თუმცა 5 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

დღევანდელი წარმატების შემდეგ, ბელარუსმა ჩოგბურთელმა, ამერიკელთან დაპირისპირების პირად ისტორიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ტურნირის შემდეგ წრეში, ვიქტორიას, სარა ერანისა და დანიელა ხანტუჩოვას შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება.

 

გიორგი ბარბაქაძე


0.124085