პოლონეთთან ჩინებულ სტილში მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ვიქტორ სანიკიძე გახლდათ. ქართველმა ფორვარდმა 23 ქულა ხომ ჩააგდო და თან ყველა კომპონენტში აქტიური გახლდათ – ჩვეული “სლემდანქებიც” შეასრულა, 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და არც გულშემატკივრების აყოლიება ავიწყდებოდა. მოკლედ, “ვიკა” ჩვეულად გულიანად და ეფექტურად გაისარჯა.
გასული თამაშის კომენტირებისას, სხვათა მსგავსად სანიკიძემ აქცენტი პირველ ტაიმზე გააკეთა, რომელშიც პოლონეთის ნაკრებმა მხოლოდ 22 ქულა ჩააგდო. “დაცვაში მართლაც კარგად ვითამაშეთ. ეს განსაკუთრებით პირველ ნახევარზე ითქმის, რომელშიც პოლონელთა ანგარიშზე 22 ქულა გახლდათ. ვიცოდით, რომ მეტოქეს გორტატის და ლამპეს სახით ძალიან საშიში წყვილი ჰყავდა, ასე რომ, მათ გასანეიტრალებლად განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ჩვენმა მეტოქემ ბევრი ბურთი ააცილა, თუმცა, ასეც ხდება ხოლმე. შეიძლება, მათთვის ცუდი დღე იყო, შეიძლება, ჩვენ გაგვიმართლა, თუმცა, მთავარი საბოლოო შედეგია”.
პოლონეთთან გამარჯვება უმნიშვნელოვანესი გახლდათ, თუმცა, არანაკლები დატვირთვა ექნება დღევანდელ მატჩსაც, რომელშიც სანიკიძე და მისი თანაგუნდელები ხორვატებს გაეჯიბრებიან. ეს ქართველ ფორვარდსაც კარგაც აქვს გათავისებული. “ევროპის ჩემპიონატზე 1 მატჩის მოგება არაფერს ნიშნავს. წინ კიდევ 4 თამაშია და თუკი ჯგუფიდან გასვლა გვსურს, არცერთის “ჩაგდების” უფლება არ გვაქვს. ხორვატებთან ძალიან მძიმე მატჩი იქნება. კარგია, რომ პოლონეთთან შეხვედრის ბოლოს ცოტა დასვენების უფლება მოგვეცა და გარკვეულწილად, ძალებიც დავზოგეთ”.
www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma