საერთო აზრით, ესპანურ “სარაგოსაში” გადასვლის შემდეგ, ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ჩინებულად გამოიყურება და გულშემატკივარს იმ ძველ მოთამაშეს ახსენებს, რომელსაც ევროპაში “ეარ ჯორჯიაც” კი შეარქვეს. სანიკიძის გარჯა უყურადღებოდ არც ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდს დარჩენია და მას ვრცელი სტატია უძღვნა.
“ქართველ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს ევროპის ხუთ ქვეყანაში უთამაშია და ერთი წელი აშშ-შიც აქვს გატარებული. საინტერესოა, მომავალში როდესაც იგი კარიერას დაასრულებს, სად აპირებს ცხოვრების გაგრძელებას? ამ კითხვაზე სანიკიძეს სწრაფი პასუხი აქვს.
“რასაკვირველია, საქართველოში. ამას დიდი ფიქრი არ სჭირდება. თბილისში დავბრუნდები, სადაც ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მართალია, ჯერ დაოჯახებული არ ვარ, თუმცა, შემიძლია, გარანტირებულად გითხრათ, რომ ჩემს მშობლიურ მხარეს დავუბრუნდები”.
გულშემატკივართა სასიხარულოდ, ის დრო, როდესაც ვიქტორი კალათბურთის თამაშს თავს დაანებებს, საკმაოდ შორს გახლავთ, მანამდე კი ქართველი კალათბურთელის წინ არაერთი გამოწვევაა.
მათგან ერთ-ერთი უპირველესი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იქნება, რომელიც აგვისტოში ჩატარდება, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი ჯგუფში ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად ითამაშებს.
“წილისყრას დიდი ინტერესით ველოდებოდით და მოხარულნი ვართ, რადგანაც საკმაოდ კარგ ჯგუფში მოვხვდით, საიდანაც გასვლის ჩინებული შანსი გვაქვს. ვფიქრობ, ფავორიტები ვართ, რადგანაც იმ გუნდებს შორის, რომლებიც წილისყრაში იღებდნენ მონაწილეობას, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესონი ვიყავით. ამგვარად, დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტზე ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ”.
ცხადია, საქართველოსთვის უმთავრესი ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი იქნება, რომელთანაც გასული ევრობასკეტზე მწარე მარცხი (79:95) განიცადა. ეს, ჩეხებისთვის ბოლო წლებში მოპოვებული ერთ-ერთი სასახელო გამარჯვება გახლდათ, სანიკიძეს და მის თანაგუნდელებს კი აღნიშნულმა წაგებამ ევროპის ჩემპიონატის მე-2 რაუნდში გასვლის იმედი გადაუწურა.
“დიახ, ჩეხეთი მთავარი მოწინააღმდეგე იქნება. მათ სლოვენიაში მოგვიგეს და ეს მწარედ გვახსოვს. 10 აგვისტოს, მათ შესარჩევი ციკლის პირველივე მატჩში შინ ვეთამაშებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ჩვენ რევანშისთვის ვემზადებით”.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი ელიტარულ გუნდებს შორის დამკვიდრება გახლდათ და ამისთვის, გუნდმა დიდი გზა განვლო. ქართველებმა ხომ მათთვის სადებიუტო ევრობასკეტზე 2011
ახლა, კი სხვა სიტუაციაა. სანიკიძეს შესარჩევი ციკლის დაძლევაში ეჭვი არ ეპარება და უკვე იმაზე ფიქრობს, რისი მიღწევა შეუძლია ნაკრებს უშუალოდ ფინალურ ეტაპზე, სადაც გუნდთან ერთად კაპიტანი ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელიაც უნდა იყვნენ.
“გასულ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმების გამო ძალიან დავიჩაგრეთ. იმედი მაქვს, რომ ახლა ყველა მწყობრში იქნება და თამაშს მოახერხებს. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და ფაჩულიასთან და შენგელიასთან საუბრისას ერთ რამეზე ვთანხმდებით – წარმატების დიდი შანსი გვაქვს.
ცხადია, ეს იოლი არ იქნება, თუმცა, თუკი სრული შემადგენლობით ვითამაშებთ, საკმაოდ ძლიერი გუნდი ვიქნებით, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევაც შეეძლება. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ და კარგი შედეგები არ დაახანებს”.
სხვა საქმეა, რომ ქართველ კალათბურთელებს წარმატებისთვის ბრძოლა ახალ მწვრთნელთან ერთად მოუწევთ. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებთან ერთად აღარ იმუშავებს სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი, რომელმაც გუნდი მიჯრით ორ ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
“ეს საკითხი ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ნამდვილად არ ვიცი, ახალი მწვრთნელი ვინ იქნება, ამდენად, ამ თემაზე საუბარი მიჭირს. ერთიცაა, ნაკრებში მოთამაშეების ძირითადი ჯგუფი ექვსი-შვიდი წელია ერთად მოვდივართ. ერთმანეთის ფაქტობრივად უსიტყვოდ გვესმის, რამაც ახალ დამრიგებელს მუშაობა საგრძნობლად უნდა გაუადვილოს.
ამასთან, მინდა იგორ კოკოკოშვის წვლილიც აღვნიშნო. მან ნაკრები ზედიზედ ორ ევრობასკეტზე გაიყვანა და ქართველი ხალხი მის მიერ გაწეული სამუშაოს გამო, მადლიერი უნდა იყოს”.
მიმდინარე სეზონში, იტალიურ გუნდებში – “მონტესკიში” და “ვირტუსში” გატარებული წლების შემდეგ, სანიკიძე ესპანურ ლიგას დაუბრუნდა. 2006
“ეს ნამდვილად ახალი გამოწვევა გახლდათ. ნამდვილად, არ მეგონა სათასო მატჩები ასეთი ემოციების მომტანი თუ იქნებოდა. იტალიაში ასე არ ყოფილა. განსაკუთრებით ის გამიხარდა, რომ “სარაგოსამ” ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ჩვენგან ამას არავინ ელოდა”.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ვიქტორის კლუბმა ტურნირის მასპინძელ მალაგას “უნიკახას” 79:74 სძლია და იმ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. სარაგოსელთა სამწუხაროდ, ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გუნდმა ვეღარაფერი გააწყო.
“რეალის” წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. მადრიდელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, რომელიც დიდებული კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ასე რომ, მარცხი გასაკვირი არ ყოფილა”, - აღნიშნა ვიქტორმა.
საერთო აზრით, ქართველი კალათბურთელი, რომელსაც აპრილში 28 წელი უსრულდება, კარიერის პიკზე იმყოფება. ათლეტურ კალათბურთელს ორივე ფორვარდის პოზიციაზე თამაში შეუძლია, ძლიერია მოხსნებში და დაფარებებში, აგრეთვე ფარქვეშ შესვლა და შორი დისტანციიდან შეტევაც ძალუძს.
“ვერ გეტყვით, საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები თუ არა. უბრალოდ, ვდილობ გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გავიღო. ვნახოთ, თუკი “სარაგოსა” წარმატებას მიაღწევს, ესე იგი მეც კარგად მითამაშია. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სეზონის ბოლოს შემეძლება”.
სანიკიძე არც 24 წლის თანამემამულე გიორგი შერმადინის გარჯას ივიწყებს, რომელიც “სარაგოსაში” მისი თანაგუნდელია და ესპანური კლუბისთვის ასევე დიდი სარგებელი მოაქვს.
“ის მართლაც ჩინებულად გამოიყურება და დიდ სამუშაოს ასრულებს. გიორგი ნამდვილად საჭირო ადგილას იმყოფება, რადგანაც გასულ წლებში საკმაო სათამაშო დრო არ ჰქონია. “სარაგოსაში” იგი მოედანზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს, რაც მის შედეგიანობაზეც შესაბამისად აისახება. დაწრმუნებული ვარ, შერმადინს დიდი მომავალი აქვს”.