ფეხბურთი

15:41 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ვინ ხარ ასეთი? რას წარმოადგენ?"

დენისოვთან დაკავშირებით ყენიაც ახსენეს


 

რუსეთის ნაკრების კაპიტანმა იგორ დენისოვმა მოკლე პერიოდში ორი სხვადასხვა გუნდიდან წასვლა მოასწრო. ორივე სკანდალურად. ჯერ იყო, "ზენიტში" ვერა და ვერ დაალაგა სიტუაცია ჰალკთან - გუნდში ტანკივით ბრაზილიელის მოსვლის დღიდან, მას ზემოდან უყურებდა, ამ ზაფხულს კი გადავიდა "ანჟიში" და ახლა იქაც იჩხუბა ლეგიონერებთან.

როგორც გაირკვა, დენისოვი ვარჯიშზე წაჩხუბებია მწვრთნელ მელენსტენს, მერე გამშველებელ სამუელ ეტოოს, მუბარაქ ბუსუფასა და ლასანა დიარასაც. სხვათა შორის, დენისოვმა გაუგებარი მიზეზით გამოტოვა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი. მაშინ გუს ჰიდინკს პასუხიც კი არ გასცა, თუ რატომ არ მოისურვა ნაკრებში თამაში. შემდეგ გაირკვა: წინასწარ გაფართოებულ სიაში მისი გვარი არ იყო და ჰიდინკმა მოგვიანებით გადაწყვიტა მისი ნაკრებში გამოძახება, როცა ფეხბურთელმა უეფას თასის ფინალში გოლი გაუტანა "გლაზგო რეინჯერსს". მოკლედ, დენისოვი გაიბუტა, მანამდე რატომ არ ვიყავი სიაშიო.

2010 წელს დენისოვმა "სპარტაკის" მწვრთნელი ვალერი კარპინი გალანძღა. ეს "ზენიტ"-”სპარტაკის" მატჩის დასრულებისთანავე. არც კარპინმა დააკლო, მაგრამ ინციდენტი ფეხბურთელის დაწყებული იყო...

კარპინი დენისოვის გინებამ წონასწორობიდან გამოიყვანა და უყვირა: "ვინ ხარ ასეთი? რას წარმოადგენ?"

შარშან დენისოვმა სამარის "კრილია სოვეტოვთან" თამაშზე უარი თქვა. დემონსტრაციულად, შეხვედრის დაწყების წინ გამოუცხადა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის, არ ვითამაშებო. გაირკვა, რომ ფეხბურთელი ძალიან გაბრაზებული ყოფილა ზენიტელთა ახალწვეულების, ჰალკისა და ვიტცელის ხელფასის გამო. დენისოვს აღიზიანებდა, რომ მათ სანაცვლოდ კლუბმა საერთო ჯამში 100 მილიონი ევრო გადაიხადა და თავადაც მოითხოვა გასამრჯელოს გაზრდა. არადა, რუსული საიტების ცნობით, დენისოვს ისედაც ძალიან ბევრს უხდიდნენ - "ზენიტის რუს ფეხბურთელებს შორის ყველაზე ბევრს...

"დენისოვის წლიური ხელფასით საშუალო შეძლების მქონე რუსული ოჯახი 10 წლის განმავლობაში უზრუნველად იცხოვრებდა", - წერს gazeta.ru.

მოგვიანებით, დენისოვმა მოიბოდიშა, მაგრამ ყველა ხედავდა, რომ ლეგიონერებთან კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა. ამიტომაც, ლოგიკური იყო, რომ ამ ზაფხულს "ზენიტიდან" წავიდა.

მაინც რა მოხდა "ანჟიში"? გუს ჰიდინკი ორი ტურის შემდეგ წავიდა გუნდიდან და მწვრთნელად თანამემამულე რენე მელენსტენი დატოვა. დენისოვი ჰიდინკის მწვრთნელობისას პირველივე მატჩში სასტარტოში იყო და შეცვალეს. იგივე მოხდა მელენსტენის თავკაცობით გამართულ შეხვედრაში, ხოლო "როსტოვთან" საშინაო მატჩში ფეხბურთელი განაცხადშიც ვერ მოხვდა და გაირკვა, რომ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. კლუბის ხელმძღვანელები და დენისოვის აგენტიც უარყოფდნენ ამ ფაქტს - თქვეს, რომ ფეხბურთელს ტრავმა აქვს.

სინამდვილეში კი, არავითარი ტრავმა: წინა დღეს, ვარჯიშზე დენისოვმა მელენსტენს უსაყვედურა: რატომ გამომცვალე, მე დენისოვი ვარ და საფინალო სასტვენამდე უნდა ვითამაშოო. მწვრთნელს ჩვეულებრივ აუხსნია, თუმცა ფეხბურთელი არ ცხრებოდა. ეტოომ სცადა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ დენისოვმა ეტოოსაც უყვირა და სხვა ლეგიონერებსაც...

ჯერ უცნობია, თუ სად გადავა დენისოვი. "შახტარზე" იყო საუბარი და კლუბმა მოკლედ განაცხადა - სიცრუეა, არ გვჭირდებაო. ყველაზე აქტუალურად "კრასნოდარის" ვარიანტი განიხილება.

ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში კი დენისოვის სკანდალებთან დაკავშირებით ლევან ყენიაც ახსენეს. გეცოდინებათ, ყენია შარშან ზაფხულს "ზენიტში" ვარჯიშობდა და გუნდში მისი დარჩენაც თითქმის გადაწყვეტილი იყო. რუსულ წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქართველს კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, ასე არ მოხდა.

ყენიამ მაშინ "მსოფლიო სპორტს" უთხრა, ფეხბურთელთა ერთ ჯგუფს “ზენიტში” ჩემი მისვლა არ ესიამოვნაო. ამ ჯგუფში დენისოვიც იყო.

 

0.133209