18 სექტემბრის შუადღეს, როცა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომა მუშაობას შეუდგა, ფედერაციის პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა.
დილარ ხაბულიანმა, მისსავე კაბინეტში გამართული აღმასკომი გაურკვეველი მიზეზების გამო გამოტოვა. განა, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, რომ ბოლო დღეებში ქვეყნის მთავარი სპორტული და უკვე სპორტულ ჩარჩოებს გაცდენილი თემის განხილვას, ფედერაციის თავკაცი არ დასწრებოდა?! დახურული სხდომის დაწყების შემდეგ, ძიუდოს ფედერაციის შენობასთან თავმოყრილი მედიის წარმომადგენლები იმაზე მსჯელობდნენ, რომელი კარიდან შეიძლებოდა შეგვპარვოდა, ან გამოგვპარვოდა ფედერაციის მოქმედი თავკაცი. თუმცა, ფაქტი ფაქტად დარჩა და გუშინ, ხაბულიანი თვალით არავის უნახავს; არც შეპარული და არც გამოპარული.
ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. იქ იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები და ჩინოსნები. აღმასკომის 15 დელეგატიდან, 13 ადგილზე დროულად გამოცხადდა. ხაბულიანის შესახებ უკვე მოგახსენეთ; ხოლო, მე-15 დელეგატი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ხუბულური ბულგარეთში იმყოფება, სადაც ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.
პირველი განცხადებები სხდომის დაწყებამდე გაკეთდა. სწორედ ამ დროს ამცნო ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მედიას თავისი გადადგომის შესახებ. ტოტიკაშვილი საკმაოდ აღელვებული ჩანდა, რაც მის უცნაურ განცხადებებსაც ეტყობოდა, როცა მთელი ამ ამბის მოწყობაში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი დაადანაშაულა: “მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ნაცვლიშვილმა ჩემთან მოაგზავნა ნაკრები გუნდის ექიმი ზურა კახაბრიშვილი, რომელმაც მამცნო, რომ მნიშვნელობა არ ექნებოდა, რა შედეგებს მივაღწევდით ტოკიოში, მე მაინც მომიწევდა თანამდებობის დატოვება. ასევე, გამივრცელეს ხმები, თითქოს, ცირეკიძის შეხვედრა გაყიდული იყო და მე თავად ვეუბნებოდი მას, რა აზრი აქვს ტატამზე გასვლას, მაინც ყველაფერი გადაწყვეტილია- თქო. ამიტომ ვაცხადებ, რომ ამ სპექტაკლის ავტორია ნაცვლიშვილი”, - განაცხადა ტოტიკაშვილმა.
სხდომაზე მოსულმა გია ნაცვლიშვილმა, ვაჟკაცური ნაბიჯი უწოდა ტოტიკაშვილის გადადგომის ფაქტს; ხოლო, როცა მისი ბრალდებების შესახებ მოისმინა, გულწრფელი გაოცება ვერ დამალა: “განა, თქვენ თავად დიდ აბსურდად არ მიგაჩნიათ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ექიმის ენით ესაუბრებოდეს?! აზრად არ მომდის, საიდან მოიტანა ეს ბრალდებები”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
დიდი ხმაური და ინტერესი გამოიწვია დავით ხახალეიშვილის გამოჩენამ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან და ტიტულოვან სპორტსმენს, ცირეკიძის მსგავსი ინციდენტი ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე შეემთხვა და მაშინ, აწონვაზე დაგვიანების გამო, ისიც შეჯიბრებიდან მოხსნეს (სხვათა შორის, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, მაშინაც დილარ ხაბულიანი იყო - ავტ). აღმასკომზე დასასწრებად მოსულმა ხახალეიშვილმა, კომენტარზე უარი განაცხადა და უსიტყვოდ შევიდა ფედერაციის შენობაში.
კომენტარზე უარი არ უთქვამს თბილისის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელს, დავით ბერძენიშვილს, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ, ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო და ხაბულიანის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მწვრთნელთა გარკვეული ჯგუფი, მას “ძიუდოს დიდ ოჯახში არსებული გაუგებრობებისა და ინტრიგების მთავარ შემოქმედად” ასახელებდა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც საკმაო დრო, ენერგია და ნერვები შეეწირა. ფაქტია, რომ ბერძენიშვილის “ჩამოლაბორანტება” საქმეს დიდად ვერ წაადგა და ქართულ ძიუდოში, უკეთესობისკენ ძვრები არ დაიწყო; არც სკანდალები ჩაწყნარდა.
ბერძენიშვილის თქმით, ტოკიოში მომხდარ სამარცხვინო ინციდენტში, ტოტიკაშვილი განტევების ვაცად არ უნდა ქცეულიყო. “არ შეიძლება, დამნაშავედ მხოლოდ ამირანი დავასახელოთ. ალბათ, ყველას გახსოვთ 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე მომხდარი ფაქტი, როცა დავით ხახალეიშვილმა აწონვაზე დაიგვიანა და ის შეჯიბრებიდან მოხსნეს. მაშინ, ყველაფერი ნაკრების მწვრთნელს, ბერდია გუგავას დააბრალეს და განტევების ვაცად აქციეს. ვფიქრობ, ახლაც მსგავსი სიტუაციაა და ყველაფერი ამირან ტოტიკაშვილს ბრალდება. არ შეიძლება, მხოლოდ ერთი კაცი ვცნოთ დამნაშავედ, როცა დელეგაციაში ამდენი ადამიანი იყო. ტოტიკაშვილი გუჯეჯიანის ჭიდაობას რომ ხელმძღვანელობდა, სად იყვნენ დანარჩენები, ვერც ერთმა რომ ვერ შეძლო ცირეკიძის გაფრთხილება?! ტოტიკაშვილი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუ არა ყველაზე უკეთესი. ჰკითხეთ სპორტსმენებს და ნახეთ, რას გიპასუხებენ”, - თქვა ბერძენიშვილმა.
ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა კი, რომელსაც თანამდებობა 2009 წლის შემოდგომაზე, დიდი სკანდალებისა და ხმაურის შემდეგ დაატოვებინეს, პირდაპირ განაცხადა, რომ აღმასკომს, დილარ ხაბულიანის გადაყენების მოთხოვნით პირადად მიმართავდა.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რა თქმა უნდა, დახურული იყო და თითქმის ორ საათს გაგრძელდა. მოგეხსენებათ, ქართველები კულუარული ამბების მოყვარული ხალხი ვართ და პრივატულ საუბრებზე დაყრდნობით, ყველა ელოდა დილარ ხაბულიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტის მინისტრს უნდა გაეხმოვანებინა. თუმცა, სხდომიდან გამოსულ ლადო ვარძელაშვილს მსგავსი არაფერი უთქვამს.
“აღმასკომზე მე დავაფიქსირე ჩემი და მთლიანად სამინისტროს პოზიცია, რომ ყველამ თანაბრად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა - მწვრთნელებმაც და ფედერაციის ხელმძღვანელებმაც. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, რაც აღმასკომმა ერთხმად დააკმაყოფილა. ასე რომ, დათხოვნილია მთლიანად სამწვრთნელო შტაბი. უახლოეს დღეებში წარვადგენთ ახალ მთავარ მწვრთნელს და ვეცდებით, ეს საკითხი ძალიან მალე მოვაგვაროთ, რომ ახალმა მწვრთნელმა გუნდი მალევე ჩაიბაროს, ვინაიდან, წინ არაერთი სერიოზული ტურნირი გველის და გუნდი სათანადოდაა მოსამზადებელი. რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის საკითხს, რაც ყველას ძალიან გაინტერესებთ, დილარ ხაბულიანს მე ორშაბათს შევხვდები და ამის შემდეგ, ის თავად გაგაცნობთ თავის გადაწყვეტილებას. წინასწარ არაფერზე საუბარი არ მინდა და მითუმეტეს, ხაბულიანის ნაცვლად”, - განაცხადა მინისტრმა.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თქმით კი, უკვე დროა, ბოლო მოეღოს იმ არეულობას და ქაოსს, რაც ქართულ ძიუდოში ტრიალებს და სიტუაცია ერთხელ და სამუდამოდ დალაგდეს.
გია ნაცვლიშვილი: “ჩვენ მხოლოდ ტოკიოში მომხდარ ინციდენტზე კი არ ვისაუბრეთ, არამედ, იმ შედეგებზე, რაც ნაკრებმა გუნდმა აჩვენა - 15 სპორტსმენი და არც ერთი მედალი! ყველამ აღნიშნა, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. დავსახეთ გზები, რომ არსებული სიტუაცია სასწრაფოდ შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ატმოსფერო, რათა ის წარმატებები, რაც ქართულ ძიუდოს ჰქონდა, კვლავ გაგრძელდეს. რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხს, ამას აღმასკომი გადაწყვეტს, თუმცა, ჩვენც გვექნება ჩვენი რეკომენდაციები. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ უცხოელ მწვრთნელზე საუბარი არ არის. შეიძლება, ვიფიქროთ უცხოელ სპეციალისტზე, რომელიც იქნება მხოლოდდამხოლოდ კონსულტანტი და არა მწვრთნელი. იმასაც გეტყვით, რომ განიხილება ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად ბულგარეთში იმყოფება ევროპის ჩემპიონატზე და თავის შეგირდებთან ერთად, საკმაოდ სოლიდურ შედეგებს აჩვენებს.
მე არ ვიცი დღევანდელ სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტის არყოფნის მიზეზი და უმჯობესი იქნება, ეს თავად მას ჰკითხოთ.”
შოთა ხაბარელი: “ტოტიკაშვილის გადადგმულ ნაბიჯს მივესალმები, თუმცა, ახლა ყველას გვაღელვებს ის, თუ როგორ აეწყობა ამიერიდან ფედერაციის მუშაობა. სიტუაციის გამოსასწორებლად, ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინაა - დატოვებს თუ არა თანამდებობას ფედერაციის პრეზიდენტი. იმედია, ორშაბათს ყველაფერი გაირკვევა.”
ლაკონურად და კონკრეტულად დააფიქსირა თავისი პოზიცია გიორგი ასანიძემ. სპორტის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში იმედი გამოთქვა, რომ პოზიციებისა და რეკომენდაციების თანხვედრა მოხდება და საკუთარ შეცდომებზე ჭკუას ამიერიდან მაინც ვისწავლით. “თუ სიტუაცია დროულად არ მოგვარდა, ეს ქაოსი აუცილებლად აისახება მომავალ შედეგებზეც და არ დაგვავიწყდეს, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე ორი წელიღა დარჩა. თამაშის ერთნაირი წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ამ სიტყვის საუკეთსო გაგებით”, - განაცხადა ასანიძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ, უკვე დამშვიდებული ჩანდა ამირან ტოტიკაშვილი. მისი საუბრის ტონიც შეცვლილი იყო და შინაარსიც. ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერთობაზე და ქართული ძიუდოს მომავალზე ალაპარაკდა: “მხოლოდ მე უნდა ამეღო და ავიღე კიდეც მომხდარზე პასუხისმგებლობა, რათა ნაკრებში და ფედერაციაში ერთსულოვნება შენარჩუნდეს. თუ ჩათვლიან, რომ ქართული ძიუდოსთვის მე კვლავ შემიძლია რამე გავაკეთო, სიამოვნებით გავაგრძელებ ნებისმიერი საქმის კეთებას, რაც ძიუდოს ეხება. იმედია, ყველაფერი მალე დალაგდება. მე არავისზე ნაწყენი და გაბუტული არ ვარ. ძიუდომ შეგვქმნა ჩვენ, ძიუდოთი ვარსებობთ და ყველა უნდა ვიყოთ იქ, სადაც ქართულ ძიუდოს სჭირდება. მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღე და ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. ფედერაციის ხელმძღვანელებმა კი, თავისი საქმის თვითონ იციან.”
შეგახსენებთ, რომ ამირან ტოტიკაშვილთან ერთად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდნენ გურამ მოდებაძე, სოლომონ ფეიქრიშვილი, ივერი ჯიქურაული, რამაზ ჩოჩიშვილი და სოსო ლიპარტელიანი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ლიპარტელიანის გვარმა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით უკვე გაიჟღერა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის არავის გაუთავისუფლებია და მუშაობას აგრძელებს.
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის მორიგი სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება და ალბათ, ამ სხდომაზევე გახდება ცნობილი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაც.
მოკლედ, “ძიუდოს კვირეული” მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და მას, სავარაუდოდ, ორშაბათს დილარ ხაბულიანი “გახსნის”. ალბათ, ორშაბათი აღმოჩნდება ის დღე, როცა ყველა ერთად შევიტყობთ, დასრულდება თუ არა ხაბულიანის მმართველობის მრავალწლიანი ეპოქა ქართულ ძიუდოში. ან რა დაიწყება ამის შემდეგ, ან... ან... ან... მოკლედ, მძიმე ორშაბათი გველის. დაველოდოთ.
ეკა ელოშვილი
ავტორის ფოტო







