როდესაც მეგობრებთან ფეხბურთზე ვლაპარაკობ, ყოველთვის სინანულით ვამბობ, რომ იმ “ოქროს დინამოს” ვერ მოვესწარი. უზომოდ მწყდება გული, რომ იმ დროს სკოლაში კი არა, საბავშვო ბაღში დავდიოდი. რა მოხდებოდა, რომ მენახა? ალბათ, უფრო მეტად გავუგებდი იმ გულშემატკივრებს, დღევანდელ ფეხბურთს ალმაცერად რომ უყურებენ.
ეს იყო 1987 წლის მიწურულს... სამწუხაროდ, იმ დროის ამბავი უნდა მოვყვე, როცა რამაზ შენგელიას ოქროს წლები უკვე ჩავლილი იყო, თუმცა მაინც ითვლებოდა საქართველოში საუკეთესო თავდამსხმელად. კარგად მახსოვს, ყველა ბრემენის “ვერდერთან” დაპირისპირებების მოლოდინში იყო. თბილისის “დინამოს” უეფას თასის ორი ეტაპი უკვე გავლილი ჰქონდა, ეს კი უდიდესი ტრიუმფების შემდეგ ჩავარდნილი ხუთწლიანი პერიოდის დასასრულს ნიშნავდა. იმ დროს ასე გვეგონა...
დაიწყო თამაში ბრემენში, ორი გოლი საწყის წუთებში გაგვიტანეს და ეჰ, ჩვენი საშველი არსაიდან ჩანდა, მაგრამ მალევე, “დინამოს” 11 ნომერი რაღაც უცნაურად დაუსხლტა “ვერდერის” ახლანდელ მწვრთნელ თომას შააფს, ცოტა წინ წაიწია და ძლიერი დარტყმით შეაგდო. 2:1 წავაგეთ, შინ კი 1:1 დასრულდა და გავვარდით, თუმცა ბევრი კარგი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში.
მთელი თბილისი ლაპარაკობდა, “ვერდერს” ერთი ახმახი ფორვარდი ჰყავს, მცველებს ანგრევსო. ფრანკ ნოიბარტზე ამბობდნენ. და როდესაც ამ ნოიბარტის სახელი ზედმეტად ბევრჯერ ვთქვი, უფროსებისგან შენიშვნა მივიღე.
“ვინ ნოიბარტი, შვილო. რამაზა გვყავს”.
შემდეგ იყო საფეხბურთო წიგნები. როგორ ყვება რამაზ შენგელიას პირველი მწვრთნელი კარლო ხურციძე თავის ყოჩაღ შეგირდზე, როგორ იზრდებოდა ქუთაისში. ერთი წინადადება განსაკუთრებით დამამახსოვრდა იმ წიგნიდან - ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი ამბობდა 1981 წელს, თასების თასს თბილისის “დინამო” მოიგებს, რამაზ შენგელია კი ევროპის საუკეთესო თავდამსხმელიაო.
რამაზ შენგელია ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც დღევანდელ ჩარჩოებმოქცეულ ფეხბურთშიც იბობოქრებდა. მისი სტილი მხოლოდ იმ დროისა არ იყო. ის გოლების გარანტი გახლდათ და სხვა გოლი რომც არ მენახა, მარტო “ვერდერთან” ის გატანილი მოწმობს, რომ ჩვეულებრივი ფორვარდის ბურთი არ იყო. დასწრებაზე, თავით, ნახევარბრუნში - ყველანაირად გაჰქონდა და გაჰქონდა.
ის აგვირგვინებდა, მაგრამ აგვირგვინებინებდა კიდეც. დიდი ფეხბურთელი იმისია, გადამწყვეტ მომენტებში რაღაც არაორდინარული შექმნას და რამაზმა ეს ისეთ საჭირო მომენტში შექმნა, მეტი რომ არ შეიძლება: “კარლ ცაისთან” ფინალში სიღრმიდან დაიძრა, ორი მცველი ფინტებით ძირს დასვა და ვლადიმერ გუცაევს საგოლე პასი გაუკეთა.
რამაზ შენგელია არასოდეს პოზიორობდა და არასოდეს დაუწყია ტრაბახი ძველი დამსახურებების გამო, რაც საქართველოში იშვიათია და არაპოპულარულ ნაბიჯად ითვლება. მისთვის არ არსებობდა პოპულარობის სკალა. არც მოქმედი ფეხბურთელები გაუქილიკებია. უბრალო ადამიანი იყო. დარწმუნებულნი ვართ, ნაწყენი ბევრ რამეზე იქნებოდა, რადგან ფეხბურთელის, თანაც, დიდი ფეხბურთელის ცხოვრება სხვაგვარად არ არსებობს - გაიხსენეთ, როდესმე ეწუწუნოს, ან ვინმეზე გადაკრულად ეთქვას.
ბოლოს შარშან ვნახე. დიდი დავით ყიფიანის ხსოვნის ტურნირს ესწრებოდა და ბავშვების თამაშით ტკბებოდა. შემდეგ საუკეთესო თავდამსხმელის პრიზიც გადასცა ერთ-ერთ ბავშვს.
რამაზ შენგელია - კიდევ ერთი დიდი ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა...
ილია ნანობაშვილი