კალათბურთი

17:24 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვინ დარჩება ნაკრებში ფრანგული ტურნირის შემდეგ?

ქართველი კალათბურთელები სუპერთანამედროვე დარბაზში ითამაშებენ

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ცელიესა და იესენიცეში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სპარინგების (63:68, 81:78) შემდეგ, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას მიაშურა, დღეს დილით კი პარიზის გავლით ფრანგულვე ანტიბში გაემგზავრა, სადაც პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ანტიბის ტურნირი სტარტს დღეს აიღებს, როდესაც ვინსენ კოლეს მიერ გაწვრთნილი მასპინძლები სერბეთს მიიღებენ, 16 აგვისტოს საქართველო-სერბეთის მატჩია დაგეგმილი, 17-ში კი საფრანგეთი საქართველოს დაუპირისპირდება.

სამივე შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, ტურნირის გაშუქებას კი ფრანგული Sport+ გეგმავს, ასე რომ, იმედია, ქართველ კალათბურთელთა თამაშის ხილვის საშუალებაც მოგვეცემა. ისიც ვთქვათ, რომ ტექსტური რეპორტაჟისთვის თვალის მიდევნება შემდეგ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი – http://live.ffbb.com/

ცნობისთვის, ანტიბი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საკურორტო ქალაქია 80 ათასამდე მოსახლით, რომელიც საქვეყნოდ აღიარებულ კანსა და ნიცას შორის მდებარეობს. ქალაქის მთავარი სპორტული სარბიელი Azur Arena Antibes-ია (ტევადობა 5 ათასი მაყურებელი), რომელიც მომავალ ტურნირს უმასპინძლებს. ეს სუპერთანამედროვე დარბაზი წლეულს აშენდა და გახსნა სწორედ საფრანგეთი-სერბეთის მატჩზე იგეგმება. ცნობილია ისიც, რომ მატჩების ბილეთები კატეგორიების მიხედვით, 22-დან 60 ევრომდე ეღირება.

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრების თავკაცი ვინსენ კოლე პირველი გახლდათ, რომელმაც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ცხადია, მომავალ ტურნირზეც რჩეულ კალათბურთელებს ათამაშებს. კოლეს კრებული ასე გამოიყურება.

მცველები: ტონი პარკერი, ნანდო დე კოლო (ორივე – “სან ანტონიო”, NBA), ტომას უერტელი (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი), ანტუან დიაო (“სტრასბურგი”).

ფორვარდები: ნიკოლა ბატუმი (“პორტლენდი”, NBA), შარლ ლომბა-კაუდი (“ლე მანი”), მიკაელ ჟელაბალი (“ხიმკი”, რუსეთი), ბორის დიაო (“სან ანტონიო”, NBA), ფლორან პიეტრუსი (“ნანსი”).

ცენტრები: ალეკსის აჟინკა (“სტრასბურგი”), იოჰან პეტრო (თავისუფალი აგენტი), ჟოფრი ლოვერნი (“პარტიზანი”, სერბეთი).

ანტიბის ტურნირამდე ფრანგმა კალათბურთელებმა ხუთი მატჩი ჩაატარეს და ოთხში იმარჯვეს. “სამფეროვნებმა” პოში ფინეთს 101:93 სძლიეს, მანჰაიმში გერმანიას მოუგეს – 89:84, გასული კვირის ბოლოს კი სტრასბურგის ტურნირზე იმავე გერმანიასთან (74:66) და ხორვატიასთან (73:63) გამარჯვების კვალად, საბერძნეთთან დამარცხდნენ – 67:79.

სერბებმა ევრობასკეტისთვის მზადება ცელიეს ტურნირით დაიწყეს, სადაც თურქეთს (78:63) და ლატვიას (67:54) აჯობეს, მასპინძელ სლოვენიასთან კი ვერაფერი გააწყვეს – 52:67. სამაგიეროდ, სერბების ტრიუმფით დასრულდა ბელგრადის ტურნირი, სადაც დუშან ივკოვიჩის შეგირდებმა უკრაინა (96:68) და იგივე სლოვენია (91:66) გამანადგურებელი ანგარიშებით დაამარცხეს. სერბეთის ეროვნულმა გუნდმა ბოლო საკონტროლო მატჩი 12 აგვისტოს ჩაატარეს და რუსებს 84:79 სძლიეს.

სხვათა შორის, რუსეთის ნაკრებთან მატჩში მცირე ტრავმა მიიღო სერბების უკანახაზელმა ნემანია ნედოვიჩმა, რომელიც გუნდს ანტიბში არ გაჰყოლია და ბელგრადში რეაბილიტაციის სპეციალურ კურსს გაივლის, ისევე როგორც სერბთა ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი მილოშ ტეოდისიჩი. ეს უკანასკნელიც დაშავებული გახლავთ. ივკოვიჩისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ საბოლოოდ გამოჯამრთელდა ფორვარდი ვლადიმირ ლუჩიჩი, რომელსაც სავარაუდოდ, ქართველებთან შეხვედრაშიც ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ფრანგული ტურნირის შემდეგ აპირებს ევრობასკეტისთვის შემადგენლობის დასახელებას საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი იგორ კოკოშკოვი. ცოტა ხნის წინ მან გუნდიდან დაითხოვა რევაზ როგავა, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ჩიკვილაძე და რიჩარდ მათიაშვილი, ახლა კი, 12 კალათბურთელს ამ 15-კაციანი შემადგენლობიდან აარჩევს:

გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, რიკი ჰიკმენი, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ბექა ბურჯანაძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე, ლუკ ზელერი.

0.201212