2 დეკემებერს, გამთენიისას, თბილის-კიევი (უკრაინა)-მადრიდის (ესპანეთი) რეისით საქართველოს ერთ-ერთი პერსპექტიული სპორტსმენ, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” 18 წლამდელთა დუბლებისა და დიდების გუნდის კალათბურთელი, საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი, ვილი ისიანი, ესპანეთში მიემგზავრება.
საზღვარგარეთ გამგზავრების წინ “მსოფლიო სპორტი” ვილის ესაუბრა.
- რა არის თქვენი ესპანეთში გამგზავრების მიზეზი?
- 4-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, ესპანეთის ქალაქი გრანადა ოთხთა ტურნირს უმსაპინძლებს 17-18 წლის სპორტსმენთა მონაწილეობით. აღნიშნულ ტურნირში პრიმერადივიზიონის მონაწილე “გრან კანარიას” შემადგენლობაში ვიასპარეზებ.
- “გრან კანარიას” შემადგენლობაში როგორ მოხვდით. თქვენ ხომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” წევრი ხართ?
- “გრან კანარიას” მთავარი მწვრთნელი ჩემით ევროპის 2013 წლის 16 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მსვლელობის დროს დაინტერესდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა.
- ამ გუნდში აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- გააჩნია გრანადის ოთხთა ტურნირში როგორ ვითამაშებ. ოთხთა ტურნირის დასრულების შემდეგ, 10 დეკემბერს საქართველოში დავბრუნდები. თუ კიდევ ერთხელ დავიმსახურე “გრან კანარიას” მთავარი მწვრთნელის ყურადღება, შეიძლება კარიერა აღნიშნულ გუნდში გავაგრძელო.
- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.
- დავიბადე 1997 წლის 11 აგვისტოს, თბილისში. სიმაღლე 202სმ. ვარ 16 წლამდელთა შორის საქართველოს 2012-13 წლების საუკეთესო კალათბურთელი. ამპლუა – მძიმე ფორვარდი. ყოფილ სპორტსმენთა ოჯახში დავიბადე. მამა გია ისიანი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად საქართველოს უმაღლესი ლიგის მონაწილე გორის “დილას” მენეჯერად მუშაობს. დედა – ნინო სააკაშვილი და ბებია, დედის მხრიდან ია ახრახაძე ვეტერანი კალათბურთელები არიან. მყავს ორი ძმა – ბილი და გაბი (გაბრიელი), რომლებიც ასევე “შსს აკადემიას” კალათბურთელთა გუნდში ვარჯიშობენ.
- როდის გადაწყვიტეთ ბებიისა და დედის კვალს გაჰყოლოდით?
- 6 წლის ვიყავი, როცა მამამ ფეხბურთზე მიმიყვანა. 5 წლის შემდეგ ფეხბურთიდან კალათბურთში გადავედი. კალათბურთში ვარჯიში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის გუნდში დავიწყე, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი სერგო იშხნელი იყო. ერთი წლის შემდეგ “დინამოში” გადავედი და ვარჯიში არჩილ ჟღენტის ხელმძღვანელობით გავაგრძელე. როდესაც ჟღენტი “დინამოდან” “შსს აკადემიაში” გადავიდა, მეც თან გავყევი და თამაშს აღნიშნულ გუნდში ვაგრძელებ.
- კიდევ ხომ არ აპირებთ სპორტის სახეობის შეცვლას?
- (იცინის) არა. ამჯერად ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და მინდა დიდი კალათბურთი ვითამაშო.
- დიდ კალათბურთში რას გულისხმობთ?
- მინდა ოდესმე NBA-ას რომელიმე გუნდში გავაგრძელო კარიერა.
- NBA-ას გუნდში მოხვედრა ნამდვილად არაა იოლი და საქართველოს ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, დასახული მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. მანამდე თამაშს რომელ ქვეყანაში ისურვებდით?
- NBA-ას შემდეგ ყველაზე კარგი ლიგა ესპანეთს აქვს და რაღა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ვისურვებდი.
- ქართველი და უცხოელი კალათბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?
- მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ქართველებიდან ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, ვიქტორ სანიკიძეს... ხოლო უცხოელებიდან მაიკლ ჯორდანს, ჰაკიმ ოლაჯუონს, კობი ბრაიანტს... გამოვარჩევდი. ამ კალათბრუთელთა თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.