ფეხბურთი

22:51 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვამ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

44 წლის სპეციალისტი ტიტო ვილანოვა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ეს ინფორმაცია კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ამის მიზეზი ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ გაუარესებაა.

“ბარსელონას” დღევანდელი დილის ვარჯიში ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. მოგვიანებით, ვილანოვამ მორიგი გამოკვლევის შედეგები მიიღო და გაირკვა, რომ “ბარსას” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ყელის სიმსივნის რეციდივი აქვს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, კატალონიელი სპეციალისტი სიმსივნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა და თითქოს, მან დაავადებას აჯობა, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოოდ გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა.

მომხდარის გამო, “ბარსას” საღამოს ვარჯიში ჩაიშალა. გარდა ამისა, კატალონიელები ხვალ პოლონეთში აღარ გაემგზავრებიან და გდანსკის “ლეხიას” წინააღმდეგ არ ითამაშებენ.

პრესკონფერენციაზე სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში მოხდება.

ტიტო ვილანოვამ "ბარსელონა" გასულ ზაფხულში ჩაიბარა. მან პეპ გვარდიოლა შეცვალა, რომლის თანაშემწეც ის 5 წლის განმავლობაში იყო. მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო და როგორც გაირკვა უკანასკნელ სეზონში, ვილანოვამ "ბარსას" ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა.

0.120009