ჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი, კლუბს აზიურ ტურნეში გაჰყვა. ბრიტანული და იტალიური პრესის ბოლოდროინდელი ინფორმაცია, ჩილელი ნახევარმცველის გადაწყვეტილება კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა მცდარი აღმოჩნდა.
"ბიანკონერთა" ახალმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, აზიურ ტურნეში 28 ფეხბურთელი იხმო, მათ შორის ჭორებით გარემოცული არტურო ვიდალი და კლუბის ახალწვეული ნახევარმცველები: რომულო და რობერტო პერეირა.
მართალია ვიდალის აგენტმა განაცხადა, რომ ჩილელი "იუვენტუსს" აუცილებლად დატოვებს, მაგრამ აზიურ ტურნეში ჩილელის მონაწილეობამ ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. სავარაუდოდ, ვიდალი იტალიას არ დატოვებს.
კიდევ ერთი ვარაუდი თუ რატომ არ წავა ვიდალი "მანჩესტერში": ტურინელებს აზიურ ტურნეში ბოლო ამხანაგური მატჩი, სინგაპურის "ოლ სტართან" 16 აგვისტოს ელოდება. ინგლისის პრემიერლიგაც 16 აგვისტოს იწყება და "წითელი ეშმაკები" "ოლდ ტრაფორდზე" "სუონსის" დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, ძნელად სავარაუდებელია, ლუის ვან გალმა სეზონის სტარტის შემდეგ, კლუბთან შეუთამაშებელი ფეხბურთელი დაიმატოს.
გიორგი ბალახაძე