“ჩაქუჩებმა” სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს: “უაით ჰართ ლეინზე'', სტუმრად დეზები 3:0 დაამარცხეს და ვილაშ ბოაშის კლუბს პირველი საშინაო მარცხი აგემეს. მათი დამრიგებელი სემ ელერდაისი, კმაყოფილებას ვერ მალავდა საკუთარი გუნდის თამაშით და მატჩის შემდეგ, ჟურნალისტთა კითხვებს ხალისით პასუხობდა.
,,შეცვლილმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ნახევარდაცვაში, უფრო მეტ შემტევი სტილის მოთამაშეს უნდა ეთამაშა, ხოლო ფორვარდს, სიღრმიდან უნდა ემოქმედა. ორ ფლანგის მოთამაშეს, ვას ტესა და სტიუარტ დაუნინგს ფლანგის გასწვრივ უნდა ერბინა, რაც საქმეს ურთულებდა ცენტრალურ ნახევარმცველებს, რადგან არ ეცოდინებოდათ, კონკრეტულად ვის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ’’, - განმარტავს ინგლისელი სპეციალისტი.
,,მესამე გოლი, ჩემი ფეხბურთელების ძალიან კარგი თამაშის ლოგიკური დასასრული იყო - ჩემს მიერ მიცემული დავალებები ბრწყინვალედ შეასრულეს და შედეგად, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ’’.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა, ,,აპტონ პარკის'' ბინადრებმა „კარდიფ სიტისთან“ გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა მოპოვებულ სამ ქულას, ხუთ მატჩიანი მოუგებელი სერია მოჰყვა. შედეგად, კლუბი გასავრდნ ზონაში აღმოჩნდა, თუმცა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, საშიშ ზონას თავი დააღწიეს და 9 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.
უგო ლორისის კარში რიგით მეორე გოლი, სწორედ სემ ელერდაისის მიერ ხსენებულმა ვას ტემ გაიტანა, ხოლო პირველი და მესამე გოლების ავტორები უინსტონ რიდი და რაველ მორისონი არიან.
აღვნიშნოთ, რომ ვას ტესა და სტიუარტ დაუნინგს, რომლებზეც ელერდაისმა ტაქტიკა ააწყო, გასულ ტურებში, მოედანზე გამოსვლა იშვიათად უწევდათ.
დიმიტრი შარიქაძე