“აპტონ პარკი” ინგლისის პრემიერლიგის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” საშინაო არენა 1904 წლიდანაა. კლუბის ხელმძღვანელობამ ამ სტადიონის გაყიდვა განიზრახა, “ჩაქუჩები” კი 2016 წლიდან მოყოლებული მეტოქეებს ლონდონის ოლიმპიურ სარბიელზე მიიღებენ.
“აპტონ პარკს” კომპანია Galliard Group შეისყიდის. სტადიონის ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი აშენდება, თუმცა, არც “ვესტ ჰემის” დამსახურებას დაივიწყებენ ინგლისური ფეხბურთის წინაშე. დღევანდელი არენის ტერიტორიაზე მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონთა კაპიტნის ბობი მურის ძეგლი დაიდგმება. ბობი მურის გარდა ინგლისში ჩატარებულ მუნდიალზე მსოფლიოს ჩემპიონთა ღირსებას კიდევ 2 ვესტჰემელი ჯეფრი ჰერსტი და მარტინ პიტერსი იცავდა. იმასაც მოგახსენებთ, რომ დასავლეთგერმანელებთან ფინალში ინგლისელთაგან გოლები აპტონ პარკელებმა, ჰერსტმა (ჰეთ თრიკი) და პიტერსმა გაიტანეს.
“აპტონ პარკი” ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვისაც საამოდ გასახსენებელი ადგილია. 1981 წლის მარტში თბილისის “დინამომ” თასების თასის პირველ მეოთხედფინალურ პაექრობაში “ვესტ ჰემს” 4:1 ალექსანდრე ჩივაძის, ვლადიმერ გუცაევისა და რამაზ შენგელიას (2) გოლებით 4:1 მოუგო.







