ბრემენის “ვერდერის” ნახევარმცველები მარკო არნაუტოვიჩი და ელჯერო ელია სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცირებულნი არიან.
ლევერკუზენის “ბაიერთან” მატჩამდე პოლიციამ ღამის 3 საათზე ოსნაბრიუკთან ახლოს არნაუტოვიჩის ავტომანქანა გააჩერა, რომელიც დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მასში ელიაც იჯდა.
თავდაპირველად ბრემენულ კლუბში ფეხბურთელების ერთი მატჩით დასჯა გადაწყვიტეს, მაგრამ “ვერდერის” ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელის, ტომას შააფის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ არნაუტოვიჩი და ელია სეზონის ბოლომდე იუქმებენ.
“იმედგაცრუებულნი ვართ. ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც 100 პროცენტით პროფესიონალები არიან. თუმცა, როდესაც მნიშვნელოვან თამაშამდე ერთი დღით ადრე დაგიჭერენ, ეს პროფესიონალიზმი ნამდვილად არაა”, – უთხრა გერმანულ პრესას “ვერდერის” მენეჯერმა ტომას აიხინმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში არნაუტოვიჩმა 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ელიამ 24 თამაში გამართა, მაგრამ მეტოქეთა კარი არ აუღია.