ჩოგბურთი

0:08 | 26.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვერდასკომ ბარსელონის ტურნირი მოიგო


კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მეცხრეადგილოსანმა ფერნანდო ვერდასკომ ბარსელონის 1,55-მილიონევროიანი თიხნარობის ფინალში რობინ სოდერლინგი დაამარცხა და წლის მეორე, ხოლო კარიერის მეხუთე ტიტული მოიხვეჭა.
26 წლის ესპანელმა თავისზე  წლით უმცროს და ერთი ადგილით მაღლამდგომ შვედ მეტოქეს 6:3 4:6 6:3 აჯობა. ეს მათი მეექვსე დაპირისპირება გახლდათ და ვერდასკომ სოდერლინგთან ბალანსი 2:4-მდე გაიუმჯობესა.
ამ მოგებამ მას 500 სარეიტინგო ქულა და 286 ათასი ევრო მოუტანა, შვედი მეჩოგნის ხეირმა კი 300 ქულა და 144 ათასი ევრო შეადგინა.
საქმეში ჩახედული ხალხის აზრით, ვერდასკო, რომელმაც თებერვალში სან ხოსეს ტურნირზეც იმარჯვა, ახლა კარიერის საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებს. შეგახსენებთ, წინა კვირაში – მონტე კარლოს მასტერსთიხნარობაზე – მან ამ სერიის შეჯიბრებებზე პირველად მიატანა ფინალს, სადაც დიად თანამემამულე რაფაელ ნადალთან დათმო.
“ბარსელონაში ტიტულის მოპოვებაზე ყოველთვის ვოცნებობდი – აღნიშნა მან სოდერლინგთან მოგებული ფინალის შემდეგ – რასაც ახლა განვიცდი, იმის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ეს ალბათ ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია.”
უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ბარსელონაში მხოლოდ ესპანელები იგებენ. აღნიშნულ წელს იქ კარლოს მოიამ იჩემპიონა, 2004-ში – ტომი რობრედომ, ხოლო ბოლო ხუთი წლის მანძილზე კატალონიის დედაქალაქში ნადალი ზეობდა. რაფამ, მოგეხსენებათ, მონტე კარლოში გამარჯვების შემდეგ დასვენება არჩია და, როგორც გაირკვა, ამით ვერდასკოს გაუხსნა გზა...
რაც შეეხება სოდერლინგს, ვინაც წლეულს პირველი ჯილდო თებერვალში, როტერდამის ჭერქვეშა ტურნირზე მოიპოვა, მას წლის მეორე და კარიერის მეექვსე ტიტულის შოვნა შეეძლო. ის გახდა პირველი შვედი მაგნუს ლარსონის შემდეგ, ბარსელონის ფინალში რომ ითამაშა. ეს უკანასკნელი იქ 1995 წელს გადამწყვეტ შეხვედრაში ლეგენდარულ ავსტრიელ ტომას მუსტერთან დამარცხდა.

 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162703