საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს დიდი პრიზის პირველი დღე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. აზერბაიჯანულ ტატამზე დღეს ექვსი ქართველი გავიდა და მათგან საუკეთესო შედეგი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მესაბლიშვილმა აჩვენა. უმჩატეს წონაში მხოლოდ რვა მონაწილე მოგროვდა და შესაბამისად, შეჯიბრება პირდაპირ მეოთხედფინალით დაიწყო. მესაბლიშვილმა მასპინძელ ვუგარ შირინლის საფინალო სირენამდე თხუთმეტიოდე წამით ადრე მოუგო წმინდად. ნახევარფინალში ლიბიელ მუჰამედ ეჰადი ელქავისაჰს იუკოთი სძლია. ფინალში კი მსოფლიო რეიტინგის მეცხრეადგილოსან აზერბაიჯანელთან, ილგარ მუშკიევთან წმინდად დამარცხდა და ვერცხლის მედალთან ერთად, 120 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
ზებედა რეხვიაშვილმაც (73 კგ) ორი მოგებით ჩაამთავრა დიდი პრიზი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო, კვარცხლბეკის მესამე საფეხურს და 80 ქულას დასჯერდა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკ მირალი შარიპოვთან წმინდად წააგო. იქამდე კი აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადე იპონით, ხოლო უკრაინელი ანტონ ტიშჩენკო იუკოთი ჩამოიშორა.
გიორგი ბროლაშვილმა (60 კგ), სანდრო იაკობაშვილმა (66 კგ) და ამბაკო ავალიანმა (73 კგ) დიდ პრიზზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. ბროლაშვილს პირველივე მეტოქედ ილგარ მუშკიევი ერგო, იაკობაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი უკრაინელი ანატოლი ლასკუტა აღმოჩნდა, ავალიანისთვის – თურქი ჰასან ილმაზი. შალვა ქარდავამ (66 კგ) კი აზერბაიჯანელი სამირ ხანკიშიევის იპონით ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში იაპონელ მასაში კოდერასთან პირწმინდად წააგო.
ტურნირში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი მარიამ ჯანაშვილიც (57 კგ) ჩაერთო, მაგრამ მეოთხედფინალში კანადელ ჯულიან მელანკონთან ვერაფერს გახდა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 63, 70, 78 და +78 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი ლაშა ზურაბიანი (81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე, ბექა ბერძენიშვილი (ორივე - 100 კგ), შორენა შარაძე (70 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







