ჭიდაობა

11:39 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაოები და ერთი ლიცენზია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში გამართული ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით და ნანჯინგის 2014 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ერთადერთი ლიცენზიით დაასრულა. ოლიმპიური ნორმატივის შესასრულებლად კონტინენტის პირველობის ფინალში გასვლა იყო აუცილებელი, რაც ქართული გუნდის წევრთაგან მხოლოდ 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მექი სიმონიამ შეძლო. მის გარდა პოდიუმზე ივერი ჯულაყიძე (63 კგ) და გივი მაჭარაშვილიც (100 კგ) ავიდნენ, ოღონდ მესამე საფეხურზე. შეგახსენებთ, 6 მაისს ბრინჯაოს მედალი ქართული გუნდის უმსუბუქესმა წევრმა გიორგი ხაჩიძემ (42 კგ) მოიპოვა.

მექი სიმონიამ ევროპირველობა სლოვაკი ლუბოშ კუნდრატის იოლად ძლევით (12:2) გახსნა. შემდეგ გერმანელი იოჰან კრისტოფ სტეინფორტი (6:2), უნგრელი ბარნაბას ჰორვატი (10:0) და აზერბაიჯანელი ჰაჯიმურატ მაგომედსაიდოვი (7:6) ჩამოიშორა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ჯავრალი შაპიევთან აღარაფერი გამოუვიდა (2:13) და ვერცხლს დასჯერდა.

ივერი ჯულაყიძე საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე მეტოქესთან – რუსეთის სახელით მოჭიდავე ზაურ ტოკაევთან წაგებით (2:6) დაასრულა და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალამდე მივიდა, თავად რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო. შვეიცარიელ მიხაელ ოტმარ ბუჩერს 10 ქულა ისე აუღო, თვითონ ერთიც არ დაუკარგავს. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მოლდოველ ნიკოლაე ლესნიკოვს სძლია (16:5).

გივი მაჭარაშვილს ოლიმპიური ფესტივალის ლიცენზიამდე წამები დააკლდა – ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში მოლდოველ დმიტრი ჩეაკუსტასთან გვარიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მოდუნდა და შეხვედრის მიწურულს 7:8 წააგო.

ნახევარფინალამდე მაჭარაშვილმა ალბანელი პარის კარეპი (8:3) და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი - რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი ნოგაევი (4:1) ჩამოიცილა. “ბრინჯაოს ფინალში” კი ბელარუს ალექსანდრ იარაშევიჩს წარმატების პატარა შანსიც არ მისცა – 10:0.

დღესვე ბულგარულ ხალიჩაზე თეიმურაზ ვანიშვილი (46 კგ) და შმაგი თოდუაც (54 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობას დილის ბლოკშივე გამოეთიშნენ.

ვანიშვილს ტურნირი სომეხმა ვაზგენ ტევანიანმა დაასრულებინა (7:9), ხოლო თოდუამ ბელგიის ნაკრების წევრ ჯახარ ისაევიჩ გამბულატოვის ძლევის (10:0) შემდეგ უკრაინელ ანდრეი იაცენკოსთან წააგო.

დღეს და ხვალ ბულგარული ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ. 10-11 მაისს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ.

0.122064