ძიუდო

21:21 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაო

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ვაჟთა და გოგონათა შორის კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები სამი დღის განმავლობაში გამოვლინდებიან. შვიდ-შვიდი წონითი კატეგორიიდან დღეს სამ-სამი დაინომრა. პოდიუმზე ქართველი ძიუდოისტებიც ავიდნენ, მაგრამ მხოლოდ მეორე და მესამე საფეხურებზე.

მინდია ბოდაველის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან ოქროს მედლამდე ყველაზე ცოტა თემურ ნოზაძეს დააკლდა – 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ჭაბუკი ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ზაბოლოტნისთან ვეღარას გახდა და ვერცხლს დასჯერდა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე ნოზაძემ ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. მათ შორის თანაგუნდელი ვანო ხუბაშვილი. წილისყრამ საქართველოს ნაკრების წევრები მეოთხედფინალში დააპირისპირა ერთმანეთს და ნოზაძემ ვაზარით იმარჯვა. თავად ძირითად ბადეში გააგრძელა ჭიდაობა, ხუბაშვილი კი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო.

მეოთხედფინალამდე თემურ ნოზაძემ იპონ-იპონ ჩამოიშორა უნგრელი ბენს პონგრაჟი და ბელარუსი ილია ზაიცაუ. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ კონსტანტის სემეონიდისს შიდოთი აჯობა.

თანაგუნდელთან დაჭიდებამდე ხუბაშვილმაც ორი მოწინააღმდეგის ჩამოცილება მოასწრო. პირველ წრეში აზერბაიჯანელ მეჰდი ასგაროვს ვაზარი და იუკო აუღო, მერვედფინალში კი რუმინელი კოდრუტ ლუნკან ვლადი იპონით დაამარცხა.

ბრინჯაოს გზაზე უნგრელ პონგრაჟსა და თურქ უგურჩან ზეჰირს თითო იუკოთი გასცდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ კირილ სამოტუგთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სუფთად წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რობიზონ ბეგლარაშვილმა ჭაბუკთა ევროპირველობაზე მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. შარშანაც პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა, ოღონდ მაშინ ერთი წონითი კატეგორიით დაბლა – 50 კილოგრამში ჭიდაობდა. შარშანვე, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ისახელა თავი – ვერცხლის მედლით.

შედეგის გაუმჯობესების შანსი ამჯერად მეოთხედფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ აჩმიზოვთან ორი იუკოს წაგებით. ამ შეხვედრამდე ბეგლარაშვილმა ფრანგი სედრიკ მიტონისა და ბელგიელი დამ სიემ ვანის ძლევა მოასწრო. ამასთან, ორივეს ერთად ორი წუთი და ცამეტი წამი იკმარა. რეპეშაჟის პირველ წრეში ამდენივე დასჭირდა მოლდოველი ნიკოლაე ფოკას ბეჭებზე გასაკრავად. იტალიელ ფაბრიციო მაგოცის ვაზარით დაასრულებინა ტურნირი. “ბრინჯაოს ფინალში” კი ბელგიელ ხორე ვერსტრაეტენს მეოთხე წუთის დასაწყისში შეუსრულა იპონი.

ვაჟთა ნაკრების წევრთაგან საქმეში ჯამბულ ქურდიანიც (60 კგ) ჩაერთო. კარგადაც დაიწყო – ალბანელ ინდრიტ კულაჰაჯს ორი წუთი აკმარა, მაგრამ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მომავალ ჩემპიონთან - ფრანგ რომარიკ ვენდ იამ ბუდასთან დაკარგა. ბრინჯაოს გზა კი დამამშვიდებელი ეტაპის პირველსავე შეხვედრაში ჩაეკეტა, ბულგარელ პეტარ დამიანოვთან სუფთად წაგებით.

დღესვე კიმონო სამმა ქართველმა გოგონამაც მოირგო და მათგან უკეთეს შედეგს უმსუბუქეს წონაში – 40 კილოგრამში მოჭიდავე ნატალია ყიფშიძემ მიაღწია – ძირითად ბადეში ბრიტანელი მოლი ჰარვეის იუკოთი ძლევის შედეგად მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუს აიდა ბიკბოვას ვერაფერი მოუხერხა. ბრინჯაოს ფრონტზე კი კვიპროსელ ვასილიკი კოურის იუკოთი გასცდა და პოდიუმამდე სერბი მარია ივკოვიჩის მოგება დააკლდა. ამ უკანასკნელმა მტკივნეული ილეთით იმარჯვა და ნატალია ყიფშიძე მეხუთე ადგილს დააჯერა.

48 კილოგრამში მოჭიდავე მზია ბებოშვილი და სალომე მარგიანი ბერძნულ ტატამზე ორ-ორჯერ გავიდნენ და ევროპირველობას მოგების გარეშე გამოეთიშნენ.

ბებოშვილმა ძირითად ბადეში იტალიელ ალესია რიტიენთან იპონით წააგო, რეპეშაჟში – ჰოლანდიელ ხორიენ ვისერთან, ერთით მეტი გაფრთხილებით. მარგიანს პირველივე მეტოქედ მომავალი ჩემპიონი, თურქი რაბია სენიალა ერგო და 72 წამში დამარცხდა. ჰოლანდიელ სელინ ლანგრენეცთან დაჭიდებისას კი გადამწყვეტი ერთადერთი შიდო აღმოჩნდა, ჰოლანდიელის სასარგებლოდ.

ხვალ მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში ჩემპიონ-პრიზიორები 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდებიან, გოგონებში – 52, 57 და 63 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ბექა უდესიანი (66 კგ), სიმონ მამადაშვილი, გიგა გიგაური (ორივე 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ხატია ჯანაშვილი და სალომე მჭედლიშვილი (ორივე 63 კგ).

 

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ჭაბუკები

ათენი

4 ივლისი

 

ვაჟები

 

50 კგ

1 რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)

2 თემურ ნოზაძე (საქართველო)

3 კირილ სამოტუგი (უკრაინა)

3 კონსტანტინ სიმეონიდისი (რუსეთი)

5 ვანო ხუბაშვილი (საქართველო)

 

55 კგ

1 ნათიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

2 აიუბ ბლიევი (რუსეთი)

3 რობიზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

3 მანუელ ლომბარდო (იტალია)

 

60 კგ

1 რომარიკ ვენდ იამ ბოუდა (საფრანგეთი)

2 ოფეკ შანი (ისრაელი)

3 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)

3 ასიმ მამიედოვი (უკრაინა)

 

გოგონები

 

40 კგ

1 ჟასტინ დელოი (საფრანგეთი)

2 ლუის პეტი (ბელგია)

3 ჩიჩეკ აკიუზი (თურქეთი)

3 მარია ივკოვიჩი (სერბეთი)

5 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)

 

44 კგ

1 მიშელა ფიორინი (იტალია)

2 ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი)

3 ანიეკ ნორდერი (ჰოლანდია)

3 იანა შმიტსი (გერმანია)

 

48 კგ

1 რაბია სენიაილა (თურქეთი)

2 ბლანდინ პონტი (საფრანგეთი)

3 ეკატერინა დოლგიხი (რუსეთი)

3 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11453