ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ტალანტის, მარკო ვერატის აგენტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, მომდევნო სეზონიდან, “რეალს” პსჟ-ს ამჟამინდელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი გაწვრთნის, რომელსაც 20 წლის იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველის თან წაყვანა სურს.
ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვერატის აგენტი დონატო დი კამპლი “რეალის” წარმომადგენლებს უკვე შეხვდა, მაგრამ იტალიელი ამას უარყოფს.
“უპირველესად, მინდა უარვყო ინფორმაცია, თითქოს ესპანეთში ვიმყოფები. გარდა ამისა, ვაცხადებ, რომ “რეალთან” არაფერი მაკავშირებს. თუ რომელიმე კლუბს მარკოს შეძენა მოუნდება, თავდაპირველად, პსჟ-ს უნდა მიმართოს.” – აცხადებს ვერატის აგენტი.