ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალში “საუთჰემპტონთან” განცდილი მარცხის (1:2) ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაცვაში მოთამაშე ფეხბურთელების გამოუცდელობა დაასახელა. “მეთოფეთა” თავკაცმა გუნდი მინდორზე გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა. უკანა ხაზში კი აიზაკ ჰეიდენი, კალუმ ჩემბერსი, ექტორ ბელიერინი და ფრანსის კოკლენი გაამწესა.
“იმედგაცრუებული ვარ. თამაში მშვენივრად დავიწყეთ, მაგრამ დაცვის ხაზის გამოუცდელობამ იჩინა თავი. ორი უხეში შეცდომის გამო გოლები გავუშვით. ამასთან, ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ და შეხვედრის შემოტრიალება ვეღარ შევძელით. ჩვენმა მეტოქემ კი ბრწყინვალედ ითამაშა” – უთხრა ჟურნალისტებს არსენ ვენგერმა.
ვასილ მშვილდაძე