ლონდონის “არსენალის’’ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის აზრით კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ გუნდისთვის ნოემბრის თვე გადამწყვეტი იქნება. კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას ვენგერმა სეზონის საწყისი ეტაპი მიმოიხილა, ასევე შეეხო დამდეგ მატჩებს.
“პრემიერლიგაში სეზონი ცუდად დავიწყეთ, დავმარცხდით რა საკუთარ კედლებში “ასტონ ვილასთან”, თუმცა შემდგომ დავიწყეთ ქულების მოპოვება. თუკი შეგიძლია ვითარების შეცვლა, ეს არ ნიშნავს, რომ თავს მოდუნების უფლება უნდა მისცე. ამ დროს სიფხიზლეა საჭირო. უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია კონკრეტული მატჩის მოსაგებად, რაც ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური დაძაბულობისგან გაათავისუფლებს. ამას გარდა გუნდის თამაშის გაუმჯობესების შესაძლებლობებს ვხედავ’’ _ განაცხადა ფრანგმა.
“ამ ეტაპზე რთულია კონკრეტულ მიზნებზე საუბარი. პრემიერლიგაში ჯერ მხოლოდ ათი შეხვედრა ჩავატარეთ, ნოემბერში გასამართი შეხვედრების შემდეგ გამოჩნდება რისი მიღწევა შეგვიძლია, რომელ ტურნირზე ვიქნებით უკეთეს სიტუაციაში და რაზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება’’ _ დაასრულა ვენგერმა.
შეგახსენებთ, გასულ შაბათს “მეთოფეებმა” “ლივერპული” დაამარცხეს (2:0), ოთხშაბათს ,,სიგნალ იდუნა პარკზე’’ ურთულესი და პრინციპული მატჩის გამართვა მოუწევთ დორტმუნდის ,,ბორუსიასთან’’, ხოლო საასპარეზო კვირა, შაბათს “ოლდ ტრაფორდზე’’ გასვლითი შეხვედრით დასრულდება.
დიმიტრი შარიქაძე