ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ბევრ ფულს მრავალი პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა შეუძლია. თუმცა, ყველაფერს მხოლოდ ფულით მართლაც ვერ იყიდით და ეს ჭეშმარიტება უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ თავის ერთ-ერთ ბოლო საჯარო განცხადებაში გაახმოვანა. ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსანმა აშკარად და ღიად დაუცაცხანა იმ კლუბებს, რომლებიც ტრანსფერებში ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ. ინფანტინომ მაგალითად “მანჩესტერ სიტი” და “პსჟ” მოიყვანა და ამ კლუბების მფლობელებს შეახსენა, რომ მათ ყველა ფინანსურ ოპერაციას უეფა თვალს ადევნებს და არსებობს ეჭვები, რომ ზემოაღნიშნული კლუბები ფინანურ მაქინაციებში არიან გახვეულნი.
ჯანი ინფანტინომ ასევე მეტად საინტერესო სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. როგორც უეფას გენერალური მდივანი ამბობს, 2011 წელს, ევროპული კლუბების საერთო ზარალმა 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ანუ, გამოდის, რომ ევროპული ფეხბურთი დაქცევისაკენ მიდის და ამის შესახებ აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით თუ გვსმენოდა. უეფაში გვარიანად რომ არიან შეფუცხუნებულნი – ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი დახურული და კარჩაკეტილი ორგანიზაციის გენერალური მდივანი ფინანსებთან დაკვაშირებით სკანდალურ განცხადებას ალბათ არ გააკეთებდა.
ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ევროპული კლუბების დიდ ფინანსურ ზარალზე განცხადების გაკეთება. უეფა ხომ აქამდე საკუთარ ორგანიზაციაში შემავალი სუბიექტების ფინანსებში ცხვირს არავის აყოფინებდა და თუკი სადმე რომელიმე ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოები ამას მოინდომებდნენ, ყველას უმალ უეფადან გარიცხვით ემუქრებოდა... პირველ რიგში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უეფაში რაღაც “ისე” ნამდვილად ვერ არის. ეს ბოლო წლებია, ამ ორგანიზაციის მიმართ იმდენი კითხვა დაგროვდა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. პირველ ყოვლისა, ფეხბურთის გულშემატკივრებს ფინანსური საკითხების გაუმჭვირვალობა აღელვებთ. მაგალითად, უცნაურია, რომ უეფას გენერალური მდივანი “პსჟს” და “მანჩესტერ სიტის” მაგალითებზე დაყრდნობით ფინანსური გარიგებების გამჭვირვალობას აყენებს ეჭვქვეშ და ამ დროს, არ უჩნდება კითხვები უცებ გამდიდრებულ რუსულ კლუბებზე. თუნდაც მახაჩყალის “ანჟის” შემთხვევა რად ღირს... ეს კლუბი ბოლო სამი წელი, ასტრონომიულ თანხებს იხდის პოპულარულ ფეხბურთელებში და მათ ხელფასებზეც იმდენი ფული იხარჯება, ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბს რომ არც კი დაესიზმრება. ევროპულ პრესაში აქა-იქ კი იწერება რუსული უშიშროების ე.წ. ”შავ ფულზე”, რომელიც საფეხბურთო კლუბებში თეთრდება, მაგრამ არავის გვახსენდება შემთხვეა, როდესაც უეფას წარმომადგენელს ამ საკითხზე რაიმე განცხადება გაეკეთებინოს. აშკარაა, რომ საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს. თუკი არაბული ფული საეჭვოა, ვითომ რატომ არის ნორმალური, რომ უსახელო დაღესტნური გუნდი მილიონებს აქეთ-იქით ფანტავს და ამით პირველ რიგში ევროპულ ფეხბურთს აზიანებს? ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებისა და მათი ხელფასების ხელოვნურად ზრდა დიდი პრობლემების წინაშე არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების საფეხბურთო ბიზნესს, არამედ მთლიან ევროპას აყენებს. მაგალითად, დღეს საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელის ხელფასი რამდენჯერმე აღემატება წარმატებული ექიმებისა და ინჟინრების ხელფასს. ვისთვის რა უფრო მნიშვნენლოვანი დარგია - არ ვიცი, მაგრამ როდესაც ადამიანი რომელიმე საავტომობილო კომპანიაში საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და იცის, რომ ხელფასით ვერასოდეს გაუტოლდება თუნდაც მახაჩყალელ ფეხბურთელს, შეუძლებელია, ეს საკითხი ადრე თუ გვიან პრობლემურად არ ჩათვალოს და გამოსავლის გზების ძიება არ დაიწყოს. მით უმეტეს, რომ ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციებისა და ფედერაციების სტრუქტურული კარჩაკეთილობა და ეკონომიკური გაუმჭვირვალობა ისედაც ათასგვარ კითხვას ბადებს და ჩვენ ვითომ რატომ არ უნდა გაგვიჩნდეს ეჭვები?!
შექმნილ სიტუაციაში კარგი და სასიხარულო ალბათ მხოლოდ ისაა, რომ ევროპულ ფეხბურთში არსებულ მანკიერებებზე საჯარო განხილვები, როგორც იქნა, დაიწყო და ამის ინიციატორი უეფას ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. თუმცა, უნდა ვენდოთ თუ არა ბატონი ჯანი ინფანტინოს პათოსს – ეს ცოტა რთული სათქმელია...
ლევან სეფისკვერაძე