გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისის “დინამოში” ფეხბურთელთა თანავარსკვლავედი თამაშობდა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ვახტანგ ქორიძეს. იგი ჩვენი ფეხბურთის საკლუბო ფლაგმანის ღირსებას 1975-80 წლებში იცავდა და გუნდის მიერ მოპოვებული ტიტულების ერთ-ერთი უპირველესი შემოქმედი და სულისჩამდგმელი გახლდათ.
ბატონი ვახტანგი თბილისში ბათუმის “დინამოდან” მოხვდა. იმხანად ზღვისპირელთა გუნდი საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში წარმატებით გამოდიოდა, მისი ცენტრალური მცველი ქორიძე კი კოლექტივის წამყვანი ფეხბურთელი და კაპიტანი გახლდათ. ვახტანგ ქორიძის მონდომებული, მაღალოსტატური ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა თბილისის “დინამოს” მაშინდელი მთავარი მწვრთნელის მიხაილ იაკუშინისთვის და “იოსიფოვიჩმა” უკვე საკმაოდ გამოცდილ ბათუმელ სტოპერს თბილისში უხმო.
იმხანად “დინამოს” არ ულხინდა. 1974 წელს გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მისთვის შეუფერებელი მეცხრე ადგილი დაიკავა. ამასთან, რამდენიმე ვეტერანმა ფეხბურთის თამაშისთვის თავის განებება განიზრახა, ხოლო სეზონის სტარტზე გუნდიდან მურთაზ ხურცილავა, გივი და ლევან ნოდიები წავიდნენ. ამ რთულ პერიოდში ბატონ ვახტანგს ტრავმირებული კახი ასათიანის მერვენომრიანი მაისურის ტარება მიანდეს და დებიუტანტი პირველივე მატჩებიდან “დინამოს” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
1976-78 წლებში თბილისის “დინამომ” თავის ისტორიაში პირველად საკავშირო თასი მოიპოვა, ჩემპიონატებში კი ოქროს, ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ამ ტრიუმფულ გამოსვლაში ბატონი ვახტანგის წვლილი დიდია, რასაც თუნდაც ერთი ფაქტიც მეტყველებს. ზედიზედ 4 საკავშირო პირველობის გათამაშებებში მან მხოლოდ 4 მატჩი გამოტოვა, 1977 და 1978 წლების ჩემპიონატები კი სრულად ჩაატარა. მოგეხსენებათ, 1977-ში “დინამო” მეორე ადგილზე გავიდა (კიეველ თანაკლუბელებს ფინიშამდე ეცილებოდა ოქროს მედლებს), 1978-ში კი ჩემპიონი გახდა. ამასთან, საჩემპიონო სეზონში ვახტანგ ქორიძემ 8 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით თანაკლუბელთაგან მხოლოდ გუნდის სნაიპერ რამაზ შენგელიას ჩამორჩა. ბატონმა ვახტანგმა თანაგუნდელებთან ერთად საკავშირო თავი კიდევ ერთხელ 1979 წელს მოიგო.
ვახტანგ ქორიძე დაუშრეტელი ენერგიით, კარში უძლიერესი და ზუსტი დარტყმებით, დაცვასა და შეტევაში თანაბრად ძლიერი თამაშით, სტაბილურობით, საიმედობით გამოირჩეოდა. მან ღირსეულად ატარა თბილისის “დინამოს” რვა ნომრიანი მაისური, შემდეგ კი ესტაფეტა თენგიზ სულაქველიძეს გადასცა.
ტოტალიზატორი “ლიდერბეთი” მის მიერ დამკვიდრებულ სასიკეთო ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერად ვახტანგ ქორიძეს უმასპინძლა. შინაური და აქედან გამომდინარე თბილი საღამო ბიძინა ბარათაშვილსა და ჯამლეთ ხუხაშვილს მიჰყავდათ, ბატონი ვახტანგის პარტნიორებმა და ჟურნალისტებმა კი მის საფეხბურთო ღვაწლსა და ადამიანურ თვისებებზე ისაუბრეს. ყოფილმა დინამოელებმა ვლადიმერ ბარქაიამ, რევაზ ძოძუაშვილმა, გელა კეტაშვილმა, დავით მუჯირმა, ფირუზ კანთელაძემ, ვაჟა ჟვანიამ, ლევან ნოდიამ, გიორგი ჭილაიამ, ბესარიონ მჭედლიშვილმა, ზორბეგ ებრალიძემ, გრიგოლ ცაავამ, ვლადიმერ ახობაძემ ჟურნალისტებმა დავით ქლიბაძემ, თენგიზ გაჩეჩილაძემ, თენგიზ პაჭკორიამ, გიგა გვენცაძემ გაიხსენეს შესანიშნავი ფეხბურთელისა და პიროვნების მიერ გავლილი სპორტული გზა და არც “ლიდერბეთის” კეთილი საქმის აღნიშვნა დავიწყებიათ.