კალათბურთი

13:30 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "3X3 კალათბურთში საქართველო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება“

3X3 კალათბურთი სულ უფრო პოპულარული ხდება. 19-20 ივლისს, თბილისში 3X3 პროფესიონალ კალათბურთელთა შორის მსოფლიო ტურის ეტაპი ჩატარდება, რომელიც თბილისის კალათბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებულია.

გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ ნაცვლიშვილთან:

თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ 3X3 კალათბურთში „Tbilisi Challenge 2014” შესახებ.

- თბილისის კალათბურთის ფედერაციასთან ერთად „Tbilisi Challenge 2014” ორგანიზატორია თბილისის მერია, ხოლო „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი ჩვენი მხარდამჭერია. ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია, თბილისის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. აღნიშნული თანხა ტურნირის პრიზიორ გუნდებსა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კალათბურთელებზე გადანაწილდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სახის ტურნირი 2013 წელსაც ჩატარდა, რომელიც „სოხუმმა“ მოიგო.

წლევანდელ ტურნირში რამდენი გუნდი გამოვა?

- „Tbilisi Challenge 2014” მაქსიმუმ 16 გუნდი გამოვა. გამარჯვებული მსოფლიო ტურის ევროპული ზონის მეორე ეტაპზე იასპარეზებს, რომელსაც 9 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქი ლუგანო უმასპინძლებს. ლუგანოში დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოვლენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტურნირი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება. რაც შეეხება 3X3 კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს, მისი მასპინძელი იაპონიის დედაქალაქი ტოკიო იქნება, რომელიც მიმდინარე წლის 4-5 ოქტომბერს ჩატარდება.

ჩვენ რომ დასავლეთ ევროპის ქვეყანა არ ვართ ლუგანოს ტურნირში როგორ მოვხვდით?

-  ჩვენი სურვილი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის გვეთამაშა. 3X3 კალათბურთში საქართველო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნებს განეკუთნება და აღნიშნულიდან გამომდინარე უარი ვეღარ გვითხრეს.

თბილისის კალათბურთის ფედერაციის პარალელურად თქვენ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „დინამოს“ პრეზიდენტიც ბრძანდებით. რას გვეტყვით „დინამოს“ სამომავლო 2014-15 საკალათბურთო სეზონის შესახებ?

- ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი განხილვის პროცესშია. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სუპერლიგის 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში „დინამო“ ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

0.11798