ფეხბურთი

23:03 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის გოლი ბოლო წუთზე და სხვა ლეგიონერთა ამბები

დანიის სუპერლიგაში, "ორჰუსმა" გასვლაზე 2:2 ითამაშა "რანდერსთან". შეხვედრის ბოლო გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაათანაბრა ანგარიში პეტერსენის პასის შემდეგ, დასწრებაზე კარგად ითამაშა. ვაწაძე 58-ე წუთზე შევიდა მინდორზე, დავით სხირტლაძე 72-ეზე. დავით დევდარიანს კი ტრავმა აქვს. "ორჰუსი" მეხუთე ადგილზეა.

პოლონეთში "იაგელონიამ" შინ 1:2 წააგო "კრაკოვიასთან" და ჯერჯერობით, მეხუთე პოზიციაზეა. გიორგი ფოფხაძე განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ნიკა ძალამიძე 75-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

რუსეთში ალეკო ამისულაშვილის "კრილია" 2:0-ს უგებდა მოსკოვის "ლოკომოტივს", თუმცა ფრეს დასჯერდა – 2:2. საქართველოს ნაკრების მცველი შეუცვლელად გაისარჯა და კარგადაც ითამაშა. მისი გუნდი მე-12 ადგილზეა.

თურქეთში "ქაისერისფორმა" შინ 0:1 წააგო "გაზიანთეფთან", თუმცა ზურაბ ხიზანიშვილი არც ამჯერად ყოფილა განაცხადში. ქაისერელები მე-15 ადგილზე არიან.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" გასვლაზე 0:0 ითამაშა "ჰოვერლასთან". ლიპარტიამ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო. "ზორია" მეშვიდე ადგილზეა. 

ფინეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ირაკლი სირბილაძის "ინტერმა", რომელმაც შინ 2:0 სძლია "იუვიასკილას", თუმცა სახიფათო ზონაში დარჩა: მეცხრე ადგილზეა 12 გუნდს შორის. სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ლატვიაში დაუგავპილსის "დაუგავამ" გასვლაზე 2:0 აჯობა "სპარტაკსს" და პირველი გოლი ქართველმა ბიძინა ცინცაძემ გაიტანა 38-ე წუთზე. ცინცაძემ და გიორგი ჩიხრაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მამუკა ღონღაძემ ბოლო 12 წუთი გაატარა მინდორზე. ქართველთა გუნდი მესამე ადგილზეა და სავარაუდოდ, ამავე საფეხურზე დაასრულებს ჩემპიონატს.

ტურის და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში, თამაზ პერტიას გაწვრთნილმა  "სკონტომ" შინ 1:1 ითამაშა "ვენტსპილსთან". ამ მატჩში, ქართველთაგან მხოლოდ ირაკლი კლიმიაშვილი გაისარჯა, სასტარტოში იყო და 38-ე წუთზე შეცვალეს. არ უთამაშიათ ლაშა დვალს, ლადო დათუნაშვილს, ლევან ჭაჭიაშვილს (სამივე – "სკონტო") და ვენტსპილსელ თორნიკე თარხნიშვილს. დვალს, რომელსაც წინასწარი კონტრაქტი აქვს გაფორმებული ინგლისურ "რედინგთან", ტრავმა აქვს.

"სკონტო" პირველ ადგილზეა და მდევარ "ვენტსპილსს" 3 ქულით უსწრებს, თუმცა თარხნიშვილის გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.

ლატვიაშივე, "ილუკშტესმა" შინ 1:2 წააგო "მეტასთან" და ბოლო ადგილზეა. "ილუკშტესში" შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ტუხაშვილმა, გიორგი ხუმარაშვილმა და ლევან ჯალიაშვილმა.

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" შინ 2:1 სძლია "მოდენას" და მეორე ადგილზეა. ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ იყო, ლევან მჭედლიძე  კი სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ.

0.11691