ფეხბურთი

14:17 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე რეაბილიტაციის პროცესს 3 თვეში დაიწყებს

 

დანიის “ორჰუსის” ექიმის იაკობ აასტრუპის თქმით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი მათე ვაწაძე რეაბილიტაციის პროცესს 3 თვეში დაიწყებს.

“ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მას კოჭში ხრახნები ჩავუდგით და უახლოესი 6 კვირის განმავლობაში სრული სიმშვიდე სჭირდება. ხრახნებს 3 თვის შემდეგ მოვხსნით და მათეს შეუძლია რეაბილიტაციის პროცესი მშვიდად დაიწყოს. კოჭის ტრავმა შეიძლება ისეთივე სერიოზული აღმოჩნდეს, როგორიც მუხლის და ფეხბურთელმა კარიერა დაასრულოს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვაწაძისთვის ოპერაცია დაუყონებლივ გაგვეკეთებინა” – იუწყება ასტრუპის სიტყვებს გამოცემა jyllands-posten.dk-ი.

ვაწაძემ კოჭი “ნორშიელანდთან” მატჩის დროს დაიზიანა, როდესაც მეტოქის ფეხბურთელ ჟორეს ოკორესთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ, “ფარუმ პარკის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე ფეხი ცუდად დადგა. წინასწარი ვარაუდით, ქართველი დაახლოებით 6 თვე ვერ ითამაშებს.

ასტრუპის თქმით, მათე მიღებული ტრავმით ძალიან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია. ამიტომ, თუ ის მოისურვებს, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა,  მკურნალობის საწყის ეტაპზე ფეხბურთელი საქართველოში, თავის ოჯახთან გაამგზავროს.   

ვაწაძის ტრავმის შემდეგ, “ორჰუსს” შეტევის ხაზში პრობლემა შეექმნა და გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ სორენსენი, იძულებულია თავდასხმაში ნახევარმცველი კასპერ სლოტი ათამაშოს.

“ამჟამად, გუნდში ორი თავდამსხმელი გვყავს, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე. ამიტომ, კასპერ სლოტს შეუძლია შეტევაში ითამაშოს, როგორც ეს მან “ბრონდბიუსთან” მატჩში გააკეთა” – თქვა სორენსენმა.

 

0.11753