ჩოგბურთი

23:56 | 11.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ კასაბლანკის ტურნირი მოიგო


სტანისლას ვავრინკამ კასაბლანკის 400-ათასევროიანი თიხნარობის ფინალში ვიკტორ ჰანესკუ დაამარცხა და წლის პირველ, ხოლო კარიერის მეორე ტიტულს დაეუფლა.
25 წლის შვეიცარიელმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილი უკავია, 3 წლით უფროსსა და 20 ადგილით ქვემდგომ მეტოქეს დამაჯერებლად – 6:2 6:3 – სძლია.
ეს მათი მესამე დაპირისპირება გახლდათ და ვავრინკამ ჰანესკუს პირველად აჯობა.
ამ მოგებით მან ასევე წერტილი დაუსვა თავისთვის წარუმატებელ ფინალთა სერიას. კასაბლანკამდე, სადაც ის აქამდე არასოდეს ჩასულიყო, ვავრინკამ ზედიზედ ხუთი გადამწყვეტი მატჩი დათმო, ამათგან სულ ბოლოჯერ – მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ინდური ჩენაის მაგარსაფარზე.
თავისი პირველი ტიტული მას 2006 წელს, ასევე წითელ თიხაზე მოეხვეჭა – ხორვატული უმაგის ტურნირზე, რომლის ფინალშიც მან სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაჯაბნა...
ვავრინკა გახდა პირველი შვეიცარიელი, რომელმაც კასაბლანკის ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, ეს შეჯიბრება წლეულს ოცდამეერთედ გაიმართა.
იმავდროულად, ეს ვავრინკასთვის პირველი ტიტულია მამის რანგში – 12 თებერვალს მისმა მეუღლემ ამქვეყნად მათი პირმშო გოგონა, ალექსია, მოავლინა.
ის და ჰანესკუ, რომელსაც იქ მასავით კარიერის მეორე ტიტულის მოპოვება შეეძლო, დავას მომდევნო კვირაში მონტე კარლოს თიხნარზე გააგრძელებენ. ბედმა ისე ინება, რომ კასაბლანკის ფინალისტები სეზონის პირველ მასტერთიხნარობაზე ერთმანეთს პირველ წრეში დაუპირისპირებიან.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168867