ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი სტანისლას ვავრინკა და დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი შვეიცარიის ნაკრების ღირსებას იცავენ და თავიანთი ქვეყნის საჩოგბურთო ეროვნული გუნდის დევისის თასის მეოთხედფინალში ვადამდე ადრე გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ვავრინკამ და ფედერერმა ერთეულთა მატჩები მოიგეს ნოვაკ ჯოკოვიჩის გარეშე მოასპარეზე სერბეთთან, მარკო ჩუდინელისა და მიხაელ ლამერის წყვილმა კი შვეიცარიელებს მესამე ქულა მოუპოვა.
წესით და რიგით, სტანისლავ ვავრინკა 3 თებერვლიდან საფრანგეთის ქალაქ მონპელიეს ტურნირში უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ გადაღლობის გამო ასპარეზობაში ჩაბმაზე უარი განაცხადა: “ბოდიშს ვუხდი ტურნირის ორგანიზატორებს, სპონსორებს და გულშემატკივრებს. მონპელიეში თამაშს მართლაც ვაპირებდი, მაგრამ ზედიზედ ჩატარებული მატჩების შემდეგ დაღლილი ვარ და იძულებული გავხდი მონპელიეში გამგზავრებაზე უარი მეთქვა”.
შვეიცარიელების სამეოთხედფინალე მეტოქეს ყაზახეთისა და ბელგიის მატჩი გამოავლენს. 2 საასპარეზო დღის შემდეგ ყაზახები 2:1-ს იგებენ.
გაირკვა პირველი მეოთხედფინალური წყვილი. 4-6 აპრილს ნახევარფინალში გასასვლელად გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები იბრძოლებენ. ორივე მათგანმა 3:0 წაიყვანა შესაბამისად ესპანეთთან და ავსტრალიასთან და დარჩენილი 2 შეხვედრა ფორმალობად აქცია.
მეოთხედფინალშია იაპონიის ნაკრებიც. დღეს დილით კეი ნიშიკორიმ კანადელ ფრანკ დანჩევიჩს მოუგო და გუნდური ანგარიში 3:1 გახადა. იაპონელთა მომდევნო მოწინააღმდეგეს დევისის თასის მოქმედი ჩემპიონის ჩეხეთისა და ჰოლანდიის მატჩი გამოავლენს. ამ წყვილში ჯერჯერობით ანგარიში 2:1-ია ჩეხთა სასარგებლოდ.
დღესვე გაირკვევა კიდევ 2 მეოთხედფინალისტის ვინაობა. წყვილთა მატჩების შემდეგ იტალია არგენტინას, დიდი ბრიტანეთი კი აშშ-ს 2:1-ს უგებს.