საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ვატო წერეთელი თანამდებობიდან გადადგა. ის 2013 წლის დეკემბერში აირჩიეს პრეზიდენტად და სულ ნახევარი წელიწადი იმუშავა პოსტზე. რატომ ასე ცოტა ხანს? აღმოჩნდა, რომ წერეთელი სპორტულ არხს ხსნის:
ჟურნალისტებს ამის შესახებ ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია ესაუბრა პრესკონფერენციაზე:
გიორგი დარჯანია: “კარგად იცით, რომ ასოციაციის პრეზიდენტი შუა სეზონში მივიდა ფედერაციაში და ისიც ცნობილია, რომ პირობები ძალიან ცუდი იყო. შექმნილი მდგომარეობა რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ გარკვეული საკითხების მოგვარება და მკიზანსაც მივაღწიეთ”.
ვატო წერეთელი: “ამჟამად ასოციაცია გამართულად მუშაობს და ახალ პრეზიდენტს საქმე გაუიოლდება. ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობები შემიძლია მოვახმარო არა მარტო ფუტსალს, არამედ მთლიანად ქართულ სპორტს. ვხსნი სპორტულ არხს, სადაც შევძლებ უფრო კარგად დავეხმარო სპორტის ყველა სახეობას. მივდივარ ფუტსალიდან, მაგრამ მოვდივარ სპორტში. შევეცდები ის ერთი აგური მაინც დავდო, რომელიც ქართული სპორტის აღორძინებას წაადგება”.
მონიტორზე აჩვენეს, თუ რა გააკეთა ფუტსალის ასოციაციამ 6 თვეში. ცოტა ნამდვილად არ გაკეთებულა და კარგი იქნება, თუ მომავალი პრეზიდენტი საქმეს ასევე კარგად გააგრძელებს. უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები, ალბათ, 2-3 კვირაში გაიმართება.