სტატიები

13:57 | 16.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ვაშინგტონი”

ბოლო სეზონები: სირცხვილი
ბოლო სეზონებში „ვაშინგტონის“ მიერ ნაჩვენებმა კატასტროფულმა შედეგებმა, კლუბის ხელმძღვანელობას მაშტაბური რეორგანიზაციისკენ უბიძგა. გენერალურმა მენეჯერმა ერნი გრუნფილდმა, ძალიან ნაყოფიერად იმუშავა მთელი ზაფხული. ჯერ რაშად ლუისი და დრაფტზე მეორე რაუნდის არჩევანი წარმატებით გაცვალა „ნიუ ორლეანის“ ორ მოთამაშეზე – ემაკა ოკაფორსა და ტრევორ არიზაზე, რომლებიც მომავალ სეზონში „ვაშინგტონის“ სასტარტო ხუთეულის წევრები იქნებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი, გრუნფილდმა თავიდან მოიშორა სკანდალური იმიჯის და მაღალი ხელფასის მქონე ანდრეა ბლაჩი, რომელსაც ბოლო პერიოდში, კლუბის ცხოვრებაში არეულობისა და უსიამოვნების მეტი არაფერი შეჰქონდა, მის მაგივრად კი, მოიყვანა სტაბილურად  მაღალ დონეზე მოთამაშე სნაიპერი მარტელ უებსტერი. „ვიზარდსის“ რიგების ნენე ილარიოთი  შევსებით, ჯონ ვოლს გაეხსნება ხელ-ფეხი, რათა წარმატებით გაითამაშოს ხოლმე პიკ ენ როლები.“ „ისინი  დაბრუნდნენ, რათა ახლიდან დაიწყონ ცხოვრება“, – ყველაზე მეტად, ეს ფრაზა მიესადაგება დღევანდელ „ვაშინგტონს“.

მთავარი მწვრთნელი: რენდი უიტმანი
უიტმანი როდესაც „მინესოტას“ დამრიგებელი გახლდათ, ითვლებოდა ნბა-ს უსუსტეს მთავარ მწვრთნელად და სავსებით სამართლიანადაც, რადგან მხოლოდ 118 გამარჯვება 356 მატჩში, დაგვეთანხმებით, საშინელი შედეგია. რენდის არც ეხლა მოუმატებია დიდად არცერთ ასპექტში. როდესაც დედაქალაქურ კლუბში მთავრი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, ყველა თვლიდა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო, მაგრამ ნელ-ნელა, კლუბის იმდროინდელმა კონტიგენტმა, ჯავალ მაკგის, ანდრეა ბლაჩის და ნიკ იანგის შემადგენლობით, გამოასწორეს თამაშის ხარისხი და ეს წარმატება, მაშინვე უიტმანის დამსახურებად ჩაითვალა. მაგრამ „ახალი ცოცხი კარგად გვის“ პრინციპი დიდხანს არ გაგრძელდა. გუნდს უკვე დიდი ხანია აღარ ჰქონია არც პერსპექტივა და არც  პრეტენზია პლეიოფში მოხვედრაზე და ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია, რატომ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი „ვაშინგტონის“ ხელმძღვანელებმა რენდი უიტმანს. აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფში მოსახვედრად, აპრილის დასაწყისში ნამდვილი საგიჟეთი იქნება და ამ ბრძოლაში სუსტი დამრიგებლის ყოლა, დიდი ალბათობით, საბედისწერო შეიძლება გამოდგეს. 2012–13 წლების სეზონი ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს.

ახალი იმედი: ბრედლი ბილი
ბრედლი ბილი დაბადებით საკალათბურთო სნაიპერია, რომელიც დაჯილდოვებულია დიდი საკალათბურთო ინტელექტით. მან თავის შესაძლებლობები უკვე 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაანახა ყველას, როდესაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ბილს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში, ძალუძს  შეხვედრის ყველაზე მძიმე და საჭირო მომენტებში, საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და ზედიზედ რამოდენიმე წარმატებული შეტევით, ფსიქოლოგიურად დაანგრიოს მეტოქე. ბრწყინვალეა დაცვაში – მაგრამ ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, უნივერსიტეტის ლიგის დონეზე აქვს გაკეთებული და საინტერესოა, როგორ შეეგუება იგი ნბა-ს მაღალ მოთხოვნებს. “ვაშინგტონში“ მოსვლის დღიდანვე ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და პასუხისმგებლობაც საკმაოდ დიდი იქნება. ჯონ ვოლის სეზონის წინა ტრავმასაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ბრედლის აქციები, ერთიორად იწევს მაღლა.

http://www.youtube.com/watch?v=KI5TVCJuY3s

მთავარი გმირი: ჯონ ვოლი
ჯონ ვოლი და მის ფილოსოფია, “ვაშინგტონში” უკვე 2 წელია წარმატებით გრძელდება. მიუხედავად კლუბის არასახარბიელო შედეგებისა, “ვიზარდსის“ ძირითადი გამთამაშებელის რეპუტაცია არასდროს დამდგარა ეჭქვეშ. იგი თითქმის ყველა საკალათბურთო ასპექტში პროგრესირებს, ათლეტურია, ბრწყინვალე მეპასეა, შეუძლია დრიბლინგით შევარდეს მეტოქის სამწამიანში და იქ მოიხვეჭოს ქულები, ასევე საშიშია საშუალო დისტანციებიდან ტყორცნისას. იშვიათად, ასე კარგად შეეძლოს გამთამაშებელს მეტოქის მეორე ნომრებთან პაექრობა და მყარად დაცვაში დგომა. გასულ სეზონში, ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ამჟამად კომენტატორმა ჩარლზ ბარკლიმ, რეპორტაჟის დროს დასცინა ვოლის სამქულიანებს: „ეს ბიჭი ისე საშინლად ესვრის სამიანებს, რომ მე მგონი, ჯავალ მაკგიც კი დიდი სხვაობით აჯობებს“,.. დიახ, ჯონს მართლაც მოსამატებელი აქვს პერიმეტრიდან სროლაში. ასევე, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრ ბურთის დაკარგვას ახერხებს მატჩში. ამ მაჩვენებლით, ნბა-ში არსებული 70 გამთამაშებლიდან, 56–ე პოზიციაზეა. თუმცა ეს ნაკლი მისი ახალგაზრდული ასაკით შეიძლება აიხსნას ...ჯერჯერობით.

http://www.youtube.com/watch?v=l1XDN8wtoDI


მეხუთე ბორბალი: ტრევორ არიზა
ტრევორ არიზა – ბოლო რვა წლის განმავლობაში, „ვაშინგტონი“ მისთვის მეექვსე კლუბია. ამ დროის განმავლობაში კი, შვიდჯერ მოახერხა აბარგება-გადაბარგება ნბა-ს ერთი გუნდიდან მეორეში. არიზა, კარიერის განმავლობაში, საჩემპიონო ბეჭდის მფლობელიცაა, რომელიც ლეიკერსში ყოფნისას მოიპოვა. იგი იმ უნივერსალ მოთამაშეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც, ერთდროულად სამ პოზიციაზე შეუძლიათ გარჯა (მეორე,მესამე და მეოთხე ნომრის პოზიციებზე). სახიფათოა როგორც პერიმეტრიდან, ასევე სამ წამიან ზონასთანაც. მისი გიჟური სლემ დანკები კი, ხშირად ხვდება ნბა-ს ტოპ ათებში. ბოლო წლებია, კიდევ ერთ ახალგაზრდობას განიცდის და მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში „ნიუ ორლეანში“ ცოტა დაუვარდა თამაშიდან ზუსტი ტყორცნების პროცენტული მაჩვენებელი, მისგან ვაშინგტონური პუბლიკა მაინც ძალიან ბევრს ელის.

http://www.youtube.com/watch?v=8mAajbn6O_M

X ფაქტორი: ნენე ილარიო
დედაქალაქელთა ბრაზილიელი ცენტრი ნენე ილარიო, ჯონ ვოლის შემდეგ, გუნდის ყველაზე მყარ დასაყრდენად მოიაზრება. მიუხედავად საკმაოდ სოლიდური გაბარიტებისა, ძალიან მოძრავი და პლასტიკურია, გააჩნია სწრაფი რეაქცია, რაც საშუალებას აძლევს, დაცვაში ერთნაირი წარმატებით ითამაშოს როგორც წინა ხაზის, ასევე უკანა ხაზის მოთამაშეებთან. საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით უტევს საშუალო დისტანციიდან (3 მეტრის რადიუსი კალათიდან) 41,7%. ხშირად იღებს საკუთარ თავზე თამაშს და აქტიური ქმედებებით აიძულებს მასზე დაჯარიმდნენ მოწინააღმდეგეები. უიტმანი მას ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე გამოიყენებს, რაც ბრაზილიელს უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. თუ მომავალ სეზონში თამაშიდან ტყორცნების პროცენტულ მაჩვენებელს 60%-ზე აწევს, ხოლო საჯარიმო ხაზიდან მისი სიზუსტე 70% მიუახლოვდება, მაშინ იგი, საშუალოდ მატჩში 15 ქულას და 10 მოხსნას დააგროვებს, რაც აუცილებლად გაუხსნის გზას ყველა ვარსკვლავის მატჩისაკენ.

http://www.youtube.com/watch?v=ays9bZnKXkA


სასტარტო ხუთეული: ჯონ ვოლი, ბრედლი ბილი, ტრევორ არიზა, ნენე ილარიო, ემეკა ოკაფორი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: ვოლი – 17,4
მოხსნები: ოკაფორი – 8,2
გადაცემები: ვოლი – 8,6
ჩაჭრები: არიზა – 2,1
დაფარებები: ოკაფორი – 1,4
დაკარგვები: ვოლი – 3,5

დასკვნა: ვაშინგტონური კლუბის პერსპექტივები პლეიოფში მოხვედრაზე, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია სეზონის სტარტზევე.
1) ძალიან სუსტი მთავარი მწვრთნელი რენდი უიტმანი
2) სასტარტოს ხუთეულიდან, რეალურად, მომატება და პროგრესი შეუძლიათ მხოლოდ ვოლს და ნბა-ს ახალწვეულ ბრედლი ბილს. გეთანხმებით, ფურცელზე ძალიან თვალისმომჭრელია არიზა-ილარიო-ოკაფორის ტრიო, მაგრამ რეალურად, ეს ბიჭები ისეთ ასაკში არიან, რომ მათი პროგრესი, ცოტა არ იყოს, საეჭვოა. თუმცა ეს სამეული „ვიზარდსის“ დაცვაში თამაშს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და თუ წინა სეზონში საშუალოდ 98,4 ქულას იღებდა „ვაშინგტონი“ მეტოქეებისგან, წლეულს, ეს რიცხვი  მნიშვნელოვნად დაიწევს. სანამ ვოლი ბოლომდე არ გაამართლებს მასზე გაცემულ იმედებს, ხოლო ბილი სრულიად არ მოახდენს ადაპტაციას ახალ ლიგასთან, მანამდე, სერიოზულ რეზულტატამდე ჯერ კიდევ შორია.

 

გიორგი ბარბაქაძე   
 

0.149033