ბავშვთა ფეხბურთი... ვინ იცის, რამდენი და რა სახის საუბარი არ გამართულა ჩვენში მის შესახებ. როგორი რეცეპტი არ შემოუთავაზებიათ. ვარსკვლავები კი, ორიოდ გამონაკლისის გარდა, აღარ ჩანან.
ნურავინ იფიქრებს, რომ მარტო ჩვენშია ასე. დააკვირდით წამყვან ევროპულ კლუბებს... ხომ აშკარაა, რომ შესამჩნევად შემცირდა ეგრეთ წოდებული „განვითარებადი ქვეყნებიდან“ წამოსული ფეხბურთელების წილი? ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ფერადკანიანი, აფრიკელი ფეხბურთელების მაგალითზეა - თუკი ხუთიოდე წლის წინ, ლამის ყველა გრანდი სავსე იყო ფერადკანიანებით, ახლა თეთრი რასა ჭარბობს.
ამ ტენდენციას ორგვარად ხსნიან: პირველი - თეთრი ბავშვები უფრო მორჩილნი და შრომისმოყვარენი არიანო და მეორე - ფეხბურთში დადგა დრო, როცა მარტო ნიჭი ან ბალახი აღარ წყვეტს ყველაფერს, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე ფეხბურთელს ვერ გაზრდიო...
ძნელი სათქმელია, სად და რა არის სიმართლე. მით უმეტეს, კარგი პირობები და თანამედროვე აღზრდის სისტემა ისევე შორსაა საფეხბურთო საქართველოსაგან, როგორც ზოგადად დიდი ფეხბურთი.
ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება, თუკი წამყვანი საფეხბურთო კლუბების მაგალითზე ვნახავთ, რას და როგორ აკეთებენ იქაურ ბავშვთა აკადემიებში. „ევროპაში მოგზაურობა“ ბარსელონათი დავიწყოთ და კატალონიის დედაქალაქის უპირველესი ბრენდის, „ბარსას“ ვარსკვლავების სამჭედლოში ანუ საფეხბურთო აკადემიაში შევიაროთ...
პუიოლი, მესი, ჯოვანი, ინიესტა, ვალდესი, ჩავი, კუენკა, პედრო, ბუსკეტსი, ალკანტარა, გარომაელებული ბოიანი - აი, არასრული ჩამონათვალი იმ დიდი და საშუალო ფეხბურთელებისა, რომლებიც „ბარსელონას“ აკადემიაში გაიზარდნენ და როგორც კატალონიურ, ასევე ესპანურ ფეხბურთს მანამდე არნახული გამარჯვებები მოუტანეს.
მათ ნაკვალევზე ასობით მომავალი ფეხბურთელი იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს მიაჩნია, ამ ბიჭებს ბავშვობა და სიჭაბუკე მათივე არჩევანმა წაართვაო, უბრალოდ, არ დავეთანხმები ამ აზრს.
აკეთო ის საქმე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოგდის და რომელიც ყველაფერზე მეტად გიყვარს, მოგვიანებით კი სწორედ საკეთებლის საშუალებით გახდე მდიდარი და სახელოვანი...
სავარაუდოდ, ბედნიერებაც ეს უნდა იყოს.
„რეზიდენცია ანუ აკადემიის შენობა“ 1702 წელს აგებული ქვის „ტომარაა“, რომელიც „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე მდებარეობს და რკინის მესრითაა შემოღობილი. შენობაში სამი, არცთუ ხალვათი ოთახია, სადაც სინათლე ქვის კედლებში ამოჭრილი ფანჯრებიდან შედის და კედლების გასწვრივ კი 12 ორსართულიანი საწოლი (ოთხ-ოთხი თითოში) დგას. საწოლების მფლობელები პატარა ბიჭები არიან - 10-დან 17 წლამდე 24 ფეხბურთელი. აკადემიის კიდევ 36 წევრი უშუალოდ „კამპ ნოუს“ „მუცელში“ ბინადრობს და მათაც დაახლოებით ისეთივე პირობები აქვთ, როგორიც „ტომრის“ მაცხოვრებლებს.
შუადღით ერთგანაც და მეორეგანაც თითქმის სამარისებური სიჩუმეა - ამ დროს ყველანი სკოლაში არიან და წესრიგს რაც შეეხება, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ოთახებში არეულობას შეამჩნევთ: მიყრილ-მოყრილი პირსახოცები, ფლოსტები, აულაგებელი ლოგინები, კბილისა თუ ტანსაცმლის ჯაგრისები...
დიდ, სავარაუდოდ საერთო მაგიდაზე „ნამეცადინები“ კვალი ჩანს - ფურცლები მათემატიკის ამოუხსნელი ამოცანით. მოკლედ, ჩვეულებრივი, ბიჭური პანსიონის ტიპური სურათია...
სიცოცხლე სამზარეულოში ჩქეფს. ხნიერი მზარეული, დაღლილი გამომეტყველებითა და შტამბეჭდავი ზომების ჩამჩით უკვე გამლღვალ საქონლის ხორცს „ებრძვის“. შემოსასვლელთან დახვავებულ ლურჯი პლასტმასის ყუთებიდან ფორთოხალი, ცერცვი, ფრანგული ბატონები „იმზირებიან“. კუთხეში ნივრით პირთამდე სავსე ვედრო დგას, კედელზე კი კვირის მენიუა მიმაგრებული:
მაკარონი - ისპანახი, მაკარონი - წიწილი, მაკარონი - ხორცი, მაკარონი - თევზი - მეცნიერულად, ამას სწორად დაბალანსებული კვება ჰქვია.
ბიჭები 23 საათზე იძინებენ - ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ დროს ირთვება სინათლე და იკეტება „რეზიდენციაში“ შესასვლელი ერთადერთი კარი. დილა კი 6.30-ზე იწყება - ჰიგიენა, საუზმე (ბუტერბროდი და ყავა რძით) და სირბილით ავტობუსისკენ. დილის რვა საათიდან ორის ნახევრამდე გაკვეთილებია ჩვეულებრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, რომელიც, რასაკვირველია, აკადემიას ეკუთვნის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მომავალ ვარსკვლავებს ისეთივე საგნების სწავლას აიძულებენ, როგორსაც გიგლა-ტიტინა სწავლობდა: მათემატიკა, ისტორია, სამართალმცოდნეობა, ესპანური, ლიტერატურა. გაკვეთილების შემდეგ ისევ ავტობუსით უკან რეზიდენციაში ბრუნდებიან და სადილობენ.
ნასადილევს ნახევარსაათიანი შესვენება და კვლავ ავტობუსი, რომელსაც ბიჭები ბაზაზე მიჰყავს. დიახ, დიახ, სწორედ იმ ბაზაზე, სადაც დიდი „ბარსა“ ვარჯიშობს. საათნახევრიანი ვარჯიში - ავტობუსი - რეზიდენცია - გაკვეთილების მომზადება - ვახშამი - ძილი და...
ასე მრავალი წლის განმავლობაში.
ეს 60 ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონას“ აკადემიაში თავს უყრიან მთელი ესპანეთიდან და დანარჩენი მსოფლიოდან, ეგრეთ წოდებული „ნაღებია“, აკადემიის ელიტა. სულ კი „ბარსას“ აკადემია 500 მოვარჯიშე მოზარდს ითვლის. სწორედ ეს 60 ფეხბურთელია ის რესურსი, რომელმაც, აკადემიის მწვრთნელების აზრით, პირველი გუნდის შევსება უნდა შეძლოს. გზა, რომელსაც ბიჭები პირველ გუნდამდე მიჰყავს, მეტად სასტიკია, რაკიღა ნიჭის გარდა, სასტიკ დისციპლინასა და ზღვრამდე მისულ შრომისმოყვარეობას მოითხოვს.
ნურავინ იფიქრებს პათოსზე - ქვემოთ რეზიდენციის შინაგანაწესზე ვილაპარაკებთ და ნათლად გამოჩნდება, რამხელა მსხვერპლს იღებენ ბავშვები.
წესი პირველი - აკადემიის პანსიონში მაცხოვრებელ ბავშვს, რომელსაც 15 წელი არ შესრულებია, არა აქვს უფლება, დატოვოს ტერიტორია, თუკი აღმზრდელთაგან რომელიმეს არ თხოვს ნებართვას. აღმზრდელები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ და განრიგის მიხედვით ენაცვლებიან ერთმანეთს. რაც შეეხება 15 წელს გადაცილებულ ყმაწვილს, „თავისუფალ დროს“ გარეთ გასეირნება კი შეუძლია, მაგრამ აუცილებლად უნდა გააფრთხილოს აღმზრდელი, თუ სად მიდის და რის გაკეტებას აპირებს.
წესი მეორე - რეზიდენციაში მეგობრებისა და ახლობლების მიწვევა სასტიკად აკრძალულია. ამას უბრალო მათემატიკით ხსნიან: ჩვენთან პანსიონში 60 ბავშვი ცხოვრობს და თუკი ყველამ მეგობარი ისტუმრა, თავად წარმოიდგინეთ, რა მოხდება... სამაგიეროდ, შვილების მონახულება დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ მშობლებს, თუმცა ერთი პირობით: შეხვედრამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო და საწვრთნელ პროცესებს. გამომდინარე იქიდან, რომ აკადემიაში სულ სასწავლო ან საწვრთნელი პროცესებია, უცხოელი ბავშვების მშობლები წელიწადში ერთხელ-ორჯერ თუ ნახულობენ შვილებს.
მკაცრად კონტროლდება ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ინტერნეტ-ურთიერთობებიც. ბავშვებს ეკრძალებათ ინტერნეტ-კაფეებში ჯდომა და ქსელს იყენებენ მხოლოდ იმ დროს, როცა სკოლაში, კომპიუტერულ კლასში სხედან.
წესი მესამე - საკმაოდ „გასამხედროებულია“ საწვრთნელი პროცესი და გარეშე პირს ბავშვების ვარჯიშის გადაღებაც რომ მოესურვოს, აუცილებლად უნდა დაეკითხოს მწვრთნელს, რომელიც აუცილებლად გაგაგზავნის მმართველ სტრუქტურაში და სანამ იქედან დაბრუნდები, ვარჯიში დამთავრებული იქნება.
კიდევ: დიდი ყურადღება ექცევა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის ხარისხს. საქმე ისაა, რომ ბიჭი „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიიდან, არასოდეს და არცერთ მდგომარეობაში არ შეიძლება იყოს „ოროსანი“. მათ უბრალოდ, ჩამოაშორებენ ხოლმე ვარჯიშებს და ბუნებრივია, თამაშებსაც (ოფიციალური შეჯიბრებები 8 წლიდან ეწყებათ). ადვილი გასაგებია, რომ უფრო დიდ სასჯელს ამ ბიჭებისთვის ვერავინ მოიგონებს და ამიტომაცაა, მათი უმეტესობა ერთადერთ თავისუფალ საღამოს, პარასკევი დღისას, სპეციალურად მოწვეულ პედაგოგებთან ატარებს, რათა დამატებით იმეცადინოს „ძნელ საგნებში“. ამ დროს, მეცნიერებებისადმი უფრო ნიჭიერად მიდრეკილი ამხანაგები ათასგვარი გასართობით არიან დაკავებული და არც მთლად კეთილი შურის ობიექტები ხდებიან „გაჭირვებულთათვის“.
და მაინც, როგორ გგონიათ, რას ნიშნავს „ათასგვარი გასართობი“?
ძირითადად, კინო და იქ ფილმის ყურება.
„ბარსას“ აკადემიაში საყოველთაოდ ცნობილია ერთი ასეთი ისტორია. მავანი ბიჭი მოულოდნელად გასუქდა. იგი ჭამდა ისევე, როგორც სხვები, ბუნებრივია, არსად გადიოდა და შესაბამისად, სხვაგან ვერც ვერაფერს შეჭამდა. გარდა ამისა, აკადემიაში ბავშვები მუდმივად წონის კონტროლზე ჰყავთ და როგორ მოხდა ეს ამბავი, ვერავინ ახსნა. ამასობაში დაიწყო არდადეგები, ბავშვები საკუთარი სახლებისკენ გაიმართნენ და რასაკვირველია, წონამომატებულ ბიჭიც შინის გზაზე გაემზადა. თურმე სადა ხარ... „სანამ წონას არ დააგდებ, სახლი დაივიწყე!“, უთხრეს მას და რა გაეწყობოდა, სახლის მაგიერ ბაზაზე, სარბენად გაემართა.
პატარებს მისაბაძი მაგალითი სჭირდებათ და აკადემიის მესვეურებს ამაზეც ნაფიქრი აქვთ. რეზიდენციის ყველაზე ხშირი სტუმარი ინიესტაა. რატომ აქციეს იგი ბარსელონელი ბიჭების კერპად? სულ უბრალო მიზეზის გამო - გარდა საშუალოსი, მას საუნივერსიტეტო განათლებაც აქვს და აკადემიის მმართველები მისი „გაბრენდებით“ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს პრიორიტეტს: გინდა „ბარსაში“? ისწავლე!
ინიესტა ხშირად, სხვები ხანდახან სტუმრობენ პანსიონს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმე ვარსკვლავთაგანი საწვრთნელ პროცესს დაესწროს. მაშინ ხომ ყველაფერი აირევა, ბავშვებს გულისყური გაეფანტებათ, ავტოგრაფები, კითხვები, ფოტოს გადაღების სურვილი და მცდელობა, და პროცესი ჩაიშალა...
„არავის აქვს უფლება, ბავშვი მოწყვიტოს იმ სიამოვნებას, რასაც ფეხბურთით ტკბობა ჰქვია!“ - მიაჩნიათ „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიაში.
სამაგიეროდ? სამაგიეროდ ისინი იღებენ სტიპენდიას (რომლის ოდენობაც, რასაკვირველია, გასაიდუმლოებულია), სარგებლობენ უნიკალური მეთოდიკით, რომლის ამოსავალი წერტილიც ბურთთან მუშაობის უნარისა და ტაქტიკური აზროვნების სწორად ჩამოყალიბებაა. სხვათა შორის, „ბარსას“ აკადემიაში 15 წლამდე ბავშვების ათლეტურად განვითარებაზე თითქმის არ ზრუნავენ - მასზე მუშაობას მოგვიანებით იწყებენ.
„ჩვენს საბავშვო გუნდებში არ არის და არც არასოდეს იქნება ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ზის, რა თქმა უნდა, ტალანტიდან გამომდინარე, ვიღაც მეტს თამაშობს, ზოგს კი ნაკლები დრო ეძლევა, მაგრამ მინდორზე გამოდის უკლებლივ ყველა. თუკი შეცდომა დავუშვით და აკადემიაში ავიყვანეთ ბავშვი, რომელიც „ბარსელონას“ მოთხოვნებს ვერ პასუხობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრობლემაა, ბავშვი არაფერშია დამნაშავე!“ - აი კიდევ ერთი, ვფიქრობ უმთავრესი პრინციპი, რომელიც თავის დროზე კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორის თანაშემწე, პაკო მარტინესმა გაახმიანა.
ასეთი მიდგომის გამოა სწორედ, „ქვის ტომრიდან“ რომ ვარსკვლავები ცვივა...
კონსტანტინე გოგიშვილი