საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ ძლეული მეტოქის კირილ დენისოვის, რუსეთის ნაკრების ხელმძღვანელობისა და სრულიად რუსული სპორტული გამოცემების ბრალდების საპასუხო კომენტარი “მსოფლიო სპორტთან” გააკეთა.
შეგახსენებთ, გუნდური ჩემპიონატის ფინალის მეოთხე შეხვედრაში, ლიპარტელიანმა დენისოვს შიდოთი მოუგო და საერთო ანგარიში გაათანაბრა. რუსები სწორედ ამ შეხვედრას იხსენებენ, აქაოდა ქართველმა ძიუდოისტმა ჩვენს ფალავანს ფეხზე უკბინაო. ამ დარღვევაზე თავად კირილ დენისოვმაც ისაუბრა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმაც. ამასთან, მათ აღნიშნეს, შეხვედრის დასრულებისთანავე ლიპარტელიანი ჩვენთან მოვიდა და არასპორტული საქციელის გამო ბოდიში მოგვიხადაო.
“ეპიზოდი, რომელზეც ერთი ამბავი ატეხეს, მსაჯის მიერ შეხვედრის შეჩერების შემდეგ მოხდა. დენისოვი შეგნებულად ცდილობდა, ჩემთვის ხელის მტკივნეული ილეთი გაეკეთებინა, რათა ბრძოლა ნაადრევად შემეწყვიტა. ძალიან კარგად ვიცნობ ამ ძიუდოისტს, არაერთხელ შევხვედრივართ და ასე უკვე მესამედ მომექცა. ევროპის ჩემპიონატზეც შეჩერებულ შეხვედრაში გამიჭიმა ხელი და მერე დაახლოებით ორი თვე მტკიოდა. ასე რომ, სანამ არასპორტულ საქციელზე ლაპარაკს დაიწყებს, თავისი ცოდვები გაიხსენოს.
- თავად დენისოვმაც და რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც გამოაცხადეს, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე მათთან მისულხარ და კბენის გამო ბოდიში მოგიხდია.
- პირველ ყოვლისა გეტყვით, რომ მისთვის არ მიკბენია. თუ უხეშად მივარტყი, ეს მხოლოდ მისი უხეშობის პასუხი იყო. ხოლო ის, რომ თურმე ბოდიში მომიხდია, სრული სისულელეა. მასთან მართლაც მივედი და ვანუგეშე, როგორც მოგებულმა წაგებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თან ვუთხარი, რომ კარგი იქნება, თუ მომავალში აღარ იუხეშებს.
- რუსულ პრესაში კი უკვე ჰოლიფილდისთვის ყურის მომჭმელ მაიკ ტაისონს გადარებენ...
- სიმართლე რომ ჩვენს მხარესაა, ეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ხუან კარლოს ბარკოსმაც კარგად დაინახა ვიდეოჩანაწერით. რუსულმა გამოცემებმა კი რაც უნდათ ის მოიგონონ და დაწერონ. მთავარია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები ჩვენია. წაგება რამეს ან ვინმეს ხომ უნდა დააბრალონ.