როგორი საფეხბურთო ცხოვრებაა რუსთავში, რატომ აღარ მოდიოდნენ ტალანტები ამ ქალაქიდან ბოლო წლებში, რა მექანიზემებია ამის გამოსასწორებლად – უპრიანია, რომ ამის შესახებ აუცილებლად რუსთაველ კაცს უნდა გავესაუბროთ, რომელიც კარგადაა ჩახედული ყველა ავან-ჩავანში. ვარლამ კილასონია ზუსტად ასეთია: 46 წლის მწვრთნელი "მეტალურგის" დუბლებს თავკაცობს და ამ გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებმაც გასულ სეზონში კილასონიასვე მწვრთნელობით, საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგა მოიგეს.
ძმების, ვარლამ და გია კილასონიების თამაში ქართველ გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათ. ისინი ლიდერები და ერთგვარი კოლორიტები იყვნენ რუსთავის "მეტალურგში" (შემდეგ "გორდაც" ერქვა), უცხოეთშიც მოასწრეს თამაში. მაგალითად, ერთად იყვნენ სანკტ-პეტერბურგის "ლოკომოტივში". ვარლამ კილასონია რუსეთის პირველი დივიზიონის ბომბარდირი გახდა 1996 წელს, როცა 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა, ერთ-ერთ შეხვედრაში კი რეკორდი მოხსნა – 9:0 მოგებულ შეხვედრაში 7 გოლი (!) გაიტანა. მსგავსი შემთხვევა რუსეთის უმაღლეს თუ პირველ ლიგას არ ახსოვს.
ვარლამ კილასონია: 6 წელიწადია, რაც რუსთავის ჭაბუკთა გუნდებში ვმუშაობ. ეს ბიჭები გაიზარდნენ, 4-5 მათგანი უკვე დუბლებშია და საკმაოდ კარგადაც თამაშობენ. მათ ბავშვობიდან მოვყვები. ჭაბუკთა ლიგაში ჩემპიონები გავხდით, იმ შემადგენლობიდან კი ბევრი დუბლებშია და დარწმუნებული ვარ, ძირითად გუნდშიც მალე გადავლენ. საერთოდ, ქალაქში ფეხბურთის მხრივ გამოცოცხლება იგრძნობა. ლაშა მინდელის მიერ დაფუძნებული კლუბი "რუსთავი" ფუნქციონირებს, თითქმის ყველა ასაკშია გუნდი. ასევე, შეიქმნა კლუბი "შევარდენი", იქაც ახალი ხალიჩა დაიგო.
- 6 ტური გავიდა დუბლების ჩემპიონატში. თბილისის "დინამოა" ლიდერი და მათ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩებით. ჩემპიონობა კარგია, მაგრამ უპირველესი მიზანი, ალბათ, სხვა არის.
- რა თქმა უნდა. არცერთ თამაშზე წასაგებად არ გავალთ, მაგრამ უპირველესი მიზანი ქართული ფეხბურთისთვის კარგი მოთამაშეების გაზრდაა. ეს ბიჭები ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ. შესაძლოა, ყველამ "მეტალურგში" არ გააგრძელოს კარიერა, მაგრამ უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებში ხომ წავლენ. ესაა მიზანი.
- რუსთავიდან 80-იან წლებში და მანამდეც არაერთი ძლიერი ფეხბურთელი დაწინაურებულა. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ... ბოლო წლებში კი ამ მხრივ წყვეტა იყო. რატომ?
- გეთანხმებით და ამ წყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც საუკეთესონი იყვნენ ქალაქში, გარდაიცვალნენ. მწვრთნელების ახალგაზრდა თაობა კი ჯერ მზად არ იყო, ცოდნა და გამოცდილება აკლდათ. იყო პერიოდი, როცა რუსთაველ ფეხბურთელებს იგნორირებას უკეთებდნენ, ვერ ხერხდებოდა ბიჭების დაოსტატება და ისინიც თბილისში გარბოდნენ. ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა: ჩვენს ჭაბუკთა გუნდებში თბილისელი ბიჭებიც დადიან. მაგალითად, ისინიც, რომლებიც წამყვან სკოლებში, "დინამოს აკადემიაში", ან "საბურთალოში" ვერ მოხვდნენ.
- "მეტალურგის" დუბლებიდან ფეხბურთელებს თუ გამოარჩევთ?
- თავს შევიკავებდი. ერთ დროს ეს გუნდი უფრო ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელებით გამოირჩეოდა და შემდეგ გუნდური თამაში დავხვეწეთ. კარგა ხანია, რუსთავში ასეთი თაობა არ წამოსულა. და მაინც, ორ ჭაბუკზე ცალკე ვიტყვი, რადგან ისინი დღეს უკვე "მეტალურგის" ძირითად გუნდში ვარჯიშობენ: შალვა ექვთიმიშვილი და ირაკლი გოგინაშვილი.
- ყველაზე მეტად რა მხრივ, რა კომპონენტში უჭირთ ქართველ ჭაბუკებს?
- უპირველესად, მენტალურად ვერ ყალიბდებიან. შესაძლოა, ეს მწვრთნელების უყურადღებობის ბრალიცაა. ნიჭი ქართულ ფეხბურთში შესამჩნევია. სათამაშო კომპონენტებს რაც შეეხება, ქართველების აქილევსის ქუსლი ყოველთვის იყო ფიზიკური მომზადება. თუმცა, უკეთესობა იგრძნობა. თავადაც ხედავთ, როგორ თამაშობენ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე. ადრე ჯგუფიდან გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ახლა კი პროგრესი აშკარაა.
- თქვენ რუსთავის "ოლიმპს" წვრთნიდით, ძირითად გუნდს. ბევრს ეთაკილება პროფესიონალებიდან ბავშვებსა და ჭაბუკებში გადასვლა, თუმცა სხვაგავარად მოიქეცით.
- იყო წინადადებები სხვადასხვა ქალაქის გუნდებიდან, მათ შორის, უმაღლესი ლიგიდან, მაგრამ საინტერესოდ არ ჩავთვალე. როდესაც "ოლიმპის" ძირითად გუნდს ვწრთნიდი, რუსთავის ჭაბუკებთან მუშაობა მაშინაც არ შემიწყვეტია. მოკლედ, იყო არასერიოზული, უამბიციო გუნდებისგან წინადადებები და შესაბამისად, იქ წასვლის გამო რუსთაველი ჭაბუკების მიტოვება არ მიღირდა. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო.
- თქვენი ძმა, გია კილასონია რას საქმიანობს?
- კარგა ხანია, უცხოეთში ცხოვრობს. საბერძნეთშია. საფეხბურთო სფეროში არ მუშაობს.
- 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდით და ერთ-ერთი გამორჩეული იყავით. დონის მიხედვით, ძალიან დიდი განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონატებს შორის?
- არ მიყვარს, როცა ფეხბურთელი იმ დროს აქებს, როცა თავად თამაშობდა, მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით: 90-იანების დასაწყისში თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც საბჭოეთში გაიზარდნენ, მაშინდელი მომზადების დონე კი მაღალი იყო.