საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჟინვალს ეწვევა.
მინისტრმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, ახალი სპორტული დარბაზი გახსნა, ჟინვალის ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედნები მოინახულა და ადგილობრივ ახალგაზრდებს მათთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გაესაუბრა.
ჟინვალის ახალ სპორტულ დარბაზში, რომელსაც სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რამდენიმე სექციაა გახსნილი. სპორტის სამინისტრომ დარბაზი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოამარაგა, დარბაზს ძიუდოს ახალი ტატამებიც გადაეცა.
დღეისათვის, დარბაზში ძიუდოსა და ჭიდაობაში ტარდება ვარჯიშები, სამომავლოდ კი აქ კალათბურთისა და სპორტის სხვა სახეობების სექციებიც გაიხსნება.
ლადო ვარძელაშვილი: ”ჩვენ საქართველოს ყველა რეგონი, ქალაქი თუ სოფელი უნდა მოვიაროთ და ადგილზე გავეცნოთ იქ არსებულ სიტუაციას. სპორტის სამინისტრო ახორციელებს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ამჯერად ჟინვალის სპორტული დარბაზი გავხსენით და აქ არსებულ სიტუაციას გავეცანით, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს გავესაუბრეთ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ინიციატივით ჩვენ დავიწყებთ რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს. დღეს პირველი ასეთი ხასიათის შეხვედრა სწორედ ჟინვალში გვქონდა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთონ სპორტში, დასაქმდნენ, მიიღონ განათლება და იყვნენ აქტიურები, რისთვისაც მათ ყველანაირ პირობას შევუქმნით”.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური







