ფეხბურთი

2:37 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის ჰეთ თრიქმა “მანჩესტერი” 1/4-ფინალში გაიყვანა

 

ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) პირველი სათამაშო დღე ჰოლანდიელი თავდამსხმელის, მარკო ვან ბასტენის ბენეფისით გამოირჩა – მატჩში, რომელშიც “მილანმა” “გიოტებორგი” 4:0 გაანადგურა, იტალიელთა ვარსკვლავმა 4 გოლი გაიტანა. საიუბულეო, მე-500 სათამაშო დღე კვლავ ჰოლანდიელი თავდამსხმელისა იყო – “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა, რობინ ვან პერსიმ, “ოლიმპიაკოსის” კარში 3 გოლი გაიტანა. “წითელმა ეშმაკებმა” 3:0 მოიგეს და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს.

“მანჩესტერ იუნაიტედს” რომ ცუდი დრო უდგას, ეს “ოლდ ტრაფორდზე” გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა. 3:0 მოგების მიუხედავად, დევიდ მოიესის გუნდის თამაშში არაერთი ხარვეზი შეინიშნებოდა და რომ არა დავიდ დე ხეას გაბრწყინება, დიდი შანსია, ვან პერსის გარჯა უშედეგო ყოფილიყო.

თამაში სტუმართა აქტიურობით დაიწყო და ბერძენი ფეხბურთელები “მანჩესტერის” დაცვას პრობლემებს მთელი თამაშის განმავლობაში უქმნიდნენ, თუმცა გოლის გატანა მათთვის მიუღწეველი მიზანი აღმოჩნდა.

28 იანვრის შემდეგ პირველად, ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ რაიან გიგზი, რომელიც შეცდომებს კი უშვებდა, მაგრამ 40 წლის უელსელმა ლეგენდამ თავისი მაღალი კლასის დამტკიცება მაინც მოახერხა. მე-19 წუთზე, მისი ძალიან ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, რუნიმ თავით დაარტყა და სტუმართა კარი ძელმა იხსნა. 6 წუთში, მოედნის ცენტრიდან გაკეთებული პასის დროს, გიგზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ფეხბურთის თამაში კვლავ შეუძლია. უელსელმა ბურთი საჯარიმოში მყოფი ვან პერსის მიმართულებით გაგზავნა, რასაც ჰოლანდიელის საპენალტედ წაქცევა და მალევე 11 მეტრიდან ზუსტად დარტყმა მოჰყვა.

მიმდინარეობდა პირველი ტაიმის დამატებული წუთი, როდესაც მოედნის ცენტრიდან გიგზმა უკვე რუნი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკენლმა ბურთი ვან პერსის გადააწოდა და ჰოლანდიელმა დუბლი გაიფორმა. გუნდები შესვენებაზე “მანჩესტერისთვის” ხელსაყრელი ანგარიშით გავიდნენ, რადგან საბერძნეთში დაფიქსირებული სხვაობა უკვე გაქარწყლებული იყო.

მასპინძლებმა მე-2 ტაიმის პირველი სახიფათო იერიში გოლად აქციეს. სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ვან პერსიმ მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და შედეგად, ის გახდა “მანჩესტერის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჰეთ თრიქი გაიფორმა.

შეხვედრის დარჩენილმა ნაწილმა “ოლიმპიაკოსის” შეტევებში ჩაიარა, რაც გასაკვირი არ ყოფილა, რადგან გოლი ბერძნებს ჰქონდათ გასატანი. “მანჩესტერმა” კარის მშრალად შენახვა მოახერხა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეცამეტედ გავიდა, რაც “ბაიერნის” შედეგთან ერთად სარეკორდო მაჩვენებელია.

დღის მე-2 მატჩში, მწვრთნელგამოცვლილმა “ზენიტმა” დორტმუნდში კი იბრძოლა, მაგრამ 3 კვირის წინათ დაფიქსირებულმა შედეგმა სანკტ პეტერბურგელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება არ მისცა.

ანგარიში ჰალკის ბრწყინვალე გოლით გაიხსნა. ბრაზილიელმა შემტევმა დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი კარში ისეთი ტრაექტორიით გაგზავნა, რომ ვაიდენფელერის ნახტომმა შედეგი ვერ გამოიღო. “დორტმუნდმა” პირველივე ტაიმში გაათანაბრა. მარცხენა ფლანგიდან შმელცერის ჩაწოდებას კელმა ზუსტი თავური მოაყოლა. 73-ე წუთზე, რონდონმა კრიშიტოს გადაცემა გამოიყენა და “ზენიტი” წინ გაიყვანა. ანგარიშში დაწინაურების მიუხედავად, რუსებს კიდევ 2 გოლის გატანა ჭირდებოდათ. დარჩენილ დროში მათ გერმანელების კარის აღება ერთხელაც ვერ მოახერხეს და როგორც მოსალოდნელი იყო, შემდეგ ეტაპზე “დორტმუნდი” გავიდა.

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა ამჟამინდელი ფორმატით ტარდება (2003 წლიდან), პირველად მოხდა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასულმა ყველა გუნდმა 1/4-ფინალში გააღწია. ესენი არიან: “მანჩესტერი”, პსჟ, “რეალი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “დორტმუნდი”, “ატლეტიკო”, “ჩელსი”. გუნდები მეოთხედფინალისთვის პარასკევს გასამართი წილისყრის დროს დაწყვილდებიან.

 

მანჩესტერი-ოლიმპიაკოსი 3:0 (2:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, რაფაელი, ფერდინანდი, ჯონსი, ევრა, კერიკი, გიგზი, ვალენსია (იანგი 77), რუნი, უელბეკი (ფლეტჩერი 82), ვან პერსი (ფელაინი 90+1).

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი, სალინო (მაჩადო 74), მანოლასი, მარკანო, ჰოლებასი, ნდინგა, მანიატისი, პერესი (ვალდესი 57), დომინგესი, ფუსტერი (ვარგოსი 82), კემპბელი.

მწვრთნელი: მიჩელი.

გოლები: 1:0 ვან პერსი (25, პენ), 2:0 ვან პერსი (45+1), 3:0 ვან პერსი (52).

გაფრთხილებები: კერიკი 10, ევრა 61, ფერდინანდი 90+1 – მანოლასი 6, დომინგესი 10, სალინო 62, მარკანო 90+1.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12 (9)-14 (7), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 4-3, სეივი: 7-6, ჯარიმა: 14-17.

 

დორტმუნდი-ზენიტი 1:2 (1:1)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი (დურმი 77), შაჰინი, კელი, ობამეიანგი (ჰოფმანი 90+1), მხითარიანი (იოიჩი 69), გროსკროიტცი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

ზენიტი (4-2-3-1): მალაფეევი, ანიუკოვი, ჰუბოჩანი, ლომბაერტსი (ნეტო 46), კრიშიტო, ვიტსელი, ფაიზულინი (სმოლნიკოვი 84), ჰალკი, შატოვი, დანი, კერჟაკოვი (რონდონი 62).

მწვრთნელი: სერგეი სემაკი.

გოლები: 0:1 ჰალკი (16), 1:1 კელი (38), 1:2 რონდონი (73).

გაფრთხილებები: ლევანდოვსკი 18, კელი 55, იოიჩი 75 – ლომბაერტსი 23.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 11 (7)-10 (7), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 0-2, სეივი: 5-6, ჯარიმა: 18-14.

0.358655