კატალონიური “ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის გამოცვლას აპირებს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა საფრანგეთის პირველ ლიგაში აღზევებულ “მონაკოს”.
31 წლის მეკარეს ესპანეთის ჩემპიონთან მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება და მის გაგრძელებაზე უარი უკვე განაცხადა. სწორედ ამით გახდა ცხადი, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ის ახალ გუნდში გადავიდოდა.
Aშ-ის ინფორმაციით, ვალდესის შეძენის მთავარი პრეტენდენტი სწორედ “მონაკოა”. ცნობილი გახდა, რომ შაბათს ფეხბურთელის აგენტი ჰინეს კარვახალი სამეფოს ეწვია და კლუბის წარმომადგენლებთან შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა. შესაძლო შეთანხმების ფინანსური მხარე ჯერ არ ხმაურდება.
“ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა მეკარემ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაუშვა და თითო-თითო ყვითელი და წითელი ბარათი მიიღო.